1964 წელს პოლ მაკარტნი მღეროდა: „ფული დიდად არ მაინტერესებს – ფულით სიყვარულს ვერ ვიყიდი“. 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ კი, Forbes-ის ცნობით, The Beatles-ის ყოფილი წევრი ოფიციალურად მილიარდერია.
9 ნოემბერს ფინანსურმა გამოცემამ დაწერა, რომ მაკარტნის ქონებამ 1.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რითაც ის მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი მუსიკოსი გახდა. Forbes-ის ინფორმაციით, მას მხოლოდ ჯეი ზი (2.8 მილიარდი დოლარი) და ტეილორ სვიფტი (2 მილიარდი დოლარი) უსწრებენ.
მაკარტნი ცნობილია თავისი წარმატებული საინვესტიციო საქმიანობით. თუმცა ფინანსების მართვა მან რთული გამოცდილების შედეგად ისწავლა – მას შემდეგ, რაც მას და Beatles-ის ყოფილ წევრებს (რინგო სტარი, ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი), სადებიუტო კონტრაქტის მკაცრი პირობების გამო, წარმატების მიუხედავად, ძალიან მცირე შემოსავალი ხვდათ წილად. მოგვიანებით, სასამართლო დავებისა და ხელახალი მოლაპარაკებების შედეგად, 2017 წლისთვის მაკარტნიმ საკუთარი მუსიკალური კატალოგის ნაწილზე გარკვეული უფლებების დაბრუნება შეძლო. თუმცა მანამდე საკუთარი ქონების დიდი ნაწილი მან საგამომცემლო კომპანია MPL Communications-ის დაარსებითა და ცნობილი ჰიტების საავტორო უფლებების შეძენით დააგროვა. მათგან ბევრი შემოსავალს დღემდე გამოიმუშავებს.
ამ სიმღერებს შორისაა საშობაო ჰიტები Baby, It’s Cold Outside და Blue Christmas, ასევე ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორიცაა, მაგალითად, Blue Suede Shoes და მიუზიკლების, მათ შორის Grease-ის, მუსიკალური ნაწარმოებები.
რა თქმა უნდა, ლივერპულელ ლეგენდას საკონცერტო ტურნეების მხრივაც განსაკუთრებული წარმატება აქვს. 2022 წელს „ბილბორდის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მაკარტნის საკონცერტო ტურნეებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. იმ დროისთვის ის მხოლოდ 11 არტისტს შორის იყო, რომლებმაც ამ ნიშნულს მიაღწიეს.
როგორც The Beatles-ის წევრის, ისე სოლო შემსრულებლის რანგში, პოლ მაკარტნიმ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული კარიერა შექმნა. მის ჯგუფს დღემდე ეკუთვნის Hot 100-ის ისტორიაში პირველი ადგილის მქონე ყველაზე მეტი ჰიტის რეკორდი – 20 სიმღერა. სოლო კარიერისა და ჯგუფ Wings-თან თანამშრომლობის შედეგად კი მაკარტნიმ კიდევ ცხრაჯერ შეძლო ჩარტის ლიდერი პოზიციის დაკავება.
წარმატებული აღმოჩნდა მისი კარიერა Billboard 200-შიც: The Beatles-თან ერთად მაკარტნიმ პირველი ადგილი აქ 19-ჯერ დაიკავა, ხოლო სოლო შემსრულებლისა და Wings-ის წევრის რანგში – კიდევ რვაჯერ.