მაიკლ ჯექსონის Thriller, 14 ნოემბრის მონაცემებით, Billboard 200-ის ჩარტში მე-13 ადგილიდან მე-2-ზე დაწინაურდა. ეს ალბომისთვის 1984 წლის გაზაფხულის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იმ წლის აპრილში ნამუშვარმა პირველ ადგილზე ყოფნის 37-ე კვირა დახურა. Thriller დღემდე ინარჩუნებს რეკორდს, როგორც სოლო შემსრულებლის ალბომი, რომელმაც ლიდერის პოზიციაზე ყველაზე მეტი დრო გაატარა.
Billboard 200 აშშ-ში კვირის ყველაზე პოპულარულ ალბომებს ადგენს. ჩარტი მუსიკალური და გართობის ინდუსტრიის წამყვანი მონაცემთა და ანალიტიკური კომპანიის, Luminate-ის მიერ დათვლილი ექვივალენტური ერთეულების მიხედვით დგინდება. ეს მოიცავს ალბომების გაყიდვებს, ციფრულ სიმღერებსა და სტრიმინგს. ახალი, 2026 წლის 14 ნოემბრის ჩარტი Billboard-ის ვებგვერდზე სრულად 10 ნოემბერს გამოქვეყნდება.
ჰელოუინის დღეების ჩათვლით, 30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში, ალბომის ექვივალენტურმა გაყიდვებმა 55 000 ერთეული შეადგინა, რაც 89%-იანი ზრდაა. ამ წარმატებას ხელი შეუწყო როგორც ჰელოუინის თემატური სიმღერის – Thriller-ის აქტიურმა სტრიმინგმა, ისე ალბომის ახალმა ფიზიკურმა გამოცემებმა. ამ მაჩვენებლიდან 32 000 ერთეული სტრიმინგზე მოდის, რაც 34.34 მილიონ მოსმენას უდრის, 22 000 – უშუალოდ ალბომის გაყიდვებზე, ხოლო 1 000 – ცალკეული სიმღერების ჩამოტვირთვის მაჩვენებელზე.
Thriller ფირფიტაზე სამ ახალ ვერსიად 30 ოქტომბერს ხელახლა გამოვიდა. გამოცემულ ვერსიებს შორის ორი ფერადი და ერთი ექსკლუზიური გამოცემა იყო. ერთ კვირაში ალბომის 22 000 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც ამ ნამუშევრისთვის თითქმის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.
მე-2 ადგილზე გადასვლით, ჯექსონმა Billboard 200-ში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ პოზიციას მიაღწია. 2014 წლის 31 მაისს მისი გარდაცვალების შემდეგ გამოშვებული ალბომი Xscape სადებიუტო პერიოდში ასევე მე-2 ადგილზე მოხვდა.
Thriller არის ალბომი, რომელიც 2009 წლის შემდეგ Billboard 200-ის ჩარტში ყოველწლიურად ხვდება. აღსანიშნავია, რომ მაისიდან ალბომი ყოველკვირეულად რჩებოდა ოცეულში, აგვისტოს ჩათვლით კი ზედიზედ 15 კვირა საუკეთესო ათეულში გაატარა, რასაც მომღერლის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის – Michael-ის ირგვლივ გაჩენილმა დიდმა ინტერესმა შუწყო ხელი.