„ფერადი სიზმრები“ – ნოდარიკო ხუციშვილის საავტორო ალბომის პირველი სიმღერაა, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად არის. ფროდაქშენი დათო კაკულიას და ირაკლი მენაღარიშვილთან ერთად გაკეთდა. Sandro Bibich-ს დახმარებით სიმღერა კიდევ უფრო გაფერადდა, აუდიო მასტერინგი ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის, ხოლო კლიპის რეჟისორი ლაშა ჩაგელიშვილია.
ნოდარიკო ხუციშვილი:
„ამ სიმღერის ტექსტი იქიდან წამოვიდა, რომ ხშირად მიწევს საქართველოს გარშემო მოგზაურობა. ვარ გიდი, ტურისტები დამყავს და შესაბამისად ხშირად ვხვდები განსაკუთრებით პატარა სოფლებში და პატარა გოგონებს და ბიჭებს, რომლებსაც გარშემო თანატოლები არ ჰყავთ და სულ მეფიქრება რამდენად განსხვავებული ცხოვრება აქვთ. მათ აქვთ ის თავისუფლება, რაც ჩვენ არ გვაქვს და ჩვენ გვაქვს რაღაც, რაც მათ არ აქვთ. მთაში ვინც ცხოვრობს, მას ზღვაზე ყოფნა უნდა და ზღვაზე ვინც არის, მას მთაში ყოფნა. ყოველთვის ხომ ის გვაინტერესებს, რაც ჩვენგან შორს არის და ეს ტექსტიც აქედან შეიქმნა, გოგოზე, რომელიც მთის წვერზე ცხოვრობს, მზისგან ჭორფლები აქვს და ზღვაზე ცხოვრებაზე ოცნებობს და ზღვის პირას მცხოვრებ ბიჭზე, რომელსაც ზღვისგან აქვს ლურჯი თვალები. რადგან სიმღერაა, ასეთი მოთხრობა შეიკრა, მატარებლით წავა ეს ბიჭი, მთის წვერზეც ავა ამ ზღაპარში, ყვავილს მოწყვეტს და მიუტანს გოგოს, ის გოგო კი ამ ყვავილს დარგავს, მოუვლის, გაიზრდება და ღრუბლამდე ავა. ეს ყვავილი არამარტო ყვავილია, მთელი ეს შეგრძნებები და ემოციებია. ბიჭის მიტანილს, გოგო რომ უვლის და შემდეგ წრე ტრიალდება: ყვავილი, როგორც ემოცია ღრუბლამდე ავა, ზღვისკენ წამოვა და მერე ზღვაზე შხაპუნა წვიმად ჩამოვა. მოკლედ ესე დაიწერა ტექსტი, რომელიც ჩემამდე მოვიდა.
რაც შეეხება მელოდიას, წავიღიღინე ჩემს თავში, დავწერე როგორი უნდა ყოფილიყო, ზუსტად ვიგრძენი, რომ ბედნიერი სიმღერა უნდა ყოფილიყო და მივედი ჩემ მეგობრებთან დათო კაკულიასთან და ირაკლი მენაღარიშვილთან. ავუხსენი ყველაფერი, ფროდაქშენი ერთად გავაკეთეთ. მერე სანდრო ბიბიჩასთან მივედით ვოკალის ჩასაწერად და ბიბიჩას იმდენად მოეწონა ეს ტრეკი, მთხოვა, სამი დღე დამიტოვე დავადებ უკან ხმებსო, რამაც კიდევ უფრო გააფერადა და ფრთები შეასხა სიმღერას. ბოლოს ჩემმა მეგობარმა ალეკო ბერძენიშვილმა მასტერინგი და მიქსინგი გააკეთა და საბოლოოდ ეს სიმღერა შეიქმნა.
ვიდეო-კლიპს რაც შეეხება თავიდანვე ესე დავინახე. ძალიან მიყვარს ის ფაქტი, რომ ემოციურად ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან კლიპში, ჩემი მეგობრები და მეგობრის შვილებიც. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა პატარა ბიჭზე და გოგოზე ჰყვება ამბავს, ყველას გვჭირდება ეს ემოციები და ბედნიერების შეგრძნებები. მითუმეტეს დღევანდელ დღეს, ძალიან ბევრი რაღაც ძალიან ზედაპირული გახდა, რაც არ უნდა არ ვაღიარებდეთ, სიკეთე, სიყვარული და ბედნიერება ყოველთვის ყველას ნებისმიერ ასაკში სჭირდება, ამიტომაც არის კლიპში სხვადასხვა ასაკის და ტიპაჟის გოგოები და ბიჭები ყვავილით ხელში. ეს დავინახე და ჩემ მეგობარ ლაშა ჩაგელიშვილს მოვუყევი, გადავიღეთ და გამოვიდა ასეთი ამბავი.“
მოისმინეთ სიმღერა და ნახეთ ვიდეო-კლიპი „ფერადი სიზმრები“