ქართველი არტისტი ლიზა ყენია, სასცენო სახელწოდებით Elizabeth Frisky, ახალ მუსიკალურ ვიდეოს ავრცელებს. Treasure – ასე ჰქვია არტისტის ახალ ნამუშევარს, რომელზეც გადაღებული კლიპი 18 იანვარს გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი და ბიტის ავტორი არის ქართველი არტისტი Saint Junkie.
როგორც ლიზა ყენია ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, კლიპზე ფიქრი იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც სიმღერის ჩაწერა დასრულდა. მუსიკოსის თქმით, თავიდანვე სურდა, რომ კლიპი დინამიკური და, ამავდროულად, მუსიკასა და სიმღერის იდეასთან ჰარმონიაში ყოფილიყო.
Elizabeth Frisky (ლიზა ყენია):
„სიმღერა ჩემთვის გამორჩეულია იდეით, რომელსაც ის ატარებს. ამ ნამუშევრით, მსურს ადამიანებს შევახსენო, რომ მატერიალური კეთილდღეობის „ქაოსში“ პიროვნება არ უნდა დაიკარგოს. ეს სიმღერა ერთგვარი შეხსენებაა ადამიანებისთვის, რომ ისიამოვნონ მომენტით და იყვნენ მადლიერები იმით, რაც დღეს აქვთ.“
ლიზა ყენიას თქმით, კლიპზე მუშაობის პროცესი საინტერესო, მხიარული და თავგადასავლებით სავსე იყო.
„ვფიქრობდი, რომ დაველოდებოდი მომენტს, როცა მექნებოდა ფინანსური რესურსი, რომ გადამეღო ძვირადღირებული ვიდეო, თუმცა ჩემი მსმენელის ინტერესმა გამახსენა ის, რომ მთავარი კლიპის სიმდიდრე არ არის, არამედ არის მუსიკა და ტექსტი. მთავარი ის ემოციაა, რაც ჩავდე. აუდიტორიის მხრიდან ინტერესი დიდი იყო, და ამან მიბიძგა, კლიპის გადაღება სპონტანურად დამეგეგმა. ერთ საღამოში და ერთ დღეში მოვახერხეთ გადაღება, ნიუ იორკში ყველაზე ცივ დღეს ამ ზამთარში. გადაღებაში დამეხმარა ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების მიერ ამერიკაში დაფუძნებული ფროდაქშენ კომპანია – Geoproduction. კლიპი გადაიღო და დაამონტაჟა ირაკლი ფაჩულიამ. ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშავე. მუსიკის ავტორია ქართველი არტისტი Saint Junkie, რომელთან არაერთ ტრეკზე მუშაობისას მითანამშრომლია და კოლაბორაციას მომავალშიც ვგეგმავთ,” – აღნიშნავს ლიზა ყენია.
ლიზა ყენიამ პროექტით Elizabeth Frisky, წელიწადნახევარში ცამეტი სიმღერა გამოუშვა. მათგან ხუთი არტისტმა მუსიკალურ კლიპებთან ერთად გამოუშვა. როგორც Billboard Georgia-სთან ინტერვიუში ლიზა აღნიშნავს, მომავლისთვის კიდევ მრავალ სიმღერას და კლიპს წარადგენს. ლიზა ყენია ამჟამად ელექტრონული მუსიკის მიმართულებითაც მუშაობს და სამომავლოდ მსმენელი ჰაუსის ჟანრში არაერთ პერფორმანსს მოისმენს, რაც ხშირად იქნება გაჯერებული მისი ვოკალით. როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში, ლაივებიც იგეგმება, სადაც აუდიტორიის წინაშე ლიზა ყენია DJ Frisky-ს სახელით წარდგება .
Elizabeth Frisky (ლიზა ყენია):
„ჩემი სამომავლო გეგმები ყოველთვის მუსიკასთან არის დაკავშირებული. მინდა, რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ნაწარმოები შევქმნა და ჩემმა მუსიკამ ადამიანებს ძალა და მოტივაცია მისცეს.“