თითქმის 10 წელია, ქართულ მუსიკალურ სივრცეში FlowFlow Magazine გამოჩნდა და იმ პლატფორმად იქცა, რომელმაც საქართველოში ჰიპ-ჰოპის კულტურა მნიშვნელოვნად შეცვალა. FlowFlow-ს ყველაზე წარმატებული პროექტი რეპ ბეთლებია. ბეთლებზე აუდიტორია განსაკუთრებული ჩართულობით გამოირჩევა. შესაძლოა, პირველად მოხვდე ამ სივრცეში, მაგრამ მაშინვე პროცესის სრულფასოვანი მონაწილე ხდები – ირჩევ ფავორიტ შემსრულებელს, გულშემატკივრობ და თუ ჟიური მას ბეთლის გამარჯვებულად არ დაასახელებს, პროტესტსაც გამოხატავ.
რეპ ბეთლების სეზონები სამი ივენთისგან შედგება – მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი. მონაწილეობს 8 არტისტი, რომლებსაც FlowFlow-ს გუნდი თავად არჩევს. მსურველები ჰეშტეგებით პოსტავენ ვიდეოებს, საიდანაც, საბოლოოდ, სეზონზე რჩეულები ხვდებიან. ამჟამად ღონისძიებები Mono Hall-ში ტარდება და ბილეთები ივენთამდე რამდენიმე დღით ადრე სრულად იყიდება.
FlowFlow თავდაპირველად აკაპელა რეპ ბეთლებს აწყობდა, რაც ნიშნავდა, რომ მონაწილეები ინსტრუმენტალის (ბითის) გარეშე რეპავდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბეთლი BPM ფორმატზე გადავიდა, სადაც რეპერებმა თავიანთი ტექსტი ბიტის რიტმს უნდა მოარგონ.
FlowFlow-ს რეპ ბეთლებს თავისი დაუწერელი წესები აქვს. შესაძლოა, ახალი მაყურებლისთვის ეს უცნობი იყოს, მაგრამ მონაწილეები თავადვე თანხმდებიან იმაზე, რა ზღვარი არ უნდა გადაილახოს. FlowFlow-ს გუნდი ამაში არ ერევა. უცენზურო სიტყვები, რა თქმა უნდა, ისმის – ამის გარეშე რეპ ბეთლი წარმოუდგენელია, მაგრამ ე.წ. წითელ ხაზებს არტისტები თავად განსაზღვრავენ.
თავიდანვე იდეა იყო, რომ ბეთლების ვიდეოები გადაღებულიყო და YouTube-ზე გავრცელებულიყო, თუმცა FlowFlow Magazine-ის დამფუძნებლები პლატფორმას არასდროს აპოზიციონირებდნენ, როგორც YouTube პროექტს. FlowFlow იყო და არის სივრცე, რომელმაც აღმოაჩინა ახალი არტისტები, მსმენელს ქართული რეპი შეაყვარა და ერთგვარი ქომიუნითი ჩამოაყალიბა.
FlowFlow-ს პლატფორმის შექმნის იდეა 2016 წელს გაჩნდა. გიორგი რუსიასა და ნიკა ქუთელიას თავიდან ჰიპ-ჰოპ ვიდეოჟურნალის შექმნა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ორივე მათგანი ჰიპ-ჰოპ ქომიუნითის წევრი იყო და მუსიკალურ სივრცეებში ბევრი მსმენელიც ჰყავდათ. ქომიუნითის წევრი იყო ლუკა ზარქუაც, რომელიც იმ დროს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ მოცეკვავე იყო. როგორც აღმოჩნდა, ნიკას, გიორგის და ლუკას ერთი და იგივე იდეა ჰქონდათ – რეპ ბეთლების პროექტი დაეწყოთ.
ლუკა ზარქუა:
„აღმოჩნდა, რომ მე ის რესურსი მქონდა, რაც გიორგის და ნიკას არ ჰქონდათ, ხოლო მათ ის ჰქონდათ ის, რაც მე მაკლდა. ერთი ქომიუნითის წევრები ვიყავით, ვმეგობრობდით და რესურსებით ვუვსებდით ერთმანეთს. გადავწყვიტეთ, გავერთიანებულიყავით და ეს იდეა რეალობად გვექცია. თავიდან არც კი ვიცოდით, როგორ უნდა გაგვეკეთებინა. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ის იყო, რომ არ გვქონდა გარანტია, არტისტები დაგვთანხმდებოდნენ თუ არა.”
რეპ ბეთლების ორგანიზება დიდ რესურსს მოითხოვს, მაგრამ დამფუძნებლები ყველაფერს ენთუზიაზმით, ყოველგვარი სპონსორების ან დაფინანსების გარეშე აკეთებდნენ. სპონსორის შოვნას იმდროინდელი გარემო და კომპანიების ხედვაც ართულებდა. იმ პერიოდში საქართველოში კომპანიების მხრიდან არტ პროექტების დაფინანსების პრაქტიკა ფაქტობრივად არ არსებობდა. სოციალური ქსელებიც არ იყო სარეკლამო სივრცე – ბიზნესი სატელევიზიო რეკლამაზე იყო ორიენტირებული.
გიორგი რუსია:
„ივენთებს სრულიად საკუთარი რესურსით ვაფინანსებდით. კამერებიც კი ტექნიკური უნივერსიტეტიდან გვქონდა ნათხოვარი. მცირე რესურსის გამო ბევრს ვწვალობდით. დაზღვევის მიზნით ხმას დამატებით რეკორდერით ვიწერდით. აუდიტორია როგორ მიიღებდა, ესეც გაურკვეველი იყო. მახსოვს, პირველი ბეთლის გამოქვეყნების დროს FlowFlow-ს პლატფორმაზე 3000-მდე გამომწერი გვყავდა. დაახლოებით ერთ კვირაში ვიდეოს 20 000-ზე მეტი ნახვა სრულიად ორგანულად ჰქონდა, ყოველგვარი რეკლამის გარეშე.
FlowFlow-ს ყველაზე რთული პერიოდი მეორე სეზონის შემდეგ დადგა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი აუდიტორიაში სულ უფრო პოპულარული ხდებოდა, სპონსორები მაინც არ ჩანდნენ.
ლუკა ზარქუა:
„მეორე სეზონის შემდეგ, როცა გავაცნობიერეთ, რომ პროექტი მთლიანად ჩვენს ენთუზიაზმზე იდგა, უკვე დაღლილობას ვგრძნობდით. ამან ჩვენ შორის დაძაბულობაც შექმნა. დადგა მომენტი, როცა დავილაპარაკეთ და ვთქვით, რომ დრო იყო, პროექტისთვის თავი დაგვენებებინა, სანამ ეს დაძაბულობა ჩვენს მეგობრობაზე აისახებოდა. მიუხედავად ამ პოზიციისა, ერთმანეთს ის ღამე მოსაფიქრებლად მივეცით, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მეორე დღეს მიგვეღო. დაფიქრების შემდეგ ყველა ერთ აზრამდე მივედით – ამ ამბავში იმდენი რესურსი გვქონდა ჩადებული, რომ აღარ გვემეტებოდა, ასე მარტივად მიგვეტოვებინა. გადავწყვიტეთ, კომერციული მოლოდინები გვერდზე გადაგვედო და ის გაგვეკეთებინა, რაც გვიყვარდა და რაც სიამოვნებას გვანიჭებდა. თანაც, მივხვდით – ამ პროექტის დახურვა ჩვენი მხრიდან ერთგვარი დანებება იქნებოდა და ეს არ გვინდოდა. ალბათ, ეს იყო ჩვენთვის და FlowFlow-ს ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტი მომენტი. დროთა განმავლობაში გამოვიმუშავეთ გარკვეული უნარები – ვისწავლეთ, როგორ აგვერიდებინა და მოგვეგვარებინა პრობლემები.”
მხარდამჭერის შოვნის შემთხვევაშიც კი, პროექტის დამფუძნებლებისათვის თავდაპირველი ხედვის შენარჩუნება იყო მნიშვნრლოვანი. როგორც FlowFlow Magazine-ის გუნდი იხსენებს, თანამშრომლობაზე უარის თქმა თავადაც არაერთხელ მოუწიათ, რადგან იყო პერიოდები, როცა დაინტერესებულ კომპანიებს იდეის და კონცეფციის სრულად შეცვლა და თავისებურად წაყვანა სურდათ.
„ვხვდებოდით, რომ უბრალოდ მოკლავდნენ ამ პროექტს და აღარ იქნებოდა ის პლატფორმა, რაც ჩვენ შევქმენით და რაც, რეალურად, ხალხს მოსწონდა “ – ამბობს გიორგი რუსია.
დროსთან ერთად გუნდის ისეთი წევრის საჭიროება გამოიკვეთა, რომელიც კომპანიებთან კომუნიკაციას თავის თავზე აიღებდა, გარკვეულ ორგანიზებას გაუწევდა პროექტს.
ლუკა ზარქუა:
„ასე, სრულიად შემთხვევით, გავიცანით გიგუნა კვეტენაძე. მიუხედავად იმისა, რომ თავიდაც ამ თანამშრომლობას სკეპტიკურად ვუყურებდით, დღეს გიგუნა ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრია, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა პლატფორმისთვის. ფაქტობრივად FlwoFlow-სთვის ახალი ეტაპი სწორედ გიგუნას მოსვლით დაიწყო. მისი მისვლის შემდეგ გადავედით აკაპელადან BPM ფორმატზე, რომელიც რესურსობრივად და ტექნიკურადაც მეტად რთულია. ამჟამად სპონსორების სახით გვყავს დიდი კომპანიებიც. ჩვენი მთავრი წარმდგენია Croco, ახლახან Subway-ც შემოგვიერთდა.”
ამჟამად FlowFlow-ს გუნდში ისეა გადანაწილებული მოვალეობები, რომ ყველა თავისი უნარებით უნიკალურ რესურსს წარმოადგენს პლატფორმისათვის. „გარდა იმისა, რომ პარტნიორები ვართ, ძალიან ახლო მეგობრობა გვაკავშირებს და ამით ვეწინააღმდეგებით იმ აზრს, რომ მეგობრობა და საქმის კეთება ერთად არ გამოდის,” – ამბობს ლუკა ზარქუა.
აღსანიშნავია, რომ ბევრი საერთაშორისო და ცნობილ ბეთლებზე მონაწილე Youtube-ზე ან სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმაზე განთავსებულ ბითებზე რეპავს. FlowFlow-ს ბითებზე სპეციალურად მუშაობს მუსიკალური პროდიუსერი და ივენთზევე, აუდიტორიის წინაშე უკრავს. ამჟამად FlowFlow-ს მთავარი ბითმეიქერი Pino არის.
ნიკა ქუთელია:
„პირველი სეზონიდან დღემდე ქართულ ჰიპ-ჰოპ სივრცეში ბევრი რამ შეიცვალა და ვფიქრობ, FlowFlow-ს დამსახურება დიდია. უმეტესი აუდიტორია იყო სნობიზმით სავსე. გვიყურებდნენ, მაგრამ რეალურად ამას არ აღიარებდნენ. თითქოს სირცხვილი იყო მათთვის ასეთი პროექტით დაინტერესება. დღეს უკვე ერთგვარად კულტურის ნაწილია. ივენთის ბილეთებს ყიდულობენ, მოდიან, ღიად გვგულშემატკივრობენ. ეს მიმღებლობა, ჩემი აზრით, სოციალურმა ქსელებმა გამოიწვია, განსაკუთრებით კი TikTok-მა. სოციალურ ქსელში კიდევ ცალკე ქომიუნითი შეიქმნა, რომელიც უფრო ხილვადია. ბევრმა არც იცოდა, რას ნიშნავს რეპ ბეთლის ფორმატი. სოციალურმა ქსელებმა სწორედ ეგ ინფორმაციული ველი შეავსო. დღეს ჩვენს ივენთებზე უამრავ ისეთ ჩვენთვის ნაცნობ, თუ ზოგადად ცნობილ ადამიანს ვხედავთ ხოლმე, ვის დანახვასაც ამ სივრცეში ვერასდროს წარმოვიდგენდი. რაღაცები აღარ არის დაყოფილი ისე, რომ ეს უგემოვნობის გამოხატულებაა და ეს – გემოვნების მაჩვენებელი.“
სეზონიდან სეზონამდე FlowFlow-მ უამრავი არტისტი აღმოაჩენინა მსმენელს და მათი ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ცნობილ პერსონებად ქცევა შეძლო.
გიორგი რუსია:
„ზოგიერთი არტისტი, როცა პირველად აღმოვაჩინეთ, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, დღეს კი ამ სცენის ცნობილი სახეები არიან. მათ შორის არიან ტაჰა, მოსკა და სხვები. მეორე მხრივ, კომერციულად შემოსავლიანებიც გახდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ ამაში დიდი წვლილი გვაქვს ჩვენ. თუნდაც კომპანიებს ვასწავლეთ ის, რომ ამ არტისტებს ჰონორარი უნდა გადაუხადონ. როდესაც ვიწყებდით, არ არსებობდა პლატფორმები, არც სტუდიები. ვიღაც ნიჭიერი ბავშვი თუ იყო და არ ჰქონდა ფინანსური რესურსი, ფაქტობრივად იკარგებოდა. სწორედ ამ იდეით ვქმნიდით FlowFlow-ს რეპ ბეთლებს, რომ არტისტებისათვის პლატფორმა მიგვეცა. დანარჩენი ყველაფერი თავისთავად მოხდა.
ნიკა ქუთელია:
„არ გვქონდა გათვლა, რომ თუნდაც TikTok-ზე ასე გავრცელდებოდა. არ ველოდით, რომ ახალი თაობა ასე ჩაერთვებოდა. ისიც კი არ ვიცოდით, ამდენი ნიჭიერი არტისტი თუ იყო, რომლებსაც ასეთი ტექნიკა აქვს. არ გვეგონა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ასე იაქტიურებდა. დღესაც არ ვერევით სოციალური ქსელებისთვის რილსების შექმნაში, თავად აკეთებენ ე.წ. ედითებს, ტვირთავენ ჰეშტეგებით და ასე ვრცელდება, რაც უფრო ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს. რეკლამაში, ფაქტობრივად, არაფერს ვდებთ, ყველაფერი ბუნებრივად ხდება.
გიორგი რუსია:
„ჩვენ იმდენი შევძელით, რომ ჰიპ-ჰოპს საქართველოში უსმენს სხვადასხვა გემოვნების, განსხვავებული ცხოვრების წესის, ინტერების და ასაკის ადამიანი. არიან ბავშვები, რომლებიც უყურებენ FlowFlow-ს ბეთლების ჩანაწერებს და ოცნებობენ, გახდნენ რეპერები. როგორც დღეს, მაგალითად, ბავშვებისთვის მხოლოდ მესი და რონალდო აღარ არიან ვარსკვლავები და ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას მაისურები აცვიათ, ასე მოხდა ამ შემთხვევაში. ქართველი რეპერები, ჩვენი პლატფორმით აღმოჩენილი არტისტები ამ ბავშვების კუმირები გახდნენ.”
ლუკა ზარქუა:
„უკვე პროექტისადმი ნდობაც დიდია. მაგალითად, როცა ევროპის ჩემპიონატზე მიიღეს წესი, რომ გარდა ეროვნულისა, ნაკრებს თავისი ჰიმნიც უნდა ჰქონოდა, საქართველოს ნაკრების წევრები ჩვენთან მოვიდნენ და ეს ჰიმნი Pino-მ და Taha-მ გააკეთეს.”
FlowFlow-ს ბეთლის პლატფორმას ახლა უკვე ჰიპ-ჰოპის ცეკვის შეჯიბრებაც დაემატა. დამფუძნებლებს მომავალში კიდევ უამრავი გეგმა აქვთ. მათ შორის, ლეიბლის შექმნა, რომელიც არტისტს ყველა იმ რესურსს მისცემს, რასაც საერთაშორისო სტანდარტის ლეიბლი უნდა სთავაზობდეს, იქნება ეს: ტრეკების ჩაწერა, დისტრიბუცია, მარკეტინგული აქტივობები, სასცენო სთაილინგი, საკონცერტო ტურნეების დაგეგმვა თუ სხვა მხარდაჭერა.