სნუპ დოგმა ელისაბედ მეორესთან არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. გაერთიანებული სამეფოს რადიოსადგურ Capital FM-ის ეთერში ჯორდან ნორსთან ინტერვიუს დროს, რეპერი ბრიტანელ მონარქთან თავის კავშირს შეეხო. სნუპ დოგმა აღნიშნა, რომ მომავალი მეფე უილიამი მისი ფანია და შვილიშვილის ამ მუსიკალურ სიყვარულს ელისაბედ მეორეც იზიარებდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სნუპ დოგმა მონარქზე საჯაროდ ისაუბრა. 2015 წელს The Guardian-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მან გაამხილა, რომ 1994 წელს, როცა ინგლისს საკონცერტო ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა, ელისაბედ დედოფალმა ქვეყნიდან მისი დეპორტაცია შეაჩერა.
ინგლისიდან ჩემი დეპორტაცია სცადეს. მაშინ დედოფალი ამას გამოეხმაურა. „მის შვილიშვილებს ვუყვარდი და ნება დამრთო, ქვეყანაში დავრჩენილიყავი,”- განაცხადა სნუპ დოგმა წლების წინ The Guardian-ის ჟურნალისტთან საუბრისას. რეპერი ამ ინტერვიუში სწორედ ჰარისა და უილიამზე საუბრობდა.
სნუპ დოგი ბოლო დროს მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ტელეკომპანია NBC-ის სპეციალური კორესპონდენტის სტატუსით წარდგა. სპორტული მოვლენის მსვლელობისას რეპერი NBC-ის ეთერში დიდი სპორტული მოვლენის სატელევიზიო გაშუქებაში აქტიურად არის ჩართული.