კალიფორნიის სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლებს შეუძლიათ 600 მილიონ დოლარიანი შეთანხმების ფარგლებში Sony Music-ს მომღერლის კატალოგი გადასცენ. ამ გადაწყვეტილებამ უარყო მუსიკოსის დედის საჩივარი, რომელიც ამ შეთანხმების დაბლოკვას ცდილობდა.
სააპელაციო სასამართლომ დროებითი განკარგულება ერთი თვის წინ გამოსცა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ოთხშაბათს გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის აღმასრულებლები უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდნენ, როცა „სონისთან” ეს გარიგება გააფორმეს.
„ანდერძმა მემკვიდრეობის წარმომადგენლებს გაყიდვების მრავალმხრივი უფლებები მიანიჭა და ეს კონკრეტული შემთხვევა გამონაკლისი არ არის,“ – აღნიშნა სასამართლომ. „მაიკლის ნება იყო, რომ მემკვიდრეობის წარმომადგენლებს ჰქონოდათ უფლება, გაეყიდათ ნებისმიერი აქტივები, მათ შორის ისინიც, რომლებსაც აღნიშნული გარიგება მოიცავს.“
კონკრეტული გარიგების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანასთან ერთად, სასამართლომ ასევე უარყო მომღერლის დედის საჩივარი, რადგან მან ქვედა ინსტანციის სასამართლოს სათანადო არგუმენტები ვერ წარუდგინა. კეტრინ ჯექსონის იურიდიულ წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. მას კვლავაც შეუძლია გადაწყვეტილება კალიფორნიის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით მისი შანსები დაბალია.
როგორც Billboard წლის დასაწყისში იუწყებოდა, ჯექსონის მემკვიდრეობის მმართველებმა Sony Music-თან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით მუსიკალური გიგანტი მომღერლის გამოქვეყნებული და ჩაწერილი მუსიკის კატალოგის ნახევარს შეიძენდა, რაშიც 600 მილიონ დოლარზე მეტს გადაიხდიდა.
მომღერლის სიკვდილის შემდეგ ჯექსონის მემკვიდრეობის საქმე ჯერ კიდევ ლოს-ანჯელესის სასამართლოშია რეგისტრირებული, ამიტომაც მემკვიდრეობის წარმომადგენლებმა კონფიდენციალური გარიგება მოსამართლეს დასამტკიცებლად წარუდგინეს. ამის შემდეგ კეტრინმა სასამართლოს წინააღმდეგობის განცხადებით მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ „სონისთან” მიღწეული გარიგება მაიკლის სურვილს ეწინააღმდეგებოდა. კეტრინი ასევე აღნიშნავდა, რომ მუსიკალური კატალოგი შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო გაძვირდეს.
მოსამართლემ კეტრინ ჯექსონის განცხადება უარყო და მემკვიდრეობის წარმომადგენლებს შეთანხმების გაგრძელების უფლება მისცა. ამის შემდეგ კეტრინმა სარჩელი შეიტანა. სწორედ ეს სარჩელი განიხილა სასამართლომ ოთხშაბათს.
„შემოთავაზებული გარიგება არ წარმოადგენს გაჩუქებას ან ქონების განაწილებას – ეს არის აქტივების გაყიდვა, რის შედეგადაც მემკვიდრობა იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს” – განაცხადა სასამართლომ.
„სონის” გარიგებაზე დაწყებულმა დავამ ჯექსონის მემკვიდრეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ჯერ კიდევ მარტში ჯექსონის ვაჟმა, ბლანკეტმა, მოსამართლეს სთხოვა, რომ შეეჩერებინა ბებიამისი, რომელიც „სონის” გარიგების დაბლოკვის მცდელობისას მემკვიდრეობის ფულს იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ბლანკეტიც გაყიდვის წინააღმდეგი იყო, შემდგომში ის დაემორჩილა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რაც გარიგების გაგრძელების საშუალებას იძლეოდა.
კეტრინ ჯექსონის ადვოკატების განცხადებით, მომღერლის დედას თანხა სამართლებრივი ბრძოლის დაფინანსებისთვის სჭირდებოდა. ამ პოზიციას უპასუხეს მემკვიდრეობის წარმომადგენლებმა და აღნიშნეს, რომ კეტრინ ჯექსონს მაიკლ ჯექსონის სიკვდილის შემდეგ $55 მილიონ დოლარზე მეტი უკვე მიღებული ჰქონდა.