ბრაზილიის პოლიციამ 4 მაისს განაცხადა, რომ დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რიო-დე-ჟანეიროში, ლედი გაგას უფასო კონცერტის მსვლელობისას, ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით თავდასხმის დაგეგმვაში.
3 მაისს გამართული კონცერტი პოპვარსკვლავის კარიერის ყველაზე მასშტაბურ შოუდ იქცა – კოპაკაბანას სანაპიროზე არტისტის მოსასმენად ორ მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
ბრაზილიის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილები გაგას კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავა. შოუ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდა და ბევრს ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ საფრთხე რეალური იყო. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები უქმდება, თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი არსებობს. სწორედ ასე მოხდა გასულ წელს ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტების შემთხვევაშიც.
ლედი გაგას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვარსკვლავმა და მისმა გუნდმა ინციდენტის შესახებ მხოლოდ დილით, მედიის მეშვეობით გაიგეს. „კონცერტამდე და მისი მიმდინარეობისას არავითარი უსაფრთხოების პრობლემა არ დაფიქსირებულა და არც პოლიციიდან ან სხვა უწყებიდან გვქონია რაიმე შეტყობინება შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით,” – ნათქვამია განცხადებაში. როგორც ლედი გაგას წარმომადგენელი აღნიშნავს, გუნდმა კონცერტის დაგეგმვისა და ჩატარების ყველა ეტაპზე ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან და ყველა მხარე დარწმუნებული იყო უსაფრთხოების ზომების სანდოობაში.
გაგას კონცერტზე უსაფრთხოების ნორმები მკაცრად კონტროლდებოდა – კოპაკაბანას სანაპიროზე მობილიზებული იყო 5 200 სამხედრო და პოლიციელი. გაგამ კონცერტის დროს თავისი არაერთი ჰიტი შეასრულა, მათ შორის Born This Way-ს, რომელსაც 2011 წელს LGBTQ თემის ჰიმნის სტატუსი მიენიჭა.
რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ და ბრაზილიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადეს, რომ თავდასხმის გეგმის მიზანიც სოციალურ ქსელებში ყურადღების მიპყრობა იყო. მათივე თქმით, ჯგუფი ინტერნეტით ავრცელებდა ძალადობრივ მასალას. სამართალდამცავებმა ორი ადამიანი დააპატიმრეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჯგუფის ლიდერად სახელდება, ბრაზილიის სამხრეთ შტატ რიო-გრანდე-დუ-სულში, არალეგალური იარაღის ფლობის ბრალდებით დააკავეს. მეორე ეჭვმიტანილი მოზარდია, რომელიც პოლიციამ რიოში, ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული ბრალდებით აიყვანა. პოლიციამ მათ შესახებ მეტი დეტალი არ გაამხილა და არც იმაზე ისაუბრა, რატომ იყო სამიზნედ შერჩეული სწორედ ლედი გაგას უფასო კონცერტი.
„დაკავებულები ემზადებოდნენ შეთანხმებული თავდასხმებისთვის, რა დროსაც უნდა გამოეყენებინათ ხელნაკეთი ასაფეთქებლები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები,“ – განაცხადეს სამართალდამცავებმა. ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ჯგუფი საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ისინი ინტერნეტში თავს ლედი გაგას ფანებად ასაღებდნენ, რათა მოზარდების ყურადღება მიექციათ და ძალადობრივ ქმედებაში ჩაერთოთ. სამინისტრომ დაადასტურა, რომ კონცერტზე დამსწრე აუდიტორიას საფრთხე შოუს არც ერთ მონაკვეთში არ შეჰქმნია.
რეიდის ფარგლებში სამართალდამცავებმა 15 ეჭვმიტანილის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. პოლიციას თავიდანვე ჰქონდა ეჭვი, რომ თავდასხმისთვის ხელნაკეთი ბომბების გამოყენება იგეგმებოდა, თუმცა განცხადებაში არ არის მითითებული, რომ რეიდისას რაიმე იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა ამოიღეს.
ლედი გაგამ კონცერტის შემდეგ Instagram-ზე მადლობა გადაუხადა აუდიტორიას, თუმცა თავდასხმის გეგმის შესახებ არაფერი უთქვამს. „არაფერს შეეძლო შევემზადებინე იმ გრძნობისთვის, რაც გუშინდელი შოუს დროს დამეუფლა – უდიდესი სიამაყე და სიხარული ვიგრძენი, როცა ბრაზილიელი ხალხისთვის ვმღეროდი,“ – დაწერა მან. „პირველი სიმღერის დროს თქვენი ხილვისას სუნთქვა შემეკრა. თქვენი გული ბრწყინავს, თქვენი კულტურა კი ისეთი ცოცხალი და გამორჩეულია. იმედია, იცით, რამდენად მადლიერი ვარ, რომ ეს ისტორიული მომენტი თქვენთან ერთად გავიზიარე.”
გაგას უფასო კონცერტი განსაკუთრებული მოვლენაა იმ ფონზე, როცა მსოფლიოში კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად მაღალია და მსმენელებს საყვარელი არტისტების ნახვა და მოსმენა საკმაოდ ძვირი უჯდებათ. აღსანიშნავია, რომ რიომ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას ადრეც უმასპინძლა – 2024 წლის მაისში, სუპერვარსკვლავმა მადონამ სწორედ კოპაკაბანას სანაპიროზე დაასრულა თავისი მსოფლიო ტურნე. კონცერტს 1.6 მილიონი ადამიანი დაესწრო.