30 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მსმენელის წინაშე ლაივ პერფორმანსით Moby წარდგება. არტისტის კონცერტი საქართველოში Flitz Collective-ის ორგანიზებით იმართება.
Moby თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ელექტრონული, ემბიენტისა და ალტერნატიული მუსიკის განვითარებაზე.
Moby 1965 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში დაიბადა. ბავშვობა უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. 80-იანი წლების ბოლოს, როცა მუსიკოსობაზე ოცნებობდა, Moby მიტოვებულ ქარხანაში ცხოვრობდა.
1999 წელს Moby-მ ალბომი Play გამოუშვა, რომელიც თავდაპირველად კომერციულად ჩავარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიმღერების რეკლამებსა და ფილმებში გამოყენება დაიწყეს, Play-ს 12 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და Moby გლობალურ ვარსკვლავად იქცა.
„ფაიფური მყიფე და თეთრია, მეც მყიფე და თეთრი ვარ,“ – ასე ხსნის Moby თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის, Porcelain: A Memoir-ის სათაურს, რომელიც 2016 წელს გამოიცა. წიგნში ამბის თხრობა იწყება 1989 წლიდან და სრულდება იმ მომენტამდე, სანამ ალბომი Play გლობალურ წარმატებას მიაღწევდა. 2019 წელს Moby-მ მეორე მემუარი, სახელწოდებით Then It Fell Apart გამოსცა, რომელიც Porcelain-ის გაგრძელებაა. წიგნი მკითხველს Play-ს უზარმაზარი წარმატების შემდგომ წლებზე მოუთხრობს.
მიუხედავად დიდი წარმატებისა, მუსიკოსი ხშირად საუბრობდა პარადოქსზე, რომ ყველაზე მარტოხელა და უბედური სწორედ პოპულარობის ზენიტში იყო.
Moby 2000-იანების იმ არტისტებს მიეკუთვნება, რომელთა აქტუალობა და მუსიკალური გავლენა არასდროს შესუსტებულა. 2026 წელს მან თავისი 23-ე ალბომი Future Quiet გამოსცა.
Moby-ს პერსონა ყურადღებას არამხოლოდ მუსიკის, არამედ მისი აქტივიზმის გამოც იპყრობს. 1987 წლიდან იგი ვეგანი და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ცხოველთა უფლებების დამცველი მუსიკოსია. მისი შემოქმედება მრავალმხრივია, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრება არაერთ ასპექტს მოიცავს.
Moby თაყვანისმცემლებისთვის ყოველთვის აღმოჩენებით სავსე პერსონა იყო, რომელიც ინტერვიუდან ინტერვიუმდე აუდიტორიას თავისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტებს უმხელდა:
დაუდასტურებელი საგვარეულო კავშირი „მობი დიკის“ ავტორთან
Rolling Stone-ის ბიოგრაფიაში და სხვადასხვა ინტერვიუში Moby ამტკიცებდა, რომ ჰერმან მელვილის შთამომავალი იყო და რომ მეტსახელ „Moby“-ს სწორედ მელვილის რომანის – „მობი დიკის“ მიხედვით ეძახდნენ. თუმცა ეს დადასტურებული ფაქტი არ არის და უფრო საგვარეულო გადმოცემად მიიჩნევა.
პანკ-როკ წარსული
17 წლის ასაკში Moby პანკჯგუფ The Vatican Commandos-ში უკრავდა. ბენდმა რამდენიმე EP გამოუშვა. Moby-მ მოგვიანებით ჯგუფი დატოვა.
Play – კომერციული კრახიდან პოპულარობამდე
1999 წლის ალბომის, Play-ს გამოსვლის პირველ კვირაში ჩანაწერის დაახლოებით 6 000 ასლი გაიყიდა. გაყიდვების სტატისტიკა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოზე მოდიოდა და აშშ-ში ის საერთოდ ვერ მოხვდა ჩარტებში. Moby-მ ყველა სიმღერაზე ლიცენზია სარეკლამო სააგენტოებს, კინოსტუდიებსა და ტელევიზიებს გადასცა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა მთელი ალბომის სიმღერები ასე მასობრივად „გაიყიდა“ კომერციული მიზნებისთვის. შედეგად, ალბომის 12 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ნამუშევარი მუსიკალურ ინდუსტრიაში პრეცედენტულ შემთხვევად იქცა.
