ჰაუსის, ფანკის, ელექტრონული მუსიკის, ეკლექტიკური მიქსის და კლასიკური სიმღერების შთაგონებით შექმნილი უამრავი ჰიტების ავტორი და საკლუბო სცენის ცნობილი არტისტი Bob Sinclar 29 აპრილს თბილისში მსმენელის წინაშე წარდგა.
ფრანგი DJ და პროდიუსერი კრისტოფ ლე ფრიანი, Bob Sinclar-ის სასცენო სახელითაა ცნობილი.
არტისტი 18 წლის ასაკიდან აქტიურად ჩაება მუსიკალურ საქმიანობაში და 1990-იან წლებში დიჯეის და პროდიუსერს საფრანგეთში უკვე ყველა იცნობდა. 1997 წელს Bob Sinclar-მა პირველი სინგლი Gym Tonic გამოუშვა, რომელიც საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ჰიტად იქცა.
2000 წელს ალბომ Champs Elysées-ის გამოშვებით, რომელშიც სინგლი I Feel For You შედის, Bob Sinclar მსოფლიო საცეკვაო მოედნების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად იქცა და მისი მომდევნო ალბომებიც III და Western Dream წარმატებულ კომერციულ პროექტად დასახელდა.
Bob Sinclar-მა ისეთი არტისტებისთვის როგორებიც არიან: რიანა, მადონა, ჯეიმზ ბრაუნი, Jamiroquai, Moby არაერთი ოფიციალური რემიქსი შექმნა.
ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში Bob Sinclar-მა მრავალი აღიარება და ჯილდო მოიპოვა, მათ შორის 2007 წელს „მსოფლიო მუსიკის ჯილდო“ „საუკეთესო გაყიდვადი ფრანგი შემსრულებლისთვის“. იგი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ლეიბლებთან როგორიც არის: Defected Records და Spinnin’ Records და დღემდე მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან დიჯეიდ რჩება.
თბილისში სტუმრობის პერიოდში მუსიკოსს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.