ბრაიან უილსონი, The Beach Boys-ის თანადამფუძნებელი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. უილსონი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპოზიტორად იყო აღიარებული. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს, 11 ივნისს, უილსონის სოციალური მედიის ანგარიშებზე გამოქვეყნდა: „მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი საყვარელი მამა ბრაიან უილსონი ცოცხალი აღარ არის. ამ წუთას სიტყვების პოვნა გვიჭირს. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს, რადგან მთელი ოჯახი გლოვობს. ვიცით, რომ ამ ტკივილს ჩვენთან ერთად მთელ მსოფლიოც განიცდის,” – წერია პოსტში.
უილსონს მერლინ როველთან პირველი ქორწინებიდან ორი შვილი დარჩა – კარნი და ვენდი. გარდა ბიოლოგიური შვილებისა, ხუთი შვილი მან მეუღლე მელინდა ლედბეთერთან ერთად იშვილა.
უილსონი 1942 წლის 20 ივნისს კალიფორნიის ქალაქ ინგლვუდში, ოდრი ნევასა და მარი უილსონის ოჯახში დაიბადა. მარი, ქარხნის მუშა იყო. მოგვიანებით ის კომპოზიტორი გახდა და The Beach Boys-ის პირველი მენეჯერი იყო. ჰოუთორნის საშუალო სკოლაში ბრაიანი სპორტით იყო გატაცებული, მაგრამ მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა. 1961 წლის ზაფხულში ჩამოაყალიბა ჯგუფი Pendletones თავის უმცროს ძმებთან – კარლთან და დენისთან, ბიძაშვილ მაიკ ლავთან და მეგობარ ალ ჯარდინთან ერთად. მათი პირველი ჩანაწერი – Surfin ლოკალურ ლეიბლზე, Calpix-ზე გამოვიდა და რეგიონის ჰიტად იქცა. მოგვიანებით ჯგუფმა სახელი შეიცვალა და The Beach Boys გახდა, რასაც მოჰყვა კონტრაქტის გაფორმება Capitol Records-თან.
მალევე The Beach Boys სუპერვარსკვლავ ჯგუფად იქცა. 1963-დან 1965 წლამდე ჯგუფი წელიწადში სამ ალბომს გამოსცემდა და თითქმის განუწყვეტლივ მართავდა ტურნეებს. 1963 წლის სექტემბერში გამოსულ Surfer Girl-ში უილსონმა სრულად შეითავსა პროდიუსერის სტატუსი და საოცარი სისწრაფით დაიხვეწა როგორც არანჟირების, ისე ხმოვან ტექსტურებთან მუშაობის მიმართულებით.
The Beach Boys-მა ამერიკის უდიდესი ჯგუფის სტატუსი მოიპოვა. თუმცა მამის, მარი უილსონის დამოკიდებულებამ, რომელიც ხშირად ამცირებდა შვილებს, დაძაბული გარემო შექმნა. ამას ემატებოდა დატვირთული სამუშაო რეჟიმი, რაც უილსონის მენტალურ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახა. 1964 წლის ბოლოს, ფრენისას განცდილი პანიკური შეტევის შემდეგ, უილსონმა სცენაზე გამოსვლა შეწყვიტა. ტურნეებში ის ბრიუს ჯონსტონმა შეცვალა.
1966 წლის მაისში ჯგუფმა გამოუშვა Pet Sounds – მასშტაბური, ემოციური, კონცეპტუალური ალბომი, რომელიც უილსონმა და ლირიკოსმა ტონი ეშერმა ერთად შექმნეს. თემატურად ალბომი ასახავდა ბავშვური უმანკოებიდან მელანქოლიური სიმწიფისკენ გადასვლის პერიოდს. შემდეგი სინგლისთვის უილსონმა სტუდიაში არასტანდარტული ინსტრუმენტებით იმუშავა. ამის შედეგი იყო Good Vibrations, რომელიც 1966 წლის ოქტომბერში მსოფლიო ჰიტად იქცა.
პარალელურად ის და ავანგარდისტი ვან დაიკ პარკსი ერთად ქმნიდნენ კიდევ უფრო ამბიციურ ალბომს, სახელწოდებით Smile, მაგრამ პროექტი გაუქმდა და მის ნაცვლად 1967 წლის სექტემბერში გამოვიდა Smiley Smile, რომელიც უფრო მარტივი, თუმცა ნაკლებად წარმატებული ჩანაწერი აღმოჩნდა. ასე დაიწყო პერიოდი, როცა უილსონის შემოქმედებითი როლი თანდათან შესუსტდა. 1974 წელს გამოშვებული კომპილაცია Endless Summer მოულოდნელად ჩარტებში პირველ ადგილზე გავიდა და ჯგუფი საკონცერტო სცენებზე კვლავ ერთ-ერთ წამყვან ძალად იქცა.
1976-1977 წლებში უილსონის პირველმა ცოლმა, მერლინ უილსონმა ქმრის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და დამოკიდებულებების სამკურნალოდ ცნობილი ფსიქოთერაპევტი იუჯინ ლენდი დაიქირავა. ლენდის წასვლის შემდეგ უილსონის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 1983 წელს, მედიკამენტების ზედოზირების შემდეგ ლენდი კვლავ დაბრუნდა და მეთვალყურეობდა არა მხოლოდ უილსონის ჯანმრთელობას, არამედ მის შემოქმედებასაც. ფსიქოთერაპევტს დიდი გავლენა ჰქონდა უილსონის 1988 წლის სოლო ალბომ Brian Wilson-ზე და 1991 წლის ავტობიოგრაფიაზე, სახელწოდებით Wouldn’t It Be Nice. ლენდის გავლენისაგან ნილსონი მხოლოდ 1992 წელს გათავისუფლდა, როცა სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.
უილსონის მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა. მან 1995 წელს იქორწინა მელინდა ლედბეთერზე და მუსიკალური კარიერაც განაახლა. 2004 წელს გამოსულმა ალბომმა – Brian Wilson Presents Smile კრიტიკოსთა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. უილსონმა სოლო ტურნეებიც დაიწყო, ხოლო 2012 წელს The Beach Boys-თან ერთად კვლავ დაბრუნდა სცენაზე. იმავე წელს გამოვიდა ალბომი That’s Why God Made the Radio, რომელიც ჯგუფის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა და რომელშიც ბენდის თავდაპირველი გიტარისტი დევიდ მარკსიც დაბრუნდა.
2021 წლის დეკემბერში უილსონმა თავისი საავტორო უფლებები Universal-ს მიჰყიდა. გარიგების შედეგად მუსიკოსმა 50 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია არტისტის ყოფილი ცოლის, მერი უილსონ-რუსერფორდის მიერ აღძრული სასამართლო დავის დროს წარდგენილი დოკუმენტებიდან გამჟღავნდა. ბოლო წლებში უილსონის მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც 2024 წელს ის იძულებითი მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა.