ბაჩა მძინარაშვილი – ბერკლის კოლეჯის პირველი ქართველი სტუდენტი საკუთარ შემოქმედებასა და ქართულ-ამერიკულ კარიერაზე

„მსმენელისგან გამიგონია, რომ ჩემს კომპოზიციებში ქართული ჰარმონია ან მელოდიაც ესმით. ჩემი სამომავლო გეგმაა, რომ ქართული ფოლკლორი კარგად შევისწავლო.”
ბაჩა მძინარაშვილი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯაზმუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი ბაჩა მძინარაშვილი უკვე 16 წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს. საქართველოდან 2009 წელს წავიდა და პირველი ქართველი სტუნდენტი გახდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ, ბერკლის სამუსიკო კოლეჯში ჩაირიცხა. მისი ამერიკული ცხოვრება და კარიერაც სწორედ აქედან იწყება. 

საკუთარ ისტორიასა და შემოქმედებაზე ქართველი მუსიკოსი Billboard საქართველოს ესაუბრა.

ბაჩა მძინარაშვილი:

„2007-2008 წლები იყო, როცა ამერიკაში სწავლა გადავწყვიტე. იმ დროს ეს ძალიან არარეალური მიზანი ჩანდა, რადგან არც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე ამის შესაძლებლობა მომეცემოდა. ბერკლი წამყვანი სამუსიკო სკოლაა მთელ მსოფლიოში, იმ დროს კი იქ არც ერთი ქართველი სტუდენტი არ სწავლობდა, შესაბამისად, არავინ იყო, ვისაც მცირედი დახმარების გაწევა ან ინფორმაციისა და რჩევის მოცემა შეეძლო. გამოცდების ჩასაბარებლად გერმანიაში ჩავედი. მაშინ ენის პრობლემა მქონდა, გამოცდებს კი თავად ბერკლის პროფესორები იბარებდნენ. მახსოვს, მათ ვუთხარი, თუ ბერკლიში მოვხვდებოდი, პირობას ვდებდი, რომ ინგლისურს კარგად ვისწავლიდი. კარგად მახსოვს ერთ-ერთი პროფესორის პასუხიც, რომელსაც გაეცინა და მითხრა: I’m sure you will (დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება). ამის შემდეგ თბილისში დავბრუნდი, რამდენიმე კვირაში კი მომივიდა წერილი, რომ ბერკლიში ჩავირიცხე, თანაც, თანადაფინანსებით, რათა იქ სწავლის ხარჯები შეემსუბუქებინათ. დარჩენილი თანხა კი საქართველოს საპრეზიდენტო ფონდმა გამოყო, რადგან ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა ქართველმა სტუდენტმა ბერკლის კოლეჯში ჩაბარება მოახერხა.”

მუსიკა მის ცხოვრებაში ადრეულ ასაკში გაჩნდა. ბავშვობაში მოსმენილმა ჩანაწერებმა მკაფიოდ განსაზღვრა მისი მომავალი კარიერა. მუსიკოსები კი, რომელთა შემოქმედებითაც ჯაზს ეზიარა, დღემდე რჩებიან მის შთაგონების წყაროდ. 

„დაწყებით კლასებში ვიყავი, როცა მამაჩემს ჩემთვის კლასიკური ჯაზის ჩანაწერები მოჰქონდა – ოსკარ პეტერსონის, როი ელდრიჯის, ქაუნთ ბეისის და სხვა ლეგენდარული მუსიკოსების. ამ ჩანაწერებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე და სწორედ მათ შეცვალეს ფუნდამენტურად ჩემი ცხოვრება და მუსიკისადმი დამოკიდებულება. 

იმ დროს მარტივი არ იყო მუსიკაზე წვდომა, არ არსებობდა „იუთუბი” და სტრიმინგ პლატფორმები, შესაბამისად, ინფორმაციულად შეზღუდული ვიყავით. ჩემს მაშინდელ ხელოვნებათმცოდნეობის მასწავლებელს, რომელსაც რადიოში მეგობრები ჰყავდა, ვთხოვე, რომ კონკრეტული პერიოდის ჯაზის ჩანაწერები მოეწოდებინა. მართლაც, ერთი კვირის შემდეგ დისკებით სავსე პარკი მომიტანა, სადაც 40-იანი წლებიდან დაწყებული, თანამედროვეობით დასრულებული, უამრავი ცნობილი ალბომი იყო. ამ ფაქტს ჩემთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს. პირველი დისკი, რომელიც ჩავრთე, ბილი კობემის ალბომი იყო. როგორც კი „ფლეის” დავაჭირე და კობემის დრამის ხმა გავიგონე, სწორედ იქ მივხვდი, რომ ჩემი მუსიკალური სამყარო სულ სხვა რეალობაში გადავიდა. ამ კოლექციამ უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გავიცანი მაილს დევისი, ჰერბი ჰენკოკი, როი ჰერგოვი, ბილ ევანსი და დავრწმუნდი, რომ სწორედ მუსიკა უნდა გამხდარიყო ჩემი ცხოვრება, ეს მუსიკოსები კი ჩემს შთაგონების წყაროდ იქცნენ. მათ ალბათ ყველაზე კარგად შეძლეს იმ თავისუფლების გაზიარება, რომელიც ჯაზს ახასიათებს, შექმნეს საკუთარი ინდივიდუალური მუსიკალური ენა, სტილი და ჟღერადობა, რომელიც გახდა შემდგომი თაობების ინსპირაცია და, ასე ვთქვათ, ლიტერატურა. 

და, სხვათა შორის, როცა ბერკლიში სწავლა დავიწყე, კარგ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი იმას, რაც იქ ჩემს თავს ხდებოდა – ის ლეგენდები, ვისაც მე ბავშვობაში რადიოდან მოცემულ ჩანაწერებში ვუსმენდი, ყოველდღიურად დერეფნებსა და აუდიტორიებში მხვდებოდნენ. ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო.” 

დღეს ბაჩა მძინარაშვილი საკუთარ მუსიკას ქმნის და აქტიურად მართავს კონცერტებს როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ანშლაგით ჩაიარა მისმა ბოლო საღამოებმა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლუბ Ronnie Scott-სა და ნიუ-იორკის Birdland Jazz Club-ში. გამოცემული აქვს ალბომი The Smile, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, მათ შორის არიან გრემის ნომინანტები: საქსოფონისტი მაირონ უოლდენი და დრამერი კორინ ფონვილი, ასევე გრემის მფლობელი მესაყვირე დარენ ბარეტი, რომელიც ბერკლიში სწავლის დროს ქართველი მუსიკოსის მენტორი იყო და მის არაერთ სხვა პროექტშიც მონაწილეობს. გასულ წელს კი ბაჩამ ასევე მეგობარ მუსიკოსებთან ერთად ახალი EP გამოსცა.

„რამდენიმე თემა გავაერთიანე და დეკემბერში EP-ის სახით გამოვეცი, რომელიც Bunker Studio-ში ჩავწერე. მასში მონაწილეობა მიიღეს ჩემთვის ძალიან საყვარელმა და ამავდროულად, ჯაზის წამყვანმა მუსიკოსებმა, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ესენი არიან მაირონ უოლდენი, იასუში ნაკამურა და კორინ ფონვილი.

ზოგადად, ჩემს მუსიკაში უდიდესი ადგილი უჭირავს 40-იან წლებში შექმნილ მიმდინარეობა bebop-ს, რომელსაც ჩარლი პარკერმა და დიზი გილესპიმ ჩაუყარეს საფუძველი. ეს ენა ჯაზში არის, როგორც „აი, ია”. ჩემი მუსიკის ძალიან დიდი ჰარმონიული სტრუქტურა დგას ასევე ბლუზზე. ვცდილობ, გამოვიყენო მრავალფეროვანი რიტმები, რომელთა შთაგონებასაც აფრო-კუბური, ბრაზილიური და კარიბული კულტურებიდან ვიღებ. ვცდილობ, მუსიკის საშუალებით ჩემი განცდები გამოვხატო. მინდა, რომ ჩემი მუსიკა იყოს მხიარული, რიტმული და მელოდიური. მუშაობისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დრო ჩერდება და მოგზაურობაში მივდივარ. თუმცა პროცესში არაერთი სირთულეც მხვდება და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა მიწევს. 

სხვათა შორის, მსმენელისგან გამიგონია, რომ ჩემს კომპოზიციებში ქართული ჰარმონია ან მელოდიაც ესმით. უშუალოდ შემოქმედებით პროცესში განზრახ არ ვფიქრობ ხოლმე კონკრეტული ელემენტების გამოყენებაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ქართული გავლენა მაინც იგრძნობა. ზოგადად, ჩემი სამომავლო გეგმაა, რომ ქართული ფოლკლორი კარგად შევისწავლო.”

ამერიკაში ცხოვრების მიუხედავად, ბაჩა მძინარაშვილი არ კარგავს კავშირს საქართველოსთან. ხშირად სტუმრობს სამშობლოს, მართავს კონცერტებს და აქტიურად ზრუნავს ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე. მეგობარ გია ტყებუჩავასთან ერთად დააარსა კომპანია Lyra Entertainment, რომელიც ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთ კონცერტების ორგანიზებითაა დაკავებული. მათი შემდეგი პროექტი ნინო ქათამაძის კონცერტია, რომელიც 16 აპრილს აშშ-ში, Jazz at Lincoln Center-ში გაიმართება. 

„მუდმივი ურთიერთობა მაქვს საქართველოში მცხოვრებ მუსიკოსებთან და როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის ვახერხებ მათთან ერთად დაკვრას. წელსაც მქონდა კონცერტი დაგეგმილი, რომელზეც ჩემი ამერიკული ბენდის ჩამოყვანას ვაპირებდი, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ეს კონცერტი გავაუქმე. ვფიქრობ, საქართველოში მუსიკის ხარისხი ძალიან განვითარდა. უამრავი საინტერესო მუსიკოსი გამოჩნდა, ბევრი საინტერესო და გემოვნებიანი პროექტი თუ ალბომი იქმნება და ჯაზსივრცეებში სრულდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდება. და რადგან საქართველოს შევეხეთ, დავამატებ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მუსიკოსები ძალიან რთულ პერიოდს გადიან, რადგან მათი შემოსავლის წყარო, რაც არის კონცერტები, გაჩერებულია. ეს ადამიანები კი ძალიან მამაცურად და ღირსეულად უმკლავდებიან ამ ყველაფერს.” 

საქართველოსთან მიმართებით ბაჩა მძინარაშვილს კიდევ არაერთი გეგმა აქვს, მათ შორის არის ჯაზაკადემიის გახსნა ნიუ-იორკში, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს იქ სწავლისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მისცემს და რომლითაც უკვე წარმატებული ქართველი მუსიკოსი ახალგაზრდებს იმ გზის გავლაში დაეხმარება, რომელიც პირველმა სწორედ მან გაკვალა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard France – Billboard-მა ახალი გამოცემა წარადგინა

Billboard France – Billboard-მა ახალი გამოცემა წარადგინა

შემდეგი სტატია

სელენა გომესი ბენი ბლანკოსთან თანამშრომლობით შექმნილ ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი