1985 წლის 13 ივლისი მუსიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამ დროს ჩატარდა ორდღიანი საქველმოქმედო კონცერტი, სახელწოდებით Live Aid, რომელზეც პლანეტის ყველაზე ცნობილი არტისტები ერთობლივი ძალებით გამოვიდნენ გლობალური ჰუმანიტარული მიზნისთვის. კონცერტი ორ ადგილას – ლონდონის უემბლის სტადიონზე და ფილადელფიის JFK სტადიონზე ჩატარდა. ღონისძიების მიზანი შიმშილის პრობლემის გამო დაზარალებული ეთიოპიის დახმარება იყო.
უკვე 40 წელია, რაც Live Aid-ის მთავარი მომენტები მუსიკის ისტორიაში ლეგენდად იქცა. განსაკუთრებით დასამახაოვრებელი იყო Queen-ის გამოსვლა. ფილადელფიაში, JFK სტადიონზე მიკ ჯაგერი გამოვიდა როგორც სოლო არტისტი. სცენაზე მას ასევე შეუერთდა ტინა ტერნერი. ჯაგერმა ვიდეო კლიპი Dancing in the Street წარადგინა, რომელიც დევიდ ბოუისთან ერთად ჩაწერა. პროექტში მონაწილეობა ასევე მიიღო მადონამ. ფილ კოლინზი კი სცენაზე გამოჩნდა, როგორც სოლო არტისტი.
მონაწილეებს შორის იყვნენ დევიდ ბოუი, U2, კვლავ ერთად შეკრებილი The Who, პატი ლაბელი, სცენაზე პირველად დაბრუნებული ტედი პენდერგრასი, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად სამი წლის განმავლობაში პარალიზებული იყო. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე გამოჩნდა პოლ მაკარტნი, რომელმაც მაყურებელს Let It Be-ს ემოციური შესრულება შესთავაზა.
ორ მთავარ სცენაზე სულ 57 არტისტი იყო წარმოდგენილი და ეს რიცხვი არ მოიცავს ევროპაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და საბჭოთა კავშირში გამართულ პარალელურ კონცერტებს, რომლებიც ასევე Live Aid-ის გლობალური ტელემარათონის ნაწილი იყო.
ამრიგად, ბუნებრივია, რომ მრავალი შესანიშნავი გამოსვლა ყურადღების მიღმა დარჩა. Billboard მკითხველს სწორედ იმ მუსიკალური ნომრების ჩამონათვალს სთავაზობს, რომლებიც რედაქციის შეფასებით, მეტ ყურადღებას და აღიარებას იმსახურებს.
ბრაიან ფერი
ორგანიზატორ ბობ გელდოფის თქმით, Roxy Music-ის ფრონტმენი ერთადერთი იყო, ვინც უკმაყოფილება გამოხატა Live Aid-ის ლაინაფის გამოცხადების შემდეგ. „ბრაიანმა დამირეკა და მითხრა, რომ არ დამთანხმებია ამაზე. ვუპასუხე: „მეგონა, თანახმა იყავი.” მან კი მითხრა, რომ პასუხს მეტყოდა. „ბრაიან, უკვე გამოგაცხადე.“ – ვუთხარი მე. ფერის პასუხი სცენაზე ღირსეული იყო. მასთან ერთად Pink Floyd-ის დევიდ გილმორი უკრავდა. შესრულება მოიცავდა სამ სიმღერას ახალი ალბომიდან – Boys and Girls.
Ultravox
Ultravox-ის ჯგუფის ლიდერი მიჯ იური თავად იყო ერთ-ერთი მთავარი ძალა Live Aid-ის მიღმა. მან Ultravox-ის 4-ნაწილიანი სეტი შეასრულა, რომელშიც Dancing With Tears in My Eyes თავის ახალ კონტექსტში კიდევ უფრო მძაფრი შთაბეჭდილებით გაჟღერდა.
Crosby, Stills, Nash & Young
ლეგენდარული ჯგუფის ეს გაერთიანება, რომელიც 1974 წლის შემდეგ პრაქტიკულად აღარ არსებობდა, მეტ გამოხმაურებას იმსახურებდა. თუმცა მათი მოკრძალებული გამოსვლა Led Zeppelin-სა და Duran Duran-ს შორის შედგა. პერფორმანსის შესახებ ნეში იხსენებს: „ცოტა ვნერვიულობდით, რადგან დიდი ხანი არ დაგვიკრავს ერთად… მაგრამ მგონი, კარგად შევასრულეთ.“
The Four Tops
The Four Tops-მა მსმენელს 12-წუთიანი ენერგიული მუსიკალური ნომერი აჩუქა, რომელიც მოიცავდა სიმღერებს: Shake Me, Wake Me, Bernadette, It’s the Same Old Song, Reach Out I’ll Be There დ I Can’t Help Myself.
Sade
ბრიტანული ჯგუფი იმ დროისთვის წარმატებული იყო თავისი ალბომით – Diamond Life და ახალ ჩანაწერზე – Promise-ზე მუშაობდა. ჯგუფი ლონდონის კონცერტზე გამოვიდა. მათი სამსიმღერიანი სეტი დახვეწილი და მსუბუქი პერფორმანსი იყო.
Run-D.M.C
მხოლოდ ორი ალბომის მქონე ჯგუფი Live Aid-ზე ჰიპ-ჰოპის ერთგვარი ელჩი გახდა. Jam Master Jay-ს და King of Rock-ის შესრულებით მათ მკაფიო განაცხადი გააკეთეს, რომ ჰიპ-ჰოპი გასათვალისწინებელი ჟანრია.
ელტონ ჯონი
მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოსვლა Queen-ისა და ბოუის პერფორმანსს მოჰყვა და გარკვეულწილად დაიჩრდილა, ელტონ ჯონის მუსიკალური ნომერი Live Aid-ის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მან შეასრულა I’m Still Standing, Bennie and the Jets, Rocket Man, ასევე დუეტი Kiki Dee-სთან – Don’t Go Breaking My Heart. ელტონ ჯონი ასევე შეუერთდა Wham!-ის პერფორმანსს.
The Pretenders
ქრისი ჰაინდი და The Pretenders 1985 წელს ახალი ალბომის ჩაწერაზე მუშაობდნენ და მხოლოდ სამი კონცერტი ჰქონდათ, მათ შორის იყო Live Aid. მათი ხუთსიმღერიანი სეტი კონცერტის ენერგიიული ნაწილი იყო.
Black Sabbath
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფის ორიგინალური შემადგენლობის პირველი გამოჩენა დასამახსოვრებელი მომენტი იყო. ბენდმა Children of the Grave, Iron Man და Paranoid დილის 9:55-ზე შეასრულა. „ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ კარგი საქმისთვის დავთანხმდით… თუმცა წინა ღამის გადაჭარბებული სმის შემდეგ ნაბახუსევი გვქონდა. მგონი, მაინც კარგი გამოვიდა,” – იხსენებს ბენდის ბასისტი გიზერ ბატლერი.
Dire Straits
Dire Straits იმ ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი იყო, რომელიც იმავე საღამოს უემბლის არენაზე სრულ კონცერტს ატარებდა. მათ Live Aid-ზე Money for Nothing შეასრულეს Sting-თან ერთად.
The Heartbreakers
ახალი ალბომის, Southern Accents-ის მხარდასაჭერად ტურნეში მყოფმა ჯგუფმა ოთხსიმღერიანი დინამიკური გამოსვლა შესთავაზა მსმნელს. ბენდმა American Girl, The Waiting, Rebels და Refugee-ს შეასრულა. გიტარისტი მაიკ კემპბელი იხსენებს: „ისეთი გიგანტური ღონისძიება იყო, რომ უბრალოდ ვაკეთებდით იმას, რაც გვევალებოდა. პატივი იყო, რომ მონაწილობა მივიღეთ.”
ჯორჯ თოროგუდი & The Destroyers
ბენდი პროექტში თითქმის ბოლო მომენტში ჩაერთო. თოროგუდმა სცენაზე მოიწვია ლეგენდები: ბო დიდლი და ალბერტ კოლინსი. მათ შეასრულეს Who Do You Love? და Madison Blues, ასევე ელმორ ჯეიმსის The Sky is Crying. როგორც თოროგუდმა მოგვიანებით გაიხსენა, ბენდის წევრები ფრენის გამო გამოუძინებლები და დაღლილები იყვნენ, სცენაზე კი ძალიან ცხელოდა. თოროგუდმა ასევე გაამხილა, რომ კონცერტის ჩანაწერი არასდროს უნახავს. „აუდიტორიიდან არაფერი უსვრიათ, ამიტომ, ვფიქრობ, წარმატებით გამოვედით”.