2024 წლის 3 ნოემბერს, სოხუმის თეატრსა და თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციას (International Association of Theatre Leaders) შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება მიზნად ისახავს საერთაშორისო ქსელის გაფართოებას, ინოვაციური პროექტების განხორციელებაში მონაწილეობასა და თეატრის პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 27 და 28 მარტს, სოხუმის თეატრში თემაზე: „თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“, ორდღიანი სამუშაო სემინარი გაიმართება, რომელსაც კულტურული მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, დოქტორი რალუკარადოი გაუძღვება.
რალუკა რადიო რუმინეთის კულტურის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მომზადებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორია – Culturadata, სადაც ასევე ასწავლის კულტურის მენეჯმენტსა და მარკეტინგს კულტურის პროფესიონალებისთვის. 2022 წლიდან ის თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის [IATL] პიარისა და კომუნიკაციების მენეჯერია.
სამუშაო სემინარი მოიცავს თემებს ბრენდისა და ბრენდინგის კონცეფციების შესახებ, როგორც ინტეგრირებულ მიდგომას ნებისმიერი თეატრის საჯარო იმიჯის შექმნაში; მონაწილეებს კი აუცილებელ რეკომენდაციებს მიაწვდის მაყურებელთან ძლიერი ემოციური კავშირების გასამყარებლად. თეატრალური კომპანიები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ძლიერი ბრენდის შექმნაზე, არა მხოლოდ უფრო ცნობილები ხდებიან, არამედ საზოგადოებისთვის მეტად დასამახსოვრებლებიც, რაც საშემსრულებლო ხელოვნების მუდმივად ცვალებად სფეროში მათი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობას უზრუნველყოფს.
სემინარის ჩატარების ადგილი: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მის: დ. უზნაძის N68.
თარიღი: 27 მარტი, 13:00-15:00 სთ. 28 მარტი, 16:00-18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია იხ. სოხუმის თეატრის ფეისბუქ გვერდზე. დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია. სამუშაო სემინარში მონაწილეობისთვის მოგვწერეთ: management@sokhumitheatre.ge