Play ძალიან მცირე ბიუჯეტით – საძინებელში, მეორადი აპარატურით ჩაიწერა. Moby-ს სურდა, რომ ალბომი ვოკალზე ყოფილიყო კონცენტრირებული, მაგრამ თვითონ კარგად ვერ მღეროდა, ამიტომ გამოიყენა სემპლები მეგობრებისგან მიღებული CD-ებიდან. ერთადერთი გამონაკლისია Porcelain, სადაც Moby ვოკალურ პარტიას თავად ასრულებს.
დაპირისპირება ემინემთან
2000-იანების დასაწყისში Moby-მ ემინემის ტექსტები ჰომოფობიურად და მიზოგინურად შეაფასა. ამ კრიტიკას რეპერიც გამოეხმაურა თავის ტრეკში – Without Me. ემინემმა პროვოკაციული ნაბიჯი აირჩია და Moby ჰომოფობიური, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია. Moby-მ მოგვიანებით იხუმრა, რომ ეს „კომპლიმენტია“, რადგან ემინემმა მაინც შეამჩნია.
რადიკალური ვეგანიზმი და ცხოველთა უფლებები
მრავალი ათწლეულია, რაც Moby ვეგანია. 1996 წელს მან ალბომი Animal Rights გამოუშვა და ცხოველთა უფლებების აქტიური დაცვა დაიწყო. Moby-მ არაერთხელ განაცხადა, რომ ცხოველთა უფლებები მისთვის მუსიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. Animal Rights-ის CD ვერსიის ბუკლეტში, ბოლო გვერდზე, Moby-მ თავისი სახლის ტელეფონის ნომერი დაბეჭდა. მას სურდა, გაეგო, რას ფიქრობდნენ ადამიანები ცხოველთა უფლებებზე.
2025 წელს Moby-მ კვლავ გააზიარა თავისი ტელეფონის ნომერი. არტისტმა Instagram-ზე და Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც აუდიტორიას მიმართა: „მე მივუთითე ტელეფონის ნომერი. თუ შეგიძლიათ, დამირეკეთ და დამიტოვეთ შეტყობინება: როგორ ახერხებთ, ამ დროებაში საღი მენტალური მდგომარეობა შეინარჩუნოთ? ჩვენ ამ შეტყობინებებს მომავალ პოდკასტში გამოვიყენებთ.“ გაზიარებული ნომერი იყო: 909-345-1089.
2001 წელს, Play-ის უზარმაზარი წარმატების შემდეგ, Moby-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გახსნა განყოფილება „Moby Answers Your Questions“, სადაც ფანებს კითხვების დასმა შეეძლოთ, ხოლო Moby თავად კითხულობდა და პასუხობდა მათ. პასუხები ზოგჯერ მოკლე და იუმორით გაჯერებული, ზოგჯერ კი საკმაოდ ღრმა და გულწრფელი იყო.
ამ კითხვა-პასუხის განყოფილებიდან Moby-მ ბევრი საინტერესო დეტალი გაამხილა. მაგალითად:
როცა ჰკითხეს, რატომ აქვს დაბალი თვითშეფასება, მან უპასუხა: „არ ვფიქრობ, რომ დაბალი თვითშეფასება მაქვს. უბრალოდ, საკმაოდ რეალისტურად ვხედავ ჩემს ძლიერ და სუსტ მხარეებს… თუმცა, შესაძლოა, ამაშიც ვცდები.“
2001 წლის Q&A-ში Moby-მ ასევე თქვა, რომ თუ ერთ თანამედროვე მუსიკოსთან შეეძლებოდა მუშაობა, ეს დევიდ ბოუი იქნებოდა. Moby-მ მას „დიდი არტისტი და ფენომენალური ტალანტი“ უწოდა.
თანამედროვე მუსიკის ისტორიაში Moby ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გულწრფელ ფიგურად ითვლება, რომელიც მუდამ არღვევს ინდუსტრიის საზღვრებს და მუსიკალურ ისტორიას თავისი წესებით წერს.
Moby-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.