ნატალია ნაყოფიამ სიმღერების Can’t Wait და Carry On ლაივ სესიების ვიდეოები გამოაქვეყნა. Can’t Wait მომღერალმა ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერა. როგორც ნატალია ნაყოფია Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ეს სიმღერა ლაივ სესიის ფორმატში ჩასაწერად მან და ნიკოლოზ რაჭველმა ერთად შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა. ამავე სესიის ფარგლებში ჩაიწერა Colchis, რომელიც ნატალია ნაყოფიამ 2024 წლის სექტემბერში გამოუშვა. ვიდეოები Leno Records-ის სივრცეშია გადაღებული.
ნატალია ნაყოფია:
„მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ძალიან რთულია ამდენი მუსიკოსი ერთ სარეპეტიციო სივრცეში გაერთიანდეს, ამიტომ ჩვენ ყველა – ნიკოლოზ რაჭველი, ორკესტრი და მე ჩემს ბენდთან ერთად – ცალ-ცალკე ვემზადებოდით ჩაწერისთვის. როცა სტუდიაში ჩასაწერად მივდიოდით, ყველა მზად უნდა ყოფილიყო, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანი გამოცდილებაც. ჩაწერის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. დიდი ბედნიერებაა, რომ ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრთან მუშაობის გამოცდილება მომეცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მომენტი, როცა შენი მუსიკა შენ თვალწინ გარდაიქმნება და ამ პროცესში ასეთი მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას. უნდა აღვნიშნო გადამღები ჯგუფი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით ძალიან კომფორტული გარემო შექმნა ჩვენთვის. ვიდეოს შემოქმედებითი ნაწილი, მისი მხატვრული ვიზუალი, სწორედ ამ ჯგუფის პროფესიონალიზმის დამსახურებაა.“
კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ნატალია ნაყოფიამ ახლახან წარადგინა, სიმღერის Carry On ლაივ სესიის ჩანაწერია. Carry On მომღერალმა თავის ბენდთან ერთად ჩაწერა. როგორც ნატალია ნაყოფია ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამავე დღეს კიდევ ერთი სინგლის ლაივ სესიის ვიდეო ჩაიწერა, რომელსაც მსმენელს მალე გაუზიარებს.