Tbilisi Hip-Hop Festival – თბილისში ურბანული კულტურის პირველი ფესტივალი გაიმართება

Tbilisi Hip-Hop Festival-ის შესახებ Billboard Georgia ფესტივალის თანადამფუძნებელს, ჯაბა შავიშვილს ესაუბრა.
Tbilisi Hip-Hop Festival

17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ს მულტიფუნქციური სივრცე თბილისში პირველ Tbilisi Hip-Hop Festival-ს უმასპინძლებს. ფესტივალი ურბანული კულტურის სხვადასხვა ფორმას – მუსიკას, ქუჩის ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას გააერთიანებს.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ შემსრულებლებს. მსმენელის წინაშე წარდგებიან: 

Talib Kweli – არტისტი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში სოციალური ჰიპ-ჰოპის მთავარ ფიგურად მიიჩნევა. ის ცნობილია Mos Def-თან საკულტო პროექტით, სახელწოდებით Black Star.

FLOHIO – სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი, რომელიც გრაიმს, რეპსა და ელექტრონულ მუსიკას ერთ ჟღერადობად გარდაქმნის.

საერთაშორისო ჰედლაინერებთან ერთად, მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული არტისტები: TAHA, Kay G, Mush One.

მუსიკალურ პერფორმანსებთან ერთად დაგეგმილია აქტივობები და შოუქეისებიც.

Tbilisi Hip-Hop Festival-ის შესახებ Billboard Georgia ფესტივალის თანადამფუძნებელს, ჯაბა შავიშვილს ესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, Tbilisi Hip-Hop Festival წლობით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების მატერიალიზაციაა, რომლის მიხედვითაც ქართულ სცენას საკუთარი ინსტიტუციური პლატფორმა სჭირდება:

„90-იანების თბილისში, უშუქობის, ქაოსისა და ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, ჩვენთვის ჰიპ-ჰოპი არ ყოფილა უბრალოდ მუსიკა – ის იყო სრულიად სხვა სამყაროს აღმოჩენა. დაბალი ხარისხის, გადაწერილი კასეტებით, გაცვლილი CD-ებითა და MTV-ის ფრაგმენტებით ჩვენ თვალწინ უზარმაზარი კულტურა გადაიშალა. მაშინ ენა კარგად არ გვესმოდა, სიტყვების მნიშვნელობა ბოლომდე არ ვიცოდით, მაგრამ გრუვმა, რიტმმა და იმ პირველყოფილმა ენერგიამ თავისი გააკეთა – ყველანი უკლებლივ ამ მუსიკისკენ წაგვიყვანა. ასე გაიხსნა ჩვენთვის აფროამერიკული მემკვიდრეობა: ჯაზის, სოულისა და ფანკის სემპლები, პროტესტი და შინაგანი ძალა, რომლითაც ადამიანები საკუთარ იდენტობას იცავდნენ. ამ კულტურამ მაშინ მთელი თაობა მოაჯადოვა და ჩვენთვის თავისუფლების მთავარ ენად იქცა.

Tbilisi Hip-Hop Festival-ის იდეა არ გაჩენილა ერთ დღეში და არც გარედან დაკვირვების შედეგია – ეს არის წლების განმავლობაში ჰიპ-ჰოპის საფუძვლიანი მოსმენის, მისი ისტორიისა და ფესვების უწყვეტი კვლევის და ამ კულტურისადმი პირადი, ორგანული სიყვარულის ლოგიკური შედეგი. რაც უფრო ღრმად შევდიოდით ამ მუსიკაში – ვინილის დიგინგიდან და ჯაზის და სოულის სემპლებიდან დაწყებული, ურბანული პოეზიისა და სოციალური პროტესტის ანალიზით დასრულებული – მით უფრო ნათელი ხდებოდა ერთი რამ: ჰიპ-ჰოპი არ არის რომელიმე სხვა ფესტივალის „გვერდითი სცენა“ ან საკლუბო ღამის დროებითი ჩანართი. ეს არის თვითმყოფადი, მასშტაბური კულტურა, რომელსაც სჭირდება საკუთარი, ავტონომიური სივრცე – სახლი, სადაც მისი ყველა ელემენტი სრულფასოვნად გაიშლება და სადაც ეს საზოგადოება თავს მასპინძლად იგრძნობს.“

პროექტის მიღმა დგას გუნდი, რომლისთვისაც ეს ფესტივალი მუსიკალურ ინდუსტრიასთან მრავალწლიანი პროფესიული კავშირის ბუნებრივი გაგრძელებაა. მათი გამოცდილება მსხვილი ფესტივალებისა და ფროდაქშენის მართვას, საერთაშორისო არტისტ-მენეჯმენტსა და ბუქინგს, სტრატეგიულ მარკეტინგს, მუსიკალურ ჟურნალისტიკასა და ჰიპ-ჰოპის კულტურის კვლევას აერთიანებს. 

Tbilisi Hip-Hop Festival-ის მთავარი ფილოსოფიაა Celebrating Hip-Hop Culture, რომელიც ჟანრს მხოლოდ მუსიკალურ შოუდ არ აღქვამს. ფესტივალის კონცეფცია ჰიპ-ჰოპის ხუთ ფუნდამენტურ ელემენტს ეფუძნება: MCing – თხრობა და რითმა, DJing – რიტმი და არქივაცია, Breaking – სხეულის ენა და ცეკვა, Graffiti – ქალაქის სივრცის აღქმა, Knowledge – ცნობიერება, ისტორია და საკუთარი ფესვების ცოდნა.

პროექტის შინაარსობრივ ბირთვს წარმოადგენს ვინილის კულტურა, სემპლინგი და ე.წ. დიგინგი (Digging) — იშვიათი ფირფიტების, მივიწყებული ჯაზისა და სოულის ბითების ძიების ხელოვნება. ორგანიზატორების ხედვით, ეს არის შეხსენება, რომ ჰიპ-ჰოპი ცოცხალ, ფიზიკურ არქივებზე დგას და არა მხოლოდ ციფრულ ფაილებზე.

ფესტივალის სტრატეგია მხოლოდ ჰიპ-ჰოპის ჟანრით არ შემოიფარგლება. მის ბაზაზე ეტაპობრივად გაიშლება აფროამერიკული მუსიკის სპექტრი – ჯაზი, ფანკი, სოული, ნეო-სოული და ბითმეიკინგ კულტურა, რაც გაფართოებული ვორქშოფებით, ლექციებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით დაიტვირთება.

სწორედ ამ მრავალმხრივი კონცეფციიდან გამომდინარე, ფესტივალის პროგრამა შუადღის 12:00 საათიდან იწყება: დღის ნაწილი სრულად ეთმობა ცეკვისა და გრაფიტის ბეთლებს, დოკუმენტალისტიკას, საარქივო გამოფენებს, ვინილის კუთხესა და ვორქშოფებს, ხოლო მთავარი სცენა 20:00 საათზე იხსნება. ამის გათვალისწინებით, Tbilisi Hip-Hop Festival ერთგვარი კულტურული გამოცდილებაა, სადაც ისტორიასა და ვიზუალურ ხელოვნებას მუსიკალურ შოუებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

წლების განმავლობაში ქართულ საფესტივალო სივრცეში ჰიპ-ჰოპს ცენტრალური ადგილი არასდროს ეჭირა. ის, როგორც წესი, როკ თუ ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე პატარა სცენით ან ცალკეული, მცირე ღონისძიებებით შემოიფარგლებოდა. Tbilisi Hip-Hop Festival ამ რეალობას ცვლის და სრულიად ახალ სივრცეს ქმნის – ადგილს, სადაც ჰიპ-ჰოპი უბრალოდ სტუმარი კი არ არის, არამედ მთავარი მასპინძელია.

ჯაბა შავიშვილი:

„ფესტივალის მთავარი პრინციპი ადგილობრივი ენისა და იდენტობის აღიარებაა. ქართულმა სცენამ 70-იანების ბრონქსის ენა პირდაპირ არ გადმოიტანა და თბილისის რეალობას მოარგო. ეს არ არის ამერიკული კულტურის ბრმა კოპირება – ეს არის ქართული ენის უნიკალური რიტმიკა, ლოკალური სოციალური კონტექსტი და თბილისური ყოფის გულწრფელი თხრობა. TAHA, Kay G და Mush One იმავე მასშტაბითა და პატივისცემით წერია აფიშაზე, როგორც უცხოელი ჰედლაინერები.

ფესტივალი აერთიანებს ორ ეპოქას – 90-იანების კასეტების თაობასა და დღევანდელ ახალგაზრდებს, რომლებიც თანამედროვე ჟღერადობას ქმნიან. ამასთან, ეს არის დამოუკიდებელი მუსიკალური ეკოსისტემის შექმნის მცდელობა: ფესტივალი უნდა იქცეს იმპულსად ახალი ქართული ლეიბლებისთვის, ბითმეიკერებისთვის, პროდიუსერებისა და დამწყები MC-ებისთვის. ეს არის ლოკალური სცენის ექსპორტის პლატფორმა, რომელიც ქართულ ანდერგრაუნდსა და გლობალურ მუსიკალურ ინდუსტრიას შორის მუდმივ, პროფესიულ ხიდს აშენებს.“

Tbilisi Hip-Hop Festival-ის ორგანიზატორების ხედვით, ფესტივალის, როგორც პლატფორმის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის – შექმნას დღე, რომლის დასრულების შემდეგაც მაყურებელს არა მხოლოდ კარგი მუსიკალური შოუების შთაბეჭდილება, არამედ იმ კულტურის სრული გამოცდილება გაჰყვება, რომელზეც მთელი თაობები გაიზარდნენ და რომელიც დღესაც უწყვეტად ვითარდება.

ფესტივალის პროგრამის შესახებ მეტი დეტალი იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გრემის მუზეუმში ოლივია როდრიგოს გამოფენა გაიხსნება

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგო

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – ოლივია როდრიგო, ალექს უორენი, JENNIE, Rod Wave და სხვა არტისტები

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი