8 მარტს, კანიე უესტმა სოციალურ ქსელში ღონისძიებების სერიის, Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა.
„Sunday Service 2025 წლის 16 მარტს ბრუნდება,“ – დაწერა რეპერმა ინსტაგრამ სთორიში და Sunday Service-ის გუნდის ხელმძღვანელ ჯეისონ უაითთან მიმოწერის სქრინი გამოაქვეყნა.
Sunday Service-ის დაანონსებიდან რამდენიმე საათში, რეპერმა, რომელიც ბოლო დროს სკანდალური კომენტარებითა და ანტისემიტური განცხადებებით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში კუ-კლუქს-კლანის თეთრი მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა, აღწერით – „დღის ლუქი.”
Sunday Service-ის სერია კანიე უესტმა 2019 წლიდან დაიწყო. ღონისძიება ხშირად პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა და სხვადასხვა ქალაქში გოსპელ გუნდების გამოსვლას მოიცავდა. მათ შორის: ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, დეტროიტში, ჰიუსტონში, სოლტ-ლეიქ სიტიში და ვაშინგტონში.
სპირიტუალურ ასპექტებზე დაფუძნებული პროექტი Jesus Is Born, რომელიც Sunday Service-ის გუნდს ეკუთვნის, 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა და Billboard-ის Top Gospel ალბომების ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.
კანიე უესტი სკანდალური განცხადებებით ხშირად იჩენს თავს. 6 მარტს, პლატფორმა X-ზე რეპერმა დაწერა: „ჩემს ახალ ალბომს ანტისემიტური ჟღერადობა აქვს. ამ ახალ ჟღერადობას კი ანტისემიტიზმი ჰქვია.”
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს განცხადებები მისი ახალი ალბომის, Bully-ის გამოსვლას, რომელიც კანიე უესტმა 2025 წლის დასაწყისში დააანონსა.
თებერვალში რეპერმა მორიგი ანტისემიტური განცხადებები გააკეთა და ჰიტლერისადმი სიმპათიაც გამოხატა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ნეონაცისტი არ არის.
ცოტა ხნის წინ კასტინ ლაბოისთვის მიცემულ ინტერვიუში კანიემ აღიარა, რომ მას აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD) დაუდგინეს.