მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
შაკირა ასრულებს Waka Waka-ს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში, ორლანდოს სტადიონზე
STUART FRANKLIN/GETTY IMAGES

დღეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნება – ღონისძიება, რომელიც უკვე დიდი ხანია, გასცდა სპორტის საზღვრებს და საყოველთაო მოვლენად იქცა. ყოველ ოთხ წელიწადში ის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა და ადამიანებს ფეხბურთის გარშემო აერთიანებს. FIFA-ს მონაცემებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სხვადასხვა ეტაპზე ჯამში დაახლოებით 5 მილიარდმა ადამიანმა უყურა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 60%-შეადგენს.

ჩემპიონატის ისტორია კი მხოლოდ მისი მატჩებითა და გოლებით არ იწერება. დიდი ხანია, მის შემადგენელ ნაწილად მუსიკაც იქცა – სიმღერები, რომლებიც ტურნირის ემოციების, გამარჯვების სიხარულისა და გულშემატკივრის ერთიანობის საუნდტრეკებად იქცევა. 

მართალია, მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1930 წელს ჩატარდა, თუმცა FIFA-მ ოფიციალური სიმღერების ტრადიციის დამკვიდრება 1990 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ თითოეულ ჩემპიონატს თავისი მუსიკალური სახე და მეხსიერება აქვს და ეს ის სიმღერებია, რომლებიც თავად ტურნირზე არანაკლებ პოპულარული ხდება. 

წელს ეს პასუხისმგებლობა კვლავ შაკირას ერგო. სიმღერა Dai Dai, რომელიც 15 მაისს გამოვიდა, კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ნიგერიელ მუსიკოს Burna Boy-სთან ერთად ჩაწერა. ეს შაკირასთვის მსოფლიო ჩემპიონატის სცენაზე მორიგი დაბრუნებაა მას შემდეგ, რაც მომღერალმა 2010 წელს ამ ჟანრის ყველაზე წარმატებული სიმღერა შექმნა. 

1990-იანი წლებიდან მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები ტურნირის განუყოფელ ნაწილად იქცა. სტადიონების ჰიმნებიდან დაწყებული, საერთაშორისო ჩარტების ლიდერი ჰიტებით დასრულებული, ეს კომპოზიციები ყველაზე უკეთ გადმოსცემენ ფეხბურთის ენერგიასა და ერთიანობის სულისკვეთებას და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არა მხოლოდ სპორტულ, არამედ კულტურულ მოვლენადაც იქცა. ისეთი არტისტები, როგორებიც არიან შაკირა, რიკი მარტინი, K’naan, Pitbull ტურნირზე იმ მუსიკალურ მომენტებს ქმნიდნენ, რომლებიც გულშემატკივარს ისევე კარგად ახსოვთ, როგორც თავად მატჩები. 

მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერების რეალური პოტენციალი მუსიკალურმა ინდუსტრიამ სრულად 1998 წელს დაინახა, როცა რიკი მარტინმა The Cup of Life (La Copa de la Vida) გამოსცა. ინგლისურ და ესპანურ ენებზე ჩაწერილი სიმღერა – თავისი ცნობილი ფრანგული შეძახილით allez, allez, allez – მსოფლიო ჰიტად იქცა. Billboard Hot 100-ის ჩარტში მან 45-ე ადგილს მიაღწია, ხოლო რიკი მარტინს საუკეთესო ლათინური პოპ-შესრულებისთვის გრემის ჯილდო მოუტანა. სიმღერამ მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე გავლენიან და გადამწყვეტ პლატფორმად აქცია, რომელმაც ლათინური მუსიკის მსოფლიო პოპულარიზაციას, ე.წ. ლათინურ აფეთქებას შეუწყო ხელი. 

