Billboard-ის 100-წელზე მეტი ხნის ისტორიაში პირველად, გამოცემა რამდენიმე გლობალურ გარეკანს მუსიკისა და სპორტის გადაკვეთას უძღვნის – ფეხბურთისა და მუსიკის დღესასწაულის ისტორიებს 11 ქვეყნის 11 გარეკანი დაეთმობა. პირველი მათგანი 8 ივნისს, აშშ-ის გამოცემამ წარადგინა, ამ კვირაში კი მას კიდევ 10 გარეკანი მოჰყვება. შემდეგი არის საქართველოს გარეკანი, რომელიც გურამ კაშიას და გიგი დედალამაზიშვილის დიალოგით გვიყვება მუსიკისა და ფეხბურთის ძლიერი კავშირის შესახებ.
რედაქტორის სვეტი: ისტორიული თაობის საუნდტრეკი
არსებობს მომენტები, როდესაც მთელი ქვეყნის გული ერთი რიტმით ძგერს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ზაფხული ზუსტად ასეთი მომენტი იყო – საფეხბურთო ზეიმი, რომელმაც საქართველოში სხვადასხვა თაობის ადამიანები გააერთიანა და ისინი საერთო სიხარულით აავსო.
მართალია, დღეს მსოფლიო ქართულ ფეხბურთს ხვიჩა კვარაცხელიას სახელით იცნობს, მაგრამ ამ ისტორიულ წარმატებას ორი მთავარი რამ სჭირდებოდა: ნაკრების ლიდერი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ და საუნდტრეკი, რომელიც ამ დიდებული ისტორიის მუსიკალურ თანამგზავრად იქცა.
ამ პროექტისთვის Billboard Georgia-მ ერთად შეკრიბა ის ორი ადამიანი, რომლებმაც გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოცია აჩუქეს. სტადიონზე – გურამ კაშია, სცენაზე – გიგი დედალამაზიშვილი.
სიმღერა, რომელიც სტადიონს გასცდა:
„საქართველოა“ თავდაპირველად ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად შეიქმნა, თუმცა მან სწრაფადვე ბევრად დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სიმღერა ერთგვარ საერთო რიტუალად იქცა – ის ისმოდა სტადიონებზე და მას ერთხმად მღეროდნენ გულშემატკივრები.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია/ლაშა კუპრაშვილი
ნაწილი I: ათლეტი – გიგი კითხვებს უსვამს გურამს
გიგი: რა იყო შენი პირველი სიმღერა, ან ხმა, რომელიც ბავშვობიდან გახსოვს და გიყვარდა?
გურამი: ბავშვობაში, როდესაც დაახლოებით ექვსი წლის ვიყავი, მამაჩემი სულ The Beatles-ს უსმენდა. პირველი სიმღერა, რომელიც განსაკუთრებით შემიყვარდა და დღემდე მახსოვს, Yesterday იყო. ეს მელოდია ჩემთვის ბავშვობასთან არის დაკავშირებული და ყოველთვის, როცა ვუსმენ, იმ დროში მაბრუნებს.
გიგი: წარსულში თუ გქონდა გამორჩეული მსოფლიო ჩემპიონატი ან სიმღერა, რომელიც იმ დროს გახსენებს?
გურამი: მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩემი პირველი მოგონება რობერტო ბაჯოს აცილებული პენალტია 1994 წლის მუნდიალზე. რაც შეეხება სიმღერას – შაკირას Waka Waka. სადაც არ უნდა მოვისმინო, მაშინვე მსოფლიო ჩემპიონატი მახსენდება. თუმცა, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, პირადად ჩემთვის 2010 წლის მუნდიალი არ ყოფილა გამორჩეული.
გიგი: ვამაყობდით იმით, რომ „საქართველოა“ ასე მჭიდროდ დაუკავშირდა ხალხს ევრო 2024-ის დროს – განსაკუთრებით ბავშვებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ყველას. როგორც კაპიტანი, როდესაც ნაკრების გარშემო ასეთ მხარდაჭერას ხედავდი, გრძნობდი თუ არა, რომ ეს ენერგია მოედანსაც მისწვდებოდა?
გურამი: „საქართველოა“ ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, განსაკუთრებული სიმღერაა. მასთან საოცარი მოგონებები გვაკავშირებს და როდესაც ეს სიმღერა მესმის, ყოველთვის ჟრუანტელი მივლის და სიამაყით ვივსები. ამ სიმღერასთან ნამდვილად განსაკუთრებული კავშირი მაქვს, რადგან მხოლოდ კარგ და საამაყო მომენტებთან ასოცირდება. ეს არის მელოდია, რომელიც ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ფეხბურთელებს სასიხარულო წუთებს გვახსენებს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია/ლაშა კუპრაშვილი
გიგი: თამაშის წინ მუსიკას თუ უსმენ და ახლა რა გაქვს ფლეილისტში?
გურამი: როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, თამაშის წინ მოტივაციას ხშირად მუსიკით ვიქმნიდი. ბოლო პერიოდში ეს ნაკლებად მჭირდება – ახლა უკვე სხვაგვარად ვემზადები. თუმცა, წლების წინ მუსიკას ჩემთვის ნამდვილად დიდი როლი ჰქონდა. კანიე უესტის აქტიური მსმენელი ვიყავი – მისი ენერგია, სიტყვები და ის აგრესიული ემოციები, რაც მის მუსიკას ახლავს, ყოველთვის მმატებდა მოტივაციას. ახლა უფრო მშვიდ და ჩემთვის უფრო გასაგებ მუსიკას ვარჩევ. ვუსმენ მაკ მილერს, დავუბრუნდი Oasis-საც და ბოლო დროს მათ მუსიკას განსაკუთრებით ხშირად ვუსმენ.
გიგი: მთელ შენს საფეხბურთო კარიერას საუნდტრეკი რომ ჰქონდეს, როგორი იქნებოდა?
გურამი: თუ ჩემი კარიერის საუნდტრეკი უნდა ავირჩიო, ეს აუცილებლად ნოელ გალაგერის Champagne Supernova იქნებოდა. ძალიან კარგი სიმღერაა და მგონია, რომ ჩემი კარიერის მთავარ მომენტებსაც ძალიან მოუხდებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, კარიერის დასრულებასაც სწორედ ამ სიმღერასთან ვაკავშირებ.
გიგი: როცა თამაშებს ვუყურებთ, ვხედავთ, მთელი გულით როგორ მღერი ჰიმნს. გულშემატკივრები ამას ეკრანიდანაც ვგრძნობთ. იმ მომენტში რაზე ფიქრობ?
გურამი: ალბათ ის, რაც ყველაზე ნაკლებად გამომდის და საჯაროდ მეუხერხულება, სიმღერაა. თუმცა იმ მომენტში, როცა ჰიმნი ჟღერს, იმდენად ამაყი ვარ და იმდენად ამაღელვებელია ეს ყველაფერი, რომ საერთოდ აღარ მაინტერესებს, როგორ გამომდის. ჰიმნის შესრულება ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია და ყოველთვის გულით მინდა ვიმღერო. ეს ჩემი ქვეყნისადმი სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ფორმაა – თუნდაც იმ სივრცეში, სადაც თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ ვგრძნობ. როცა ვიდეოებს მე და ჩემი შვილი ვუყურებთ, ხშირად გულიანად გვეცინება ხოლმე, მაგრამ მე ნამდვილად მთელი გულით ვმღერი. ჰიმნს და ამ მომენტს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია/ლაშა კუპრაშვილი
გიგი: გაქვს ტატუ, რომელიც ლეგენდარულ მუსიკოსს უკავშირდება. რას ნიშნავს ეს სიმბოლო და მისი ფილოსოფია პირადად შენთვის?
გურამი: მუსიკისადმი ჩემი სიყვარული The Beatles-ით დაიწყო. თავიდან მამაჩემი ფაქტობრივად მაძალებდა მათ მოსმენას. ჯონ ლენონი მისი საყვარელი მუსიკოსი იყო და ძალიან ბევრს მასმენინებდა. რამდენიმე წლის წინ მამაჩემი გარდაიცვალა და მის ხსოვნას პატივი იმით მივაგე, რომ ჯონ ლენონის ტატუ გავიკეთე. ჩემთვის ის ხელოვნების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სამაგალითო ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე წავიდა, უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა.
ეს ტატუ ჩემთვის განსაკუთრებულ მოგონებებს ატარებს – როგორც მუსიკის, ისე მამაჩემთან ურთიერთობის მხრივ. The Beatles-ის მოსმენისას ყოველთვის მამაჩემი მახსენდება, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ხშირად ვეღარ ვუსმენ. ეს მუსიკა იმ დროს მახსენებს, რომელიც აღარასდროს დაბრუნდება და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.
გიგი: გითამაშია აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თუ გიცდია, უცხოელი თანაგუნდელებისთვის ქართული მუსიკა გაგეცნო და როგორ მიიღეს ჩვენი ჟღერადობა?
გურამი: ქართული მუსიკა თანაგუნდელებისთვის არაერთხელ გამიზიარებია. ენის არცოდნის გამო, შეიძლება ნაკლებად მოსწონებიათ – უთქვამთ კიდეც, რომ ჩვენი სიტყვები ზოგჯერ უხეშად ჟღერს. ხშირად თავადაც უთხოვიათ, ქართული მუსიკა ჩაგვერთო, მელოდია მოსწონებიათ, მაგრამ როცა შინაარსს ვერ იგებენ, მისი ბოლომდე აღქმა უჭირთ. ვფიქრობ, ჩვენი მუსიკა პირველ რიგში მაინც ჩვენია – ის ჩვენს ემოციებს, ჩვენს ენასა და კულტურას ატარებს.
მე თვითონ ირაკლი ჩარკვიანის, ნიაზ დიასამიძის, „მგზავრებისა“ და „ფრანის“ მსმენელი ვარ. კარიერის განმავლობაში მათი მუსიკა ხშირად მეხმარებოდა სწორი განწყობის შექმნაში. დღესაც, ჩემი Spotify-ის ქართულ ფლეილისტში უმეტესად სწორედ მათი სიმღერებია. არის გარკვეული კომპოზიციები, რომლებიც პერიოდულად ემატება ხოლმე სიას, მაგრამ ეს ის შემსრულებლები არიან, რომლებსაც ყოველთვის ვუბრუნდები – ისინი არ იცვლებიან და ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ახლობლებად რჩებიან.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია/ლაშა კუპრაშვილი
გიგი: წარმოიდგინე, რომ დღევანდელი ნაკრები მუსიკალური ჟანრია. როგორი იქნებოდა? მძიმე მეტალი, კლასიკა, სიმფონია, თუ რამე პანკ-როკის ენერგიით?
გურამი: გუნდის ჟანრი ალბათ პანკ-როკი იქნებოდა. ახალგაზრდა გუნდია, ახლა ყალიბდება და ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ, რომ პანკ-როკი ნამდვილად მოუხდებოდა – თუნდაც ჩაცმულობიდან გამომდინარე.
ნაწილი II: არტისტი – გიგი დედალამაზიშვილი

ფოტო: Billboard Georgia/ნინუცა კაკაბაძე
სცენასა და მოედანს შორის
„ვფიქრობ, ფეხბურთელები და მუსიკოსები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. პირველ რიგში, ორივე იმ საქმეს ემსახურება, რომელიც უყვარს. როდესაც გაქვს ბედნიერება, რომ სცენაზე იდგე ან მოედანზე გახვიდე, ამას უდიდესი პასუხისმგებლობაც ახლავს. წარმომიდგენია, რამდენად დიდია ეს განცდა ფეხბურთელისთვის – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარადგენ და შენი ყოველი ნაბიჯი პირდაპირ შენი ქვეყნის სახელს უკავშირდება“.
სიმღერა, რომელიც თაობებს აკავშირებს
„ყველაზე გაბედულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ „საქართველოა“ სხვადასხვა თაობას ასე მჭიდროდ დააკავშირებდა. ეს ფეხბურთის უდიდესი დამსახურებაა. ჩვენ ეს სიმღერა თავიდანვე ეროვნულ ნაკრებს მივუძღვენით. პირველად რომ მოვუსმინე, როგორ მღეროდა მას მთელი სტადიონი, ცრემლები ვერ შევიკავე. არ არსებობს მუსიკოსი, რომელიც არ ოცნებობს, რომ მისი მელოდია ეროვნული ნაკრების მატჩზე ჟღერდეს. უდიდესი მადლობა გულშემატკივრებს და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენს მუსიკაზე იზრდებიან“.
გამორჩეული მსოფლიო ჩემპიონატი
„საფეხბურთო საუნდტრეკებზე საუბრისას, პირველი, რაც მახსენდება, არის 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის იტალიური ჰიმნი – Notti Magiche. მამაჩემი ხშირად უსმენდა ამ სიმღერას. თუმცა ჩემი აბსოლუტური ფავორიტი და გამორჩეული მაინც 1998 წლის მუნდიალია. მაშინ 12 წლის ვიყავი და ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც თავიდან ბოლომდე, ინტერესით ვუყურე“.