LF’E-ის მუსიკა, რომელიც გულწრფელ შინაგან განცდებს გადმოსცემს

„ჩვენი მუსიკის მთავარი იდეა არის იმ განცდების და მდგომარეობის გადმოცემა, რასაც სიტყვებით ხშირად ვერ ვახერხებთ. როგორ ვიბრძვით საკუთარ თავთან ან გარემოსთან, როგორ ებმის ერთმანეთს რეალობა და დელუზია. ჩვენი მესიჯი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფრაზა, ეს არის მუდმივი ძიება და კითხვები.“
LF’E ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
LF’E
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული გრანჟ, ალტერნატიული და ექსპერიმენტული ჟღერადობის მქონე  ბენდი LF’E (Low Frequency’s Effect)  არცთუ ისე ხანგრძლივ ისტორიას ითვლის. ჯგუფი 2024 წლის მაისში დაარსდა, მათი მუსიკა სიღრმისეული, ფსიქოლოგიური და ემოციურად დატვირთული გზავნილია, რომელიც  ჰარმონიისა და მუსიკალური სტრუქტურის რიტმებში სინთეზირდება. 

ბენდის ამჟამინდელი წევრები არიან: ანი ცინცაძე – ვოკალი, რითმ გიტარა;  ლუკა კასრელიშვილი – ბასი, წამყვანი გიტარა; ნიკა გოგოლი და ნიკა მოსიაშვილი – დრამი. ბენდმა პირველი ალბომი Look, I am upside down 2024 წლის შემოდგომაზე წარადგინა,  ახლახანს  მათი მეორე, კონცეპტუალური ალბომის, სახელწოდებით  In Principle, Pragmatic-ის პირველი სინგლი გამოვიდა, რომელსაც ამ თვეში დანარჩენი სინგლები, ხოლო შემდეგ კი მთლიანი ალბომი მოჰყვება. ჯგუფის მუსიკა ვიზუალურ ნარატივთან ერთად საერთო აზროვნების აქტს ქმნის, რაც მსმენელს ღრმა ფიქრის, კითხვების და შინაგანი ემოციების გამოხატვის საშუალებას აძლევს.

ნახეთ, „ბილბორდ საქართველოს“ ინტერვიუ ბენდის დამფუძნებელ და ვოკალისტ ანი ცინცაძესთან.

LF’E-ის ვოკალისტი – ანი ცინცაძე:

LF’E თავიდან სოლო პროექტის სახით, დამოუკიდებლად დავიწყე და პირველი ტრეკი – HOW YOU SEE დავარელიზე, თუმცა თავიდანვე მქონდა განცდა, რომ იმ ჟანრის მუსიკა, რასაც მოვიაზრებდი, ბენდის ფორმირებას მოითხოვდა. ამიტომაც დავიწყე მუსიკოსების ძებნა, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და ამავდროულად, ღია იქნებოდნენ ახალი იდეებისა და საერთო ხედვის ჩამოყალიბებისთვის.

პირველად ლუკა კასრელიშვილთან მქონდა კომუნიკაცია,  ვიცოდი მისი შესაძლებლობებისა და მუსიკალური გემოვნების შესახებ. იმ პერიოდში ლუკა ქავერ ბენდში უკრავდა, სადაც ჩვენი მეგობარი ერეკლე გუჯეჯიანიც იყო. ერეკლეც დაინტერესდა და მალევე შემოგვიერთდა ნიკა გოგოლთან ერთად. ამ შემადგენლობით ჩავწერეთ და გამოვაქვეყნეთ პირველი ალბომი და ოქტომბერში პირველი ლაივ კონცერტიც ჩავატარეთ.

ამჟამად გვაქვს ცვლილებები: ერეკლე სასწავლებლად გადავიდა სხვა ქვეყანაში და ის ნიკა მოსიაშვილმა ჩაანაცვლა, რომელსაც საკმაოდ დიდი მუსიკალური გამოცდილება აქვს. დღეს ბენდს რაც გამოარჩევს, არის ის, რომ მუსიკალურად იდეალურად ვუგებთ ერთმანეთს. ყოველთვის ვცვლით იდეებს და სიახლეებს, რაც პროცესს ბუნებრივს და მარტივს ხდის — ჩვენი ხედვები სრულ თანხვედრაშია და ეს ქმნის იმ სინერგიას, რის გამოც LF’E სრულყოფილ ჯგუფად შეიკრა.“

LF’E – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბენდის სახელის (Low Frequency’s Effect) იდეა იმ ეფექტიდან მოდის, რომელიც ადამიანს დაბალი სიხშირის ბგერების მოსმენისას აქვს. მსგავსი ჟღერადობა ხშირად ემოციური, ღრმა ფსიქოლოგიური განცდების მოზღვავებას და ადიქციას იწვევს.

“ჩვენთვის ეს არის სიმბოლო იმ დინამიკის, რასაც საკუთარ მუსიკაში ვეძებთ, – რაღაც ღრმასა და ემოციურად დატვირთულს, რაც ჩვენთან რეზონირებს და გვინდა, რომ მსმენელამდე მივიტანოთ.“

ბენდისთვის ინსპირაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ადამიანებზე დაკვირვებაა, მათი ქცევების და განცდების მიხედვით მათი რეალური შინაგანი სამყაროს შეცნობა.

„პირადად ჩემზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე დაკვირვება. ბევრი საუბარი არ მჩვევია, მაგრამ ძალიან მიყვარს ადამიანების ქცევებსა და ემოციებში ჩაღრმავება. ხშირად ინსპირაცია შეიძლება წამოვიდეს სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც.  თავისთავად, შთაგონების უდიდესი წყაროა საკუთარი ემოციებიც, თუ როგორ მოქმედებს ერთი მოვლენა მეორეზე და საბოლოოდ, როგორ აისახება ეს ჩვენზე, თითოეულ ადამიანზე.  სწორედ ამ დაკვირვების შედეგია ჩვენი არაერთი ტრეკის ემოციური ხაზი. ჩემთვის მთავარია, რომ ყოველთვის ვიყო გულწრფელი და რაც იმ მომენტში მაქვს სათქმელი, გადმოვცე.“

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ალტერნატიული და ექსპერიმენტული მუსიკისთვის სცენაც და შესაბამისად, აუდიტორიაც არცთუ ისე დიდია, ბენდის ვოკალისტის, ანი ცინცაძის აზრით, მთავარი მაინც გულწრფელი ემოციების, შინაგანი სიმართლისა და არტისტული ინტუიციის გადმოცემაა, რომელიც მუსიკას უნივერსალურ ენად აქცევს და შესაბამის აუდიტორიასაც ადვილად  პოულობს.

LF’E – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„ქართულ რეალობაში მუსიკალური სცენა პატარაა. გარდა ამისა, ჟანრობრივად თუ ქმნი ისეთ პროდუქტს, რაც, ზოგადად, უფრო ნიშურია, მაგ. ალტერნატიული, ექსპერიმენტული ან მძიმე ჟღერადობა, კიდევ უფრო რთულია, რომ ხმა მიაწვდინო მსმენელს. მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელობა, თანამიმდევრულობა და სტაბილურად მუშაობაა. თუ მართლა გაქვს სათქმელი და ხარ გულწრფელი, შენს აუდიტორიას აუცილებლად იპოვი.“

ბენდმა LF’E ახლახან მეორე ალბომის, In Principle, Pragmatic-ის პირველი სინგლი (Wanna Make It Better) გამოსცა. ალბომის კონცეფცია  ემოციების ურთიერთკავშირზე მოგვითხრობს, სადაც თითოეულ კომპოზიციას ვიზუალური ინტერპრეტაცია ახლავს. თითოეულ ტრეკში პარალელურ სამყაროში არსებული პერსონაჟები არიან თავმოყრილი, ეს ფრაგმენტები კი საბოლოოდ ერთი მთლიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახეს იღებს.

LF’E – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„ახლახანს გამოვიდა ჩვენი ახალი სინგლი Wanna Make It Better, რომელიც ახალი კონცეპტუალური ალბომის, In Principle, Pragmatic-ის პირველი თავია. მთლიანობაში ალბომი რვა ტრეკისგან შედგება. მთლიან კონცეფციას წარმოადგენს ის, თუ როგორ ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთთან ემოციები, როგორ მოქმედებენ ისინი ინდივიდებზე და შემდეგ როგორ ახდენენ ერთმანეთზე გავლენას.

თითოეულ ტრეკს თან ახლავს ვიდეო. პერსონაჟები წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა პარალელურ სამყაროში, რაც ერთიანდება ერთ მთლიან მოკლემეტრაჟიან ფილმად და თავებად იყოფა. ეს ყველაფერი სარკაზმით და გარკვეულწილად, ჯანსაღი ირონიით არის სავსე. ამ ალბომში უამრავი ემოციაა ჩადებული, სათქმელის სწორად გადმოსაცემად კი მუსიკასა და ტექსტთან ერთად ვიზუალური მასალაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

LF’E – ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ალბომის პარალელურად ახალ ლაივებს და საერთაშორისო სცენაზე გასვლას  ვგეგმავთ. გვინდა, ჩვენი მუსიკა საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ და უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ.“ – ამბობს „ბილბორდ საქართველოსთან“ საუბრის დასასრულს LF’E-ს ვოკალისტი ანი ცინცაძე.

ბენდმა საკუთარ შემოქმედებაში ინტენსიური, უნიკალური და გამორჩეული ხაზი შექმნა, სადაც მუსიკალური ცოდნა, შემოქმედებითი გამოცდილება და ავთენტური სტილია  გაერთიანებული.

მოისმინეთ LF’E-ის ახალი ალბომის In Principle, Pragmatic-ის პირველი სინგლი Wanna Make It Better:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Marttein Pics: Tute Delacroix

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – არგენტინა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia  წარმოგიდნეთ პროექტს: ახალი თაობის მუსიკოსები – DEENA

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეილა კობო და ჯეისონ ლიპშუცი „ბილბორდის” სარედაქციო გუნდს უხელმძღვანელებენ

2026 წლის 20 იანვარი, ნიუ-იორკი – „ბილბორდი” სიამაყით აცხადებს ორი გამოცდილი ხელმძღვანელის დაწინაურებას, რომლებიც სარედაქციო გუნდს ჩაუდგებიან სათავეში.…
მეტი

ფარელ უილიამსმა პარიზის მოდის კვირეულზე Pusha T-ის, A$AP Rocky-ს და სხვა არტისტების აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები წარადგინა

Louis Vuitton-ის კრეატიულმა დირექტორმა ფარელ უილიამსმა 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა.
მეტი

მერი ჯეი ბლაიჯის თქმით, მისი და Jay-Z-ის ერთობლივი ნამუშევარი წარსულში მათი ნების საწინააღმდეგოდ გავრცელდა

ბლაიჯი არ გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ ეს კოლაბორაცია მაინც გამოქვეყნდეს.
მეტი
Doechii - Billboard-ის Greatest Pop Stars-სთვის

Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – Doechii

წლის საუკეთესო ვარსკვლავის ტიტულისთვის შერჩეული კანდიდატი 2025 წელს გახდა ცნობილი, Doechii ამ წელს სრული მასშტაბით გამოჩნდა სცენაზე და მთელი პოპსამყაროს ყურადღება მიიპყრო.
მეტი

ჰარის ჰაუსიდან ჰარის დისკომდე: ჰარი სტაილსი ახალი სიმღერითა და ალბომით ბრუნდება

Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეიტი და კითი განიხილავენ, თუ რას უნდა ველოდოთ სტაილსის მეოთხე ალბომისგან Kiss All the Time. Disco, Occasionally.
მეტი