ევროვიზიის 68-ე ყოველწლიური სიმღერის კონკურსის ფინალისტები უკვე ცნობილია. ხუთშაბათს, 9 მაისს, ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში გასული 16 მონაწილიდან 10 ფინალში გადავიდა, საერთო ჯამში კი 11 მაისს ევროვიზიის ფინალში 26 ქვეყანა წარდგება: საქართველო, უკრაინა, გერმანია, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.
9 მაისს, მეორე ნახევარფინალში მონაწილე ფინალისტ კონკურსანტებს შორის საქართველოს მონაწილე ნუცა ბუზალაძე სიმღერა Firefighter-ით ლიდერობს, მეორე ფავორიტად კი შვეიცარიის მონაწილე Nemo სიმღერით The Code ითვლება.
საქართველოს დებიუტი ევროვიზიაზე 2007 წლის შედგა. ბოლოს კი ფინალისტთა შორის ქვეყანა 2016 დასახელდა, რა დროსაც ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz სიმღერით Midnight Gold-ით მეოცე ადგილი დაიკავეს. წელს კი საქართველომ ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირველად მოიპოვა ევროვიზიის ფინალის საგზური.
1956 წელს, ევროვიზიის სიმღერის პირველ კონკურსში მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, სადაც მასპინძელმა ქვეყანამ, შვეიცარიამ, ლისი აიასის სიმღერა Refrain-ით გაიმარჯვა. შვეიცარიამ 1988 წელს სელინ დიონის სიმღერით Ne Partez Pas Sans Moi კვლავ მოიგო ევროვიზია.
აღსანიშნავია ასევე ისრაელის მონაწილე ედენ გოლანი სიმღერით Hurricane. მის გამოსვლას დარბაზში უარყოფითი შეძახილებიც მოჰყვა. მეორე ნახევარფინალის პარალელურად მალმეში პროტესტი მიმდინარეობდა, სადაც აქტივისტები ღაზის კონფლიქტის გამო ისრაელის მონაწილის გამოსვლას უარყოფითად შეხვდნენ.
შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024-ის ფინალი 11 მაისს 23:00 საათზე გაიმართება.