საერთაშორისო წარმატებას მიაღწია ასევე მსოფლიო ჩემპიონატის არაერთმა სიმღერამ, მათ შორისაა: 2014 წლის We Are One (Ole Ola), რომელსაც Pitbull, ჯენიფერ ლოპესი და კლაუდია ლიეტე ასრულებენ. სიმღერა Billboard Hot 100-ის 59-ე ადგილზე გავიდა და 146.5 მილიონზე მეტი ოფიციალური სტრიმი დააგროვა; ასევე K’naan-ის Wavin’ Flag, რომელიც 2010 წლის ჩემპიონატისთვის შეიქმნა. სიმღერამ Hot 100-ის 82-ე პოზიცია და 161.6 მილიონი სტრიმი დააგროვა. 

თუმცა არცერთ მათგანს არ ჰქონია მუსიკალურ ინდუსტრიაზე ისეთი ხანგრძლივი გავლენა, როგორიც შაკირას Waka Waka-ს. თუ არსებობს მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერა, რომელიც სპორტული ღონისძიების ფარგლებს გასცდა და დამოუკიდებელ კულტურულ მოვლენად იქცა, ეს სწორედ 2010 წლის ჩემპიონატისთვის შექმნილი ჰიმნია. 

სიმღერა Billboard Hot 100-ის 38-ე ადგილზე გავიდა, თუმცა მისი წარმატება წლების შემდეგაც გრძელდება. დღეს ვიდეოს იუთუბზე  რეკორდული, 4 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, რაც მას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სიმღერად აქცევს. 

„მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერას უნდა ჰქონდეს იმ ადრენალინის შეგრძნება, რომელსაც თამაშისას ან საინტერესო მატჩის ყურებისას განიცდი,“ – ამბობს თავად შაკირა. „მას უნდა ჰქონდეს მოლოდინით სავსე დასაწყისი და შემდეგ მხიარული, ენერგიული, ფეთქებადი მისამღერი. მსმენელმა უნდა იგრძნოს კულმინაცია. ჩემი აზრით, მუსიკა საუკეთესო საშუალებაა ისეთი ძლიერი ემოციების გადმოსაცემად, როგორსაც მსოფლიო ჩემპიონატი იწვევს.”

2021 წელს FIFA-მ ახალი სტრატეგია – FIFA Sound წარადგინა, რომლის მიზანიც ფეხბურთისა და მუსიკის აუდიტორიების ერთმანეთთან დაახლოება იყო. ინიციატივის ფარგლებში ორგანიზაციამ პარტნიორობა დაიწყო Universal Music Group-თან და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ისტორიაში პირველი მრავალსიმღერიანი ოფიციალური საუნდტრეკი შექმნა. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი იყო Arhbo, რომელსაც Ozuna და GIMS ასრულებდნენ. სიმღერა სამი კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard-ის Latin Airplay ჩარტს.

წელს FIFA კიდევ ერთ სიახლეს ნერგავს. პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, ფინალურ მატჩზე მუსიკალური შოუ გაიმართება, სადაც მადონასთან და BTS-თან ერთად სცენაზე სწორედ შაკირა წარდგება. 

კოლუმბიელი მომღერალი მსოფლიო ჩემპიონატის მუსიკალურ ისტორიას კიდევ ერთხელ უბრუნდება და ჩნდება კითხვაც: შეძლებს თუ არა ის Waka Waka-ს რეკორდული წარმატების გამეორებას?!

ბუნებრივია, ზოგი სიმღერა სხვებზე მეტად პოპულარული ხდება, თუმცა წლების განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილმა კომპოზიციებმა ერთი რამ უდავოდ დაამტკიცეს – რომ მუსიკას აქვს უნიკალური უნარი, ადამიანები საერთო ემოციის გარშემო გააერთიანოს. სწორედ ამიტომ, ჩემპიონატის სიმღერები მხოლოდ უდიდესი სპორტული მოვლენის საუნდტრეკებს არ წარმოადგენენ – ისინი კოლექტიური მეხსიერების ნაწილად იქცევა და გულშემატკივრებს წლების შემდეგაც ისევე ცხადად, იმავე ემოციებთან აბრუნებს, რაც მათ ჩემპიონატის დროს განიცადეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

შემდეგი სტატია

დავით (ცო) ცინცაძემ სადებიუტო ტექნო EP – Against გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი