ალტისტმა ელენე გოგოძემ მსმენელს სადებიუტო ვოკალური ნაწარმოები წარუდგინა. „იოტა” ვოკალური ოქტეტია, რომლის შთაგონების წყაროც ქართული მითოლოგიის პერსონაჟები – ბატონები გახდნენ. მუსიკოსის თქმით, ნაწარმოები სწორედ 8 ბატონისთვის დაიწერა, თუმცა განსხვავებული მიზნით – ის საქართველოში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ელენე გოგოძე:
„იოტა” მთლიანად ქართულ ფოლკლორზეა აგებული – როგორც ტექსტი და მუსიკა, ასევე ქორეოგრაფიაც. ინსპირაცია იყო ქართული მითოლოგიის პერსონაჟები, ბატონები – ქალღმერთ ნანას ქალიშვილები, რომლებიც ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაზე აგებენ პასუხს. როდესაც ადამიანი დაავადდებოდა, ხალხს სჯეროდა, რომ ბატონები ესტუმრნენ. ამ სულების პატივსაცემად ოჯახები ატარებდნენ რიტუალებს, რთავდნენ სახლს და ცეკვავდნენ ფერხულს. ამ რიტუალის მიზანი იყო ბატონებისთვის ჩვენება, რომ არიან კარგი მასპინძლები. მათი სიყვარულისა და პატივისცემის შემდეგ კი ბატონები წაიღებდნენ დაავადებებს და დაუბრუნებდნენ ოჯახს ჯანმრთელობას და მშვიდობას.
„იოტაში” ჩემი ბატონები მსგავს რიტუალს ასრულებენ, მაგრამ ამჯერად ავ თვალთან ბრძოლის შელოცვის სახით. ნაწარმოების წერა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე დავიწყე, ხუმრობით, იმ იმედით, რომ ის ჩვენს ქვეყანას „ავი თვალისგან” გაათავისუფლებდა. თუმცა არჩევნები გაყალბდა და მას მოჰყვა ტრაგიკული ერთთვიანი პროტესტი, სადაც ქუჩები გახდა ჩვენი სცენა, ხოლო სასტვენები – ჩვენი ინსტრუმენტები. ამ მოვლენების შემდეგ „იოტას” კიდევ უფრო სხვა თვალით შევხედე. მასში ბატონები ქალური სიძლიერის სიმბოლოდ იქცნენ, რომლებიც ზეციერსა და მიწიერს შორის ლივლივებენ. მათ, როგორც უნაკლოებსა და ზეციერებს, აცვიათ თეთრები, მაგრამ ასევე ატარებენ გაზის ნიღბებს, როგორც ჩვენ, მომიტინგეები, რადგან მათაც ისევე სტკივათ ჩვენი ტკივილი, როგორც ჩვენ. პროექციაზე კი გადის აქციის ვიდეოები და ამონარიდები საქართველოს კონსტიტუციიდან თავისუფლების შესახებ.”
„იოტა” ნაწილია პროექტისა, სახელწოდებით „პროტესტი”, რომლის ფარგლებშიც კონსერვატორიის სტუდენტები ონლაინ პლატფორმაზე თავიანთ ინსტალაციებს წარმოადგენენ.
მოუსმინეთ ელენე გოგოძის ნაწარმოებს „იოტა”: