Black Sabbath-ის ბასისტი გიზერ ბატლერი ამბობს, რომ უკვე აღარ ცდილობს იმის პროგნოზირებას, თუ რომელი კონცერტი შეიძლება იყოს ბენდისთვის ბოლო. 5 ივლისს ბირმინგემში დაგეგმილ Back to the Beginning სახელწოდების გრანდიოზულ კონცერტზე ჯგუფი კვლავ შეიკრიბება თავდაპირველი შემადგენლობით, ოზი ოსბორნის ჩათვლით.
„ამ ბენდთან ერთად უკვე დიდი ხანია, შევეშვი იმის გამოცნობას, თუ რომელი იქნება ბოლო გამოსვლა,” – ამბობს ბატლერი Billboard-თან საუბრისას. „ყოველ ჯერზე, როცა ვამბობთ, რომ ეს უკანასკნელია, რაღაც ახალი ჩნდება – მაგალითად, ეს კონცერტი ვილა პარკზე“.
საქმე, ძირითადად, ოსბორნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება – მას პარკინსონი და ემფიზემა აქვს, რაც ტურნეებს მნიშვნელოვნად ართულებს. მისი ცოლი და მენეჯერი, შერონ ოსბორნი, რომელიც ბენდთან ერთად ათწლეულებია მუშაობს, ამბობს, რომ კონცერტების ეპოქა დასრულდა: „დავამთავრეთ. ახლა უბრალოდ გვინდა ვიცხოვროთ და ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, ყოველგვარი გრაფიკის გარეშე“.
სინამდვილეში, არც Black Sabbath-ისთვის და არც ოზი ოსბორნისთვის ეს პირველი გამოსამშვიდობებელი კონცერტი არ არის. ბენდმა უკვე გამართა ბოლო ტურნე და მას The End ერქვა. ოზი ოსბორნის დიაგნოზიდან გამომდინარე, Back to the Beginning ლოგიკურად მართლაც უკანასკნელი შოუა ამ ისტორიული მუსიკალური კოლექტივისთვის, რომლის ისტორიაც 1968 წელს დაიწყო ჯგუფ Earth-ის სახელით და რომელსაც დღეს მძიმე მეტალის ჟანრის სათავედ მიიჩნევენ.
„ეს საოცარია, მაგრამ სევდიანიც, რადგან ეს მათი ბოლო კონცერტია და ამჯერად უკვე ნამდვილად,” – ამბობს რობერტ ტრუჰილიო, რომელმაც 1996-2003 წლებში ოზის ბენდში ბასზე დაუკრა. ის ახლა Metallica-ს წევრია და ამ შოუშიც მიიღებს მონაწილეობას.
კონცერტზე Black Sabbath-ს თავდაპირველი დრამერი, ბილ უორდიც შეუერთდება. მან ბენდი დაძაბული ვითარების გამო 2012 წელს დატოვა. 5 ივლისის შოუ მასშტაბური იქნება – დაახლოებით ისეთი, როგორიც 1992 წელს ლონდონში ფრედი მერკურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი იყო. სცენას დაიკავებენ ისეთი ლეგენდარული ჯგუფები და არტისტები, როგორებიც არიან: Guns N’ Roses, Slayer, Tool, Pantera, Gojira, Halestorm, Alice In Chains, Lamb of God, Anthrax, Mastodon და Rival Sons. ასევე მონაწილეობას მიიღებენ სემი ჰეიგარი, ბილი კორგანი (Smashing Pumpkins), ჯონათან დევისი (Korn), ტობიას ფორჯი (Ghost), ფრედ დერსტი (Limp Bizkit) და ოზის ყოფილი გიტარისტები – ზაკ უაილდი და ჯეიკ ე. ლი.
მუსიკალური რეჟისორი ტომ მორელო (Rage Against the Machine) მსმენელებს ჰპირდება, რომ კიდევ რამდენიმე სიურპრიზი იქნება. “სცენაზე ისეთი გლობალური ვარსკვლავები გამოჩნდებიან, რომელთა ნახვას არავინ ელოდება, მაგრამ ყველას ძალიან გაუხარდება“.
კონცერტის წამყვანი მსახიობი ჯეისონ მომოა იქნება, ხოლო შემოსული თანხა – მათ შორის გლობალური ლაივსტრიმიდან – გადაირიცხება რამდენიმე ორგანიზაციაში: Cure Parkinson’s, ბირმინგემის ბავშვთა კლინიკაში და Acorns-ის ბავშვთა ჰოსპისში.
შოუ ბირმინგემში ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება და ტომ მორელოს თქმით, დაახლოებით 10 საათს გასტანს.
„თავიდანვე ერთი მიზანი გვქონდა – გაგვეკეთებინა მძიმე მეტალის ისტორიაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიება. მთელი დღის განმავლობაში ერთი წუთიც არ იქნება მოსაწყენი. არქივში ვიპოვეთ გასაოცარი მასალები, რომლებიც ჯერ არავის უნახავს – ბევრი სიურპრიზიც გვექნება სხვადასხვა ფორმატით,” – ამბობს მორელო. გიზერ ბატლერი კი აღნიშნავს: „ძალიან ემოციურია იმის ნახვა, თუ რამდენი დიდი ჯგუფი ჩაერთო ამ საქმეში და თანაც საქველმოქმედო მიზნებით.”
შოუს იდეა ოსბორნებს წელიწადზე მეტი ხნის წინ გაუჩნდათ. „იდეა ჩემი იყო,“ – ამბობს შერონ ოსბორნი. „ოზის ერთი რამ აშფოთებდა – რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, მადლობა გადაეხადა თავისი ფანებისთვის ტურის დასრულებამდე.”
დიაგნოზის შემდეგ ოსბორნი მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა სცენაზე: 2022 წელს, ბირმინგემში, ტონი აიომისთან ერთად ევროპული თამაშების დახურვაზე; იმავე წელს, სექტემბერში, NFL-ის სეზონის გახსნაზე კალიფორნიაში და ბოლოს, 2023 წლის ოქტომბერში, Rock and Roll Hall of Fame-ის დაჯილდოებაზე.
„ოზი სულ იმეორებდა: მინდა, მადლობა ვუთხრა ხალხს და გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო გზა. ეს ღონისძიება ოზისა და Black Sabbath-ისადმი მიძღვნილი ზეიმია,” – ამბობს შერონ ოსბორნი.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე მოაზრებული მუსიკოსების თითქმის სრული უმრავლესობა კონცერტში მონაწილეობას დასთანხმდა, იყვნენ გამონაკლისებიც. ვოლფგანგ ვან ჰალენმა უარი თქვა, რადგან მისი ტურნე დაემთხვა, ხოლო Scorpions-ს გერმანიაში 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შოუ ჰქონდა დაგეგმილი, რომელსაც Judas Priest-იც უერთდება.
შერონ ოსბორნმა ასევე დაადასტურა, რომ ერთი ჯგუფი კონცერტიდან მოხსნეს, რადგან სურდა, მოგება ენახა: „ეს არ არის ღონისძიება ფულის საშოვნელად. შოუს შემდეგ ვიტყვი, ვინ იყო. ვფიქრობ, ბევრი გაოცდება“.
ბილ უორდის დაბრუნება Black Sabbath-ის შემადგენლობაში ყველასთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო. „უნდა ვყოფილიყავით ჩვენ ოთხნი – ან არავინ. სხვაგვარად აზრი არ ექნებოდა. ვიმედოვნებ, რომ ხალხი კმაყოფილი წავა მას შემდეგ, რაც ერთ სცენაზე გვიხილავს,” – ამბობს გიზერ ბატლერი.
კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, 28 ივნისს, ოთხივე მუსიკოსს ბირმინგემის საპატიო მოქალაქის ტიტული და სპეციალური მედლები გადაეცათ.
„ეს შოუ პირდაპირ დაბრუნებაა დასაწყისში – მათი სცენა იმ საფეხბურთო სტადიონზეა, რომელიც ორ კვარტალში მდებარეობს იმ უბნიდან, სადაც ბენდის შემადგენლობის ნახევარი გაიზარდა,” – ამბობს ტომ მორელო. ის იმედს გამოთქვამს, რომ Back to the Beginning ოზის და ბენდისადმი მიძღვნილ ღირსეულ ისტორიად დარჩება.
„ყველასთვის ნათელია, რომ ბლექ საბათი ყველა დროის საუკეთესო მეტალ-ბენდია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ისინი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტები არიან. Black Sabbath-ის დნმ ყველგან არის – პოპ შოუებიდან ქანთრის სცენებამდე, ლედი გაგას გამოსვლებშიც კი. 90-იანების ყველა ბენდს ჰყავდა მინიმუმ ერთი წევრი, რომელიც Black Sabbath-ის მუსიკაზე გაიზარდა – იქნება ეს Rage Against the Machine, Tool, Alice in Chains, Soundgarden თუ Pearl Jam. ეს მუსიკა ჩვენში იყო,” – ამბობს მორელო. მისი თქმით, შოუს მიზანია არა მხოლოდ მუსიკოსების კარიერის დაფასება, არამედ მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ Black Sabbath მართლაც როკ-ენ-როლის უკვდავ გმირებს შორის დგას.
Tool-ის ვოკალისტის, მეინარდ ჯეიმს კინანის თქმით, ის Black Sabbath-ით მაშინ მოიხიბლა, როცა მისმა დეიდაშვილმა ერთ შაბათს Black Sabbath-ის და ჯონი მიჩელის Blue-ს ალბომები აჩუქა. „მანამდე სულ რაღაც უინტერესო ჩანაწერებს მჩუქნიდნენ. მაგ შაბათს ბებიაჩემთან, ტელევიზორში, მონსტრებზე გადიოდა ფილმი, დეიდამ კი Sabbath ჩართო – და ამ დროიდან ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა,” – იხსენებს კინანი.
კინანმა ოზი ოსბორნის Rock and Roll Hall of Fame-ის დაჯილდოებაზე Crazy Train შეასრულა. მისი თქმით, ის ორივე პერიოდის – ბენდის და ოზის სოლო-შემოქმედების ფანია: „Blizzard of Ozz მაშინ გამოვიდა, როცა სკოლაში ვსწავლობდი და საოცარი იყო. იმ მომენტში დიდხანს აღარაფერი გვსმენოდა ოზისგან. მაშინ ხომ ინტერნეტი არ არსებობდა და არც ინფორმაცია გვქონდა. უცბად ეს ალბომი გამოვიდა. უბრალოდ უყურებ, როგორ ვითარდება არტისტი და როგორ მიჰყვება თავის გზას“.
თუმცა კინანი ასევე ამბობს, რომ ორმაგი განცდა აქვს ამ კონცერტში მონაწილეობაზე: „ნამდვილად მწყდება გული – გინდა, რომ ოზი სამუდამოდ აგრძელებდეს ამ ყველაფერს. ამავდროულად, მადლიერი ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი გავხდი, მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ რაღაც ძალიან ძვირფასი მთავრდება“.
Halestorm-ის ვოკალისტის, ლიზი ჰეილის თქმით, Black Sabbath-ს პირველად 11-12 წლის ასაკში მოუსმინა. ჰეილი ამბობს, რომ როცა ამ კონცერტში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო, შინაგანად ისევ თინეიჯერობის ასაკში დაბრუნდა და ვერ იჯერებდა, რომ ეს რეალურად ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ლიზი ჰეილი ამ შოუს ლაინაფში ერთადერთი ქალია და თავად ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„ძალიან დიდი თავმდაბლობით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას – წარმოვადგენ იმ ქალებს, რომლებიც ამ მუსიკაზე გაიზარდნენ. არასდროს მიფიქრია, რომ როკი ან მეტალი მხოლოდ კაცების ან ქალების თამაშია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სქესის ხარ – თუ გინდა, Black Sabbath-ის მსგავსად მთელი ცხოვრება ამ გზას მიუძღვნა, მზად უნდა იყო, ყველაფერი გაიღო, დაამარცხო წესების ილუზია.”
Slayer-ის გიტარისტი კერი კინგი Black Sabbath-ით შედარებით გვიან დაინტერესდა და მისი გზაც Heaven and Hell-ით დაიწყო. კინგი ამჟამად საკუთარი სოლო პროექტის ტურნეს ფარგლებში მოგზაურობს. მისი სადებიუტო ალბომი From Hell I Rise გასულ წელს გამოვიდა. რაც შეეხება Back to the Beginning-ზე Black Sabbath-ის სიმღერის არჩევას, კინგი ამბობს, რომ პროცესი ერთდროულად სახალისოც იყო, მაგრამ იმედგაცრუებაც გამოიწვია. მისი თქმით, სიმღერების შერჩევაზე როცა მიდგა ჯერი, ის ნომრები, რაც თავად სურდა, უკვე დაკავებული იყო.”
ჩარლი ბენანტე Back to the Beginning-ზე ერთდროულად ორი ბენდის, Anthrax-ის და Pantera-ს სახელით დაუკრავს დრამზე. მისთვის ყველაფერი, რაც Black Sabbath-ს უკავშირდება, ბავშვობის ნახევრად ტრავმულ, მაგრამ ახლა უკვე სახალისო მოგონებას აცოცხლებს.
„დედაჩემი და ჩემი და ხშირად დამყავდა მუსიკალურ მაღაზიაში. ერთხელაც ვიყიდე Black Sabbath-ის მაისური, რომლის ზურგზეც Sabbath Bloody Sabbath-ის გარეკანი იყო დაბეჭდილი. სახლში რომ მივიტანე, დედაჩემი გადაირია – იქ „666” ეწერა. მაიძულა, უკან დამებრუნებინა და მაღაზიაში ჩუმად, სირცხვილით ვიდექი, სანამ იბრუნებდნენ,” – იხსენებს ის. ახლა კი ამბობს, რომ მხოლოდ სიამაყეს გრძნობს: „ეს იმ ადამიანებისთვის პატივის მიგებაა, რომლებმაც ბრონქსელი ბავშვი მუსიკოსად ჩამომაყალიბეს – ჩემთვის ეს ყველაფერია“.
მისივე თქმით, ორივე ჯგუფი განსხვავებულად ესადაგება Black Sabbath-ის ესთეტიკას: „ჯოი ბელადონა და ფილიპ ანსელმო სრულიად განსხვავებული ვოკალისტები არიან. ჯოის ძალიან მაღალი ტონალობა აქვს და ცდილობს, იმავე სიმაღლეებს მიაღწიოს, რასაც ოზი, მაშინ, როცა ფილიპი უფრო დაბალ რეგისტრში მღერის. Pantera კი რითმულად უფრო ესადაგება ამ მუსიკას.”
Priest-ის ვოკალისტი რობ ჰალფორდი განმარტავს მიზეზს, რატომაც Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებელ შოუზე ვერ გამოვა. „როცა შერონი დაგვიკავშირდა, იცოდა, რომ Scorpions-თან ერთად უნდა გამოვსულიყავით. მინდოდა, ორ ქალაქს შორის მეფრინა და ორივეგან ვყოფილიყავი, მაგრამ მეტისმეტად რთული იქნებოდა. როგორც Scorpions-თან, ასევე ოზისთან და Black Sabbath-თან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს, ამიტომ ეს ყველაფერი ესმით. გულით იქ ვიქნებით,” – ამბობს ჰალფორდი.