საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მუსიკოსი ნიკ ჰადსონი ახალ ალბომს აქვეყნებს, სახელწოდებით Kanda Teenage Honey. 16 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი საქართველოში დაიწერა და გამოიცა. ალბომში მონაწილეობენ ქართველი მუსიკოსებიც: ბექა მინაძე (გიტარა) და გიგი კობერიძე (დრამი). ასევე ნიკ ჰადსონის მეგობარი Seva – რუსი დისიდენტი, რომელიც უშიშროების ფედერალური სამსახურის დევნას გამოექცა. „ის ლექსად ჰყვება თავის გამოცდილებას გადასახლებაზე, რომელსაც ფონად შევუხამე საველე ჩანაწერები თბილისისა და პარიზის საპროტესტო აქციებიდან, სადაც ბევრი ჩვენგან ცრემლსადენი გაზით მოიწამლა,” – ამბობს ჰადსონი.
მუსიკოსის თქმით, სიმბოლურია, რომ ალბომის დიდი ნაწილი საბჭოთა კინოსტუდიაში უკრაინის ომის ფონზე ჩაიწერა. პირადი გამოცდილებებისა და ემოციების რეფლექსიასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ნიკ ჰადსონი თავის მრავალჟანრულ ალბომში ეხმაურება, სწორედ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობაა.
„ეს ალბომი არის სულიერი და მატერიალური კლეპტოკრატიის კოროზიული პრაქტიკის შენარჩუნებაზე. მისი სახელწოდება კი გამოხატავს უმანკოების შენარჩუნების რეალურ ამბავს, რომელიც სოფელ ქანდის ერთ-ერთი მკვიდრისგან მოვისმინე, რომელმაც ვაჟის გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული თაფლში შეინახა. ალბომში არის კომპოზიციები, რომლებიც არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას ეხმაურება. ასევე არის ჰიმნები მშვიდობასა და სულიერ სიმშვიდეზე და ამბები წმინდანებზე, რომლებმაც უარი თქვეს წამებულობაზე და აირჩიეს სიყვარული, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი განსჯისგან. ორი სიმღერა ჩემს გარდაცვლილ მეგობრებს მივუძღვენი, ერთი ა კაპელა კი ციმბირულ ჰასკის, რომელიც ხევსურეთში ყოფნისას მათ გლოვაში დამეხმარა.”
ჩანაწერის გამოშვებამდე ნიკ ჰადსონმა ალბომიდან ორი სინგლი – For My Silence და „ხევსურეთი” და მათზე გადაღებული ვიდეოკლიპები გამოაქვეყნა. მისი თქმით, ალბომში შესული ყველა კომპოზიცია საქართველოს ლანდშაფტებითა და ენერგეტიკითაა შთაგონებული.
მოუსმინეთ ნიკ ჰადსონის ახალ ალბომს Kanda Teenage Honey: