„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ – ინტერვიუ ნათია სართანიასთან და ჯაბა შავიშვილთან

„როდესაც ისეთ რამეს აღვიძებ, რასაც ათწლეულების განმავლობაში ეძინა, შემდეგ ის თავისით ჰყვება ისტორიას.“

კულტურულ და საზოგადოებრივი განვითარების პროცესში მუსიკა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ის აყალიბებდა თაობების ღირებულებებს, გემოვნებას, გლობალური პროცესებისადმი დამოკიდებულებას, ქმნიდა სახელოვნებო კომუნებს, აჩენდა საპროტესტო მოძრაობებს და ხშირად ისტორიის მოყოლის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ ფორმადაც მიიჩნეოდა. 

ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, ალტერნატიულმა მუსიკამ რთული მაგრამ საინტერესო ეტაპი გაიარა. დამოუკიდებელ საქართველოში ხელოვანებმა ალტერნატიული მუსიკის შექმნა დაიწყეს, რომელიც ბევრი მელომანისთვის თავისუფლების ხმად იქცა. 

2022 წელს ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალი პროექტი გაჩნდა: „ქართული მუსიკალური  მემკვიდრეობა“, რომელმაც 90-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში შექმნილი მუსიკის ხელახლა აღმოჩენა და ჩანაწერების ფირფიტებზე დაბეჭდვა  დაიწყო. „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ის ინიციატივაა, რომელმაც ერთდროულად შეძლო მნიშვნელოვანი მუსიკალური შემოქმედების დაარქივება და მათი გადარჩენა.  

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ სხვადასხვა ალბომს ფირფიტებზე ლიმიტირებული ტირაჟით ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოსცემს. პირველი გამოცემა, რომელიც „ქართული მუსიკალური მემკვიდრობის“ ლეიბლმა წარადგინა, Mother On Monday-ის Friends იყო. ამის შემდეგ გამოიცა „მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტა, ხოლო მესამე გამოცემის ფარგლებში ლეიბლმა , Young Georgian Lolitaz-ის სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით Lemonjuice გამოუშვა.

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ შესახებ „Billboard საქართველო“ პროექტის დამფუძნებლებს – ჯაბა შავიშვილს და ნათია სართანიას ესაუბრა. 

ნათია სართანია:

„პროექტის შექმნის იდეა ჩემგან წამოვიდა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად ვიკვეთები ახალგაზრდა მუსიკოსებთან და შევამჩნიე, რომ დროსთან ერთად, ძველი ჩანაწერები, ბენდები, მათი მუსიკალური შემოქმედება, სულ უფრო ნაკლებმა ადამიანმა იცის. ამ ნამუშევრების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიე, რომ ისინი მსმენელს ჩვენი დახმარებით აღმოეჩინა და ერთგვარი გამოღვიძება ყოფილიყო. საბოლოოდ, პროექტი გასცდა ლეიბლის საზღვრებს და ერთგვარ არქივად იქცა.“

როგორც ჯაბა შავიშვილი აღნიშნავს, პროექტმა ორიენტირი თავიდანვე 90-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში შექმნილ მუსიკაზე აიღო. „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ დამფუძნებლებისათვის ასევე გააზრებული არჩევანი იყო, რომ ეს მუსიკა სწორედ ფირფიტების მცირე ტირაჟით გამოცემულიყო. 

ჯაბა შავიშვილი:

„ფირფიტებზე მუსიკის გამოცემას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, რადგან მუსიკის მოყვარულებს საშუალება აქვთ ამ ჩანაწერების კოლექცია შეაგროვონ. ჩვენ უკვე სამი ალბომი წარვადგინეთ და არიან ადამიანები, რომლებმაც სამივე ფირფიტა  შეიძინეს და მათი შეგროვებაც დაიწყეს. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ისტორიის აღდგენის პროცესში ის ესთეტიკა და ხასიათი  შეგვენარჩუნებინა, რისი მატარებელიც ფირფიტებია.“

როდესაც დამოუკიდებელი ისტორიის ადრეულ ეტაპზე გაკეთებულ ჩანაწერებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ის დროა, როდესაც ქვეყანაში ყველა სისტემა ჩამოშლილი იყო. შესაბამისად, შეუძლებელია მუსიკალური ინდუსტრიის რაიმე ფორმით არსებობაზე გვქონდეს საუბარი. ამ პერიოდის მუსიკაზე არტისტები ძირითადად საკუთარ სახლებში მოწყობილ სტუდიებში მუშაობდნენ. ასეთმა ქაოსურმა პროცესმა უამრავი ჩანაწერის დაკარგვაც განაპირობა. სწორედ ამის გამო, ფირფიტების გამოცემამდე „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ საქმიანობა მრავალ ეტაპს გადის, რაც ჩანაწერების მიგნების მიღმა, ისტორიების აღმოჩენასაც გულისხმობს. 

ჯაბა შავიშვილი:

„როდესაც კონკრეტულ გამოცემაზე ვიწყებთ მუშაობას, ამ ჩანაწერებს ვიცნობთ, თუმცა საჭიროა მათი სრული მოცულობით და საუკეთესო ხარისხით მოპოვება. აქ უკვე დიდ პრობლემებს ვაწყდებით, რადგან თავდაპირველი ჩანაწერები ხშირად მათ ავტორებსაც არ აქვთ შემორჩენილი. ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ჯერჯერობით ვახერხებთ, რომ სასურველი მასალა იმ ხარისხით მოვიპოვოთ, რაც ფირფიტაზე გამოსაცემად არის საჭირო. ძებნის პროცესს ძალიან ბევრი ისტორია მოჰყვება. ხშირად ისეთ ამბებს ვაწყდებით, რაც მუსიკოსებსაც მივიწყებული აქვთ. როდესაც ისეთ რამეს აღვიძებ, რასაც ათწლეულების განმავლობაში ეძინა, შემდეგ ის თავისით ჰყვება ისტორიას. ამ მხრივ, ერთგვარი მუსიკალური არქეოლოგიაც გამოგვდის.“

როგორც ნათია სართანია ამბობს, ჟანრობრივ მრავალფეროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა. საბოლოო პროდუქტის შეფასებისას აღნიშნავს, რომ მუსიკის მსგავსად, ეს გამოცემებიც არ არის მასობრივი, თუმცა პროექტის პრეზენტაციიდან დღემდე, ცნობადობა ნამდვილად გაიზარდა.  

ნათია სართანია:

„ქართველი მსმენელისთვისაც შეხსენება გამოგვივიდა და ამ მუსიკის აღმოჩენაში ახალ აუდიტორიასაც თავისთავად დავეხმარეთ. მაგალითად, როდესაც უცხოელები ფირფიტების მაღაზიაში შედიან და ქართულ მუსიკას კითხულობენ, ახლა უკვე შეუძლიათ ამ ჩანაწერებს გაეცნონ.“

ჯაბა შავიშვილი:

„მუსიკის გაცნობას და მსმენელად ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ მგონია, როდესაც არსებობს მასალა, რისი საშუალებითაც შესაძლებელია ამ მემკვიდრეობის, ამ არქივს გაცნობა, საბოლოოდ დაინტერესებული მსმენელის რაოდენობაც იზრდება. თუკი ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარება გვინდა, ისიც აუცილებელია ვიცოდეთ, რა საწყისებზე დგას.“

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ადრეულ ეტაპზე შექმნილი ჩანაწერები ბევრი დეტალით არის გამორჩეული. „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ დამფუძნებლების შეფასებით, ავთენტური ჟღერადობის გარდა, ეს ნამუშევრები ქვეყნის იმდროინდელი გარემოს ანარეკლია.

ჯაბა შავიშვილი:

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მუსიკოსი ინგლისურად მღეროდა და შესაძლოა ჟღერადობის ელემენტებიც დასავლური მუსიკისგან არის ნასესხები, ეს მაინც ქართული მუსიკაა, საქართველოში შექმნილი ნამუშევრებია და იმდროინდელ გარემოსთან აქვს მჭიდრო კავშირი. ჩანაწერები ეკუთვნის იმ ხელოვანებს, ვისთვისაც მუსიკა ერთდროულად იყო საპროტესტო იარაღიც და თავშესაფარიც. სწორედ ამის გამო, ეს მემკვიდრეობა ძალიან გულწრფელი და ნამდვილია.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნუცი ნებიერიძე

გორის ქალთა გუნდის და ნუცი ნებიერიძის კონცერტი კონსერვატორიაში

შემდეგი სტატია

კანის კინოფესტივალზე პრემიერის შემდეგ The Idol-მა ოვაციები დაიმსახურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი