Starring Georgia 2025 წლის სეზონის მეორე არტისტს აანონსებს. 27 აგვისტოს ქართველი მსმენელის წინაშე ავსტრალიური ბენდი Empire of the Sun წარდგება. გლასტონბერის, კოაჩელასა და Lollapalooza-ს ჰედლაინერი ჯგუფი კონცერტს Black Sea Arena-ს ეზოში მდებარე Front Stage-ზე გამართავს.
ლუკ სტილისა და ნიკ ლიტლმორის დუეტი პირველად 2008 წელს გამოჩნდა სადებიუტო ალბომით Walking on a Dream და მალევე მოიპოვა მსმენელის სიყვარული. ალბომში შემავალი ჰიტები Walking on a Dream და We Are the People კი მათი წარმატების დასაწყისი გახდა. თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრით ცნობილი ბენდი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
სხვადასხვა დროს ჯგუფის წევრები ცნობილი პროექტების, Pnau-სა და The Sleepy Jackson-ის უკან იდგნენ, შესაბამისად, მათ დისკოგრაფიაში ელექტრონული მუსიკის, როკისა და ელექტროპოპის გავლენებს ვხვდებით. სამი წარმატებული ალბომის შემდეგ Empire of the Sun-მა გასულ წელს ახალი სტუდიური ჩანაწერი – Ask That God გამოსცა და მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა. სწორედ ტურნეს ფარგლებში ეწვევა ბენდი საქართველოსაც.
ბილეთების გაყიდვა 14 მარტს, 10:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყება. Starring Card-ის მფლობელებს კი შესაძლებლობა აქვთ, Pre Sale-ით ისარგებლონ და ბილეთები ერთი დღით ადრე, 13 მარტს, 09:00 საათზე შეიძინონ.
შეგახსენებთ, რომ Starring Georgia, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2025 წლის სეზონს იწყებს, რომელსაც 30 მაისს ლეგენდარული Guns’N Roses გახსნის.