პარიზის ოლიმპიადის გახსნამდე ცნობილი მიუზიკლის ეკრანიზაცია Wicked და NBC Olympics თანამშრომლობას აანონსებენ. ოლიმპიადასთან დაკავშირებით, პარიზში გამოჩნდა ფილმის თემატური მატარებელი, რომელიც მაყურებელმა კინოსურათის ტრეილერშიც იხილა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ჩაუვლის ფენტეზის ესთეტიკით შექმნილი თემატური მატარებელი ეიფელის კოშკს და შემდეგ სადგურში ჩერდება. „ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
ცოტა ხნის წინ Wicked-ის შემქმნელებმა სცენის მიღმა სამუშაო პროცესის ამსახველი კადრები გაავრცელეს, რომელიც მაყურებელს აჩვენებდა, თუ როგორ შეიქმნა ფილმის გადასაღები მოედანი. კინოსურათის რეჟისორი ჯონ ემ ჩუ ვიდეოში სწორედ ამ მატარებელზე საუბრობს და ამბობს, რომ ის 16 ტონას იწონის. სწორედ ამის გამო, ამ რეკვიზიტის პავილიონში მიტანას ორი დღე დასჭირდა.
Wicked-ის მატარებლის გამოჩენის პერიოდში პარიზში იმყოფებოდა არიანა გრანდეც. ის ერთ-ერთი მომღერალია, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების გახსნამდე შენიშნეს. პარიზში ასევე იმყოფებიან სელინ დიონი და ლედი გაგა. დიონი და გაგა სავარაუდოდ ოლიმპიადის გახსნაზე იმღერებენ.
რაც შეეხება Wicked-ს, ფილმი ორ ნაწილად გამოვა. პირველი ნაწილის პრემიერა ნოემბერს შედგება. თავდაპირველად პრემიერის თარიღად 27 ნოემბერი იყო განსაზღვრული, თუმცა კინოსტუდია Universal Pictures-მა განაცხადა, რომ ფილმს მაყურებელი დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 22 ნოემბრიდან იხილავს. ფილმში მთავარ როლებს არიანა გრანდე და სინთია ერივო ასრულებენ. მიუზიკლის ეკრანიზაციაში ასევე მონაწილეობს ჯეფ გოლდბლუმი, ჯონათან ბეილი, მიშელ იო და სხვები.
ნახეთ Wicked-ის მატარებლის პრიზში გამოჩენის ამსახველი ვიდეო:
First stop on the way to Emerald City: the Paris Olympics! #WickedMovie pic.twitter.com/LuU3QnEHhi
— Wicked Movie (@wickedmovie) July 25, 2024