25 მარტს Playboi Carti-მ ახალი ალბომის, Music-ის დელუქს ვერსია გამოუშვა. ალბომი ოთხ ახალ სიმღერას მოიცავს: Different Day, 2024, Backr00ms და FOMDJ. არტისტმა FOMDJ-ის ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლიც გაავრცელა, სადაც კონკრეტული სცენები, ტომ კრუზის მსგავსად, კასკადიორის გარეშე შეასრულა.
ვიდეოს YouTube-ზე გამოქვეყნების შემდეგ, ატლანტელმა რეპერმა თავის Instagram გვერდზე კადრი განათავსა. როგორც აღწერაში არტისტი აღნიშნავს, ის მოძრავ მანქანაზე დგას. „მე გავხდი ტომ კრუზი. არანაირი მონტაჟი, ეს ნამდვილია,” – წერს არტისტი.
Music რეპერის მეორე ალბომია, რომელიც ჩარტების სათავეში მოხვდა. Luminate-ის მონაცემებით, 20 მარტით დათარიღებული კვირის ბოლოს მისი გაყიდვები აშშ-ის მასშტაბით 298,000 ალბომის ეკვივალენტური ერთეული იყო.
Carti მესამე არტისტი და პირველი რეპერია, რომლის 30-ზე მეტი სიმღერა ერთი კვირის განმავლობაში შევიდა Billboard Hot 100-ის ჩარტში. Evil J0rdan მე-2 ადგილზეა, ხოლო The Weeknd-თან ერთად ჩაწერილი Rather Lie – მეოთხეზე. დანარჩენი სიმღერები ჩარტის სხვადასხვა პოზიციებზეა გადანაწილებული. ყველაზე ბოლო პოზიციას, 96-ე ადგილს ტრეკი სახელწოდებით Walk იკავებს.
რაც შეეხება FOMDJ-ზე გადაღებულ კლიპს, ეს უკვე მეორე ვიდეოა, რომელიც ბოლო კვირებში ალბომის ფარგლებში გამოვიდა. პირველად არტისტმა Like Weezy-ზე გადაღებული ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა.