დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმის, Stage-ის პრემიერა 14 თებერვალს ბერლინის „უბერ არენაზე” შედგება. ღონისძიება გააერთიანებს საარქივო საკონცერტო კადრებს, იმერსიულ ჟღერადობასა და განათებას. პროექტის პრესრელიზის თანახმად, აუდიოვიზუალური შოუ დაფუძნებულია ახლახან აღმოჩენილ და აღდგენილ კადრებზე, რომლებიც ბოუის 1978 წლის მსოფლიო ტურნეს დროს არის გადაღებული და რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი თავისი სავიზიტო ალბომის, Heroes-ის სიმღერებს ასრულებდა.
პროექტი Wonderworld-ის, დევიდ ბოუის მემკვიდრეობისა და დოკუმენტური ფილმების რეჟისორ ბრეტ მორგენის ერთობლივი ნამუშევარია. 2022 წელს მორგენმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ბოიუს შესახებ Moonage Daydream. კამერის ორიგინალი ნეგატივები მან სწორედ ამ ფილმზე მუშაობისას აღმოაჩინა.
ფილმი სამეკრანიან ფორმატში იქნება წარმოდგენილი. მასში გამოყენებული იქნება აქამდე გამოუქვეყნებელი 35-მილიმეტრიანი ფირიდან აღდგენილი კადრების მასშტაბური პროექციები, გამჭვირვალე LED ეკრანები და ცნობილი დიზაინერის, პატრიკ ვუდროფის მიერ შექმნილი განათება. ხმაზე კი ოსკარის მფლობელმა პოლ მესიმ იმუშავა.
პრესრელიზის თანახმად, ბოუიმ Stage 1978 წელს, ლონდონის Earls Court-ში გამართული Isolar II-ის კონცერტების დროს ჩაიფიქრა და თავადვე უწევდა პროდიუსინგს. ლეგენდარული კადრები მომღერლის არქივში ათწლეულების განმავლობაში ხელუხლებლად ინახებოდა. პროექტის ავტორების განცხადებით, ფილმი ბოუის, როგორც ცოცხალი შემსრულებლის შემოქმედებითი ძალაუფლების მწვერვალზე ყოფნას ასახავს.
თანამედროვე აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების დახმარებით, მორგენმა და მისმა გუნდმა ბოუის ხედვა რეალობად აქციეს ფილმში, რომელიც, პროდიუსერების თქმით, მაყურებელს მის კონცერტზე დასწრების განცდას უჩენს. „დევიდ ბოუიმ არაჩვეულებრივი საგანძური დაგვიტოვა – უპრეცედენტო საკონცერტო გამოცდილება, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს,” – განაცხადა Wonderworld-ის დამფუძნებელმა რობ ჰალეტმა. „დევიდ ბოუის მემკვიდრეობის გუნდსა და ბრეტ მორგენთან თანამშრომლობით, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ეს გამოცდილება 100%-ით შეესაბამებოდეს მის შემოქმედებით მემკვიდრეობას და ამავდროულად, მისი გენია ხელმისაწვდომი გავხადოთ გულშემატკივრებისა და ახალი თაობისთვისაც“, – ნათქვამია მის განცხადებაში.
ფილმში მუსიკოსს თან ახლავს მისი ერთ-ერთი გამორჩეული ბენდი: წამყვანი გიტარისტი ედრიან ბელიუ, გიტარისტი და მუსიკალური დირექტორი კარლოს ალომარი, ბასისტი ჯორჯ მიურეი, დრამერი დენის დევისი, კლავიშისტი როჯერ პაუელი, პიანისტი შონ მეისი და ელექტრო მევიოლინე საიმონ ჰაუსი. მაყურებელი მოისმენს ისეთ ცნობილ სიმღერებს, როგორებიცაა Ziggy Stardust, Rebel Rebel, Suffragette City, Fame და Heroes.
შოუ გამოიყენებს Immersive Audio Mapping ტექნოლოგიასა და სპეციალურ აკუსტიკურ სისტემას, რომელიც დარბაზის ყველა ადგილისთვის მაღალი ხარისხის ხმას უზრუნველყოფს. გამჭვირვალე LED ეკრანები კი ბოუისა და მისი ჯგუფის სცენაზე რეალურად ყოფნის ილუზიას ქმნის. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი განკუთვნილია აუდიტორიებისა და არენებისთვის, რომელთა ტევადობაც მინიმუმ 5 000 მაყურებელს შეადგენს. მსოფლიო პრემიერა ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს, ბერლინის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.
27 ოქტომბერს შოუს 30-წამიანი თიზერი გამოქვეყნდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ამზადებენ ტექნიკური ჯგუფები სცენას და როგორ შედიან დარბაზში აღფრთოვანებული გულშემატკივრები, რომლებიც ზიგი სტარდასტის სტილში არიან გამოწყობილი.
DAVID BOWIE IN "STAGE" TRAILER “I never thought I’d need so many people….” The headline hints at the content of this post, yes, it’s the trailer for Brett Morgen’s long-awaited film: DAVID BOWIE IN "STAGE". Do you recognize yourself among the parade of fans? If so, please make yourself known here. One of the aforementioned was outed by today’s Guardian piece. A 17-year-old Mark Adams (AKA Total Blam Blam) of this parish. Where did the time go? #DAVIDBOWIEINSTAGE
— David Bowie Official (@DavidBowieReal) October 27, 2026