„შინ” დაბრუნება და ორი იბერია რუსთაველის თეატრის სცენაზე

23 ნოემბერს ჯგუფი „შინ” და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი თბილისში ერთობლივ წარმოდგენას გამართავენ.
ზაზა მიმინოშვილი სამშობლოდან წასვლის ეპიზოდს იხსენებს

ჯგუფი „შინ” დროებით შინ ბრუნდება. 23 ნოემბერს ქართველი მუსიკოსები სამშობლოში ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ტრიოსთან ერთად ჩამოდიან და რუსთაველის თეატრის სცენაზე წარადგენენ მუსიკალურ სპექტაკლს „ორ იბერიას შორის”.  წარმოდგენასა და მის ისტორიაზე ბილბორდ საქართველოს „შინის” დამფუძნებელი ზაზა მიმინოშვილი ესაუბრა:

„ჩვენი და ფლამენკოს ისტორია ძალიან ადრე იწყება. პირადად ჩემი ინსტრუმენტი გიტარაა, რომელსაც ესპანეთთან, და განსაკუთრებით ფლამენკოსთან, პირდაპირი კავშირი აქვს. ახალგაზრდობიდან მაინტერესებდა ეს მიმართულება და პაკო დე ლუსია იყო ჩემი გმირი. და უკვე „შინში” მუშაობის დროს მოხდა ერთგვარი მიერთება ამ თემაზე, რომ ფლამენკო არის ერთ-ერთი ის დიდი კულტურული და მუსიკალური გზაჯვარედინი, რომელიც ძალიან კარგად გეხმარება, გაიგო საკუთარი ფესვები. მე, როგორც გიტარისტმა, ფლამენკო დავინახე, როგორც რაღაც, რითაც შემიძლია ჩემი არსი გავიგო. ეს იყო სწორედ „შინის” და მანამდე „ადიოს” მიზანი, რომ ჩვენ ჩვენს ფესვებში გავრკვეულიყავით. დავინახეთ, რომ არ გვინდა, გავხდეთ ამერიკელი ან ესპანელი მუსიკოსები – ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა არის საქართველო ჩვენში. ამაში კი ძალიან დაგვეხმარა ფლამენკო, ისევე როგორც ჯაზი, ევროპული კლასიკა, ინდური მუსიკა და ა.შ. ეს ყველაფერი კი მგზავრობაში ხდება. ჩემნაირ ადამიანს ეტყობა სჭირდება, წავიდეს ძალიან შორს იმისთვის, რომ მერე მთელი ცხოვრება ბრუნდებოდეს შინ, სახლისკენ. ამას ეხმაურება ჩვენი სახელწოდებაც – რაც წავედით, იმის მერე ვბრუნდებით.

ზაზა მიმინოშვილი უკვე წლებია, გერმანიაში, შტუტგარტში, მსოფლიო მუსიკის აკადემიას ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში წელიწადში ორჯერ აკადემია საერთაშორისოდ აღიარებულ მუსიკოსებს იწვევს, რომლებიც მონაწილეებისთვის ვორკშოპებს მართავენ, შემდეგ კი „შინთან” ერთად კონცერტს უკრავენ. სწორედ ასე შედგა ჯგუფისა და ანტონიო ანდრადეს პირველი გადაკვეთაც, რომელიც შემდგომ უკვე ერთობლივ პროექტში გადაიზარდა. 

„ეს კონცერტი იმდენად საინტერესოდ წავიდა, რომ ერთად რაღაცის გაკეთება მოგვინდა. და თუ რისი გაკეთება – ამანაც თავისი გზა გაიარა. შთაგონება იყო პაკო დე ლუსიას უდიდესი პროექტი, საიდანაც ის და ფლამენკო მსოფლიომ გაიცნო: „ორ წყალს შორის” (Entre Dos Aguas). გაგვიჩნდა აზრი, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა „ორ იბერიას შორის”. ეს თემა დიდხანს გვაინტერესებდა. თავიდან ზედაპირულად მეგონა, რომ უბრალოდ ფონეტიკური დამთხვევაა და ჩვენ არავისთან გვაქვს ნათესავობა. თუმცა რაც უფრო ღრმად ჩადიხარ ამ იბერიულ იდეაში, მით უფრო გაოცებული რჩები. არისტოტელეს დროსაც ცნობილი იყო ორი იბერია – საქართველო და ესპანეთი – ორი კარიბჭე, რომლებიც კეტავდა სამყაროს. საინტერესოა, რას კეტავს ერთი მხრიდან საქართველო და მეორე მხრიდან ესპანეთი?! ამ არსებას ალბათ ჰქვია ევროპა და ესეც ძალიან საინტერესო მომენტია. ქართული კულტურაც ხომ გზაჯვარედინია აღმოსავლურსა და დასავლურს შორის და სწორედ ეს არის ჩვენი აბსოლუტურად უნიკალური  ნაწილი. ჩვენ ორივეგან შინ ვართ.

„ორ იბერიას შორის” არ არის მხოლოდ მუსიკალური გამოცდილება. ეს იდეურად დატვირთული წარმოდგენაა, რომელსაც ავტორები სპექტაკლს უწოდებენ. ქართული პრემიერის შემდეგ მისი ჩვენება ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. 

„ეს არის სპეციალური პროგრამა, სადაც ჩვენ წარმოვადგენთ ქართულ კულტურას, ესპანელები – ესპანურ კულტურას და შემდეგ იწყება მიქსი – ყველაზე დაძაბული და საინტერესო ნაწილი. როდესაც ორი სისტემა ერთმანეთს ხვდება, პრინციპში ყოველთვის არის დაძაბულობა, თუ რომელი როგორ წყვეტს რაღაც თემას. წარმოიდგინეთ, ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი – ერთი ქართულის მოცეკვავე, მეორე – ფლამენკოსი. ეს არის საინტერესო ენერგეტიკული დაძაბვა. ჩვენ თითქოს აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ, მაგრამ ამ დროს ხასიათით ყველაზე ახლოს ვართ ერთმანეთთან. ეს პროექტი ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო და ბედნიერი ვარ, რომ ის საბოლოოდ შედგება და შედგება რუსთაველის თეატრში, საიდანაც ჩვენი კარიერა დაიწყო.” 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი