გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
Lisa
Joelle Grace Taylor

Lisa დაბნეულია. წარბებს მაღლა წევს, ტუჩებს ძლიერად კუმავს და უზადო, ყავისფერი წინამოდან იყურება. ცდილობს, უპასუხოს შეკითხვას, რომელიც ადამიანთა უმრავლესობისთვის სწრაფ და მარტივ დიალოგს მიეკუთვნება, თუმცა მისთვის ეს სფინქსის დონის გამოცანაა: „სად ცხოვრობ?”

„მართლა არ შემიძლია იმის თქმა, თუ სად ვარ დაფუძნებული,” – ამბობს და კისკისს იწყებს. რეკორდების დამამყარებელი გოგონათა K-პოპ ბენდის Blackpink-ის წევრი აქამდე სახლს სეულს ეძახდა, მაგრამ ახლა ის უკვე ყველგანაა: ლოს-ანჯელესში, სადაც ეს ინტერვიუ იწერება და სადაც Lisa ბევრ დროს ატარებს ახალ მუსიკაზე მუშაობაში, მშობლიურ ტაილანდში, სადაც მონაწილეობა მიიღო HBO-ს სერიალის, The White Lotus-ის მესამე სეზონში და ასევე პარიზში, სადაც მას მოდის ჩვენებების წინა რიგებში შეხვდებით, როგორც ლუი ვიტონის ახალ ამბასადორს. „მე ისიც კი არ ვიცი, ახლა დროის რომელ სარტყელში ვცხოვრობ,” – ამბობს „კითის” მოსაცმელსა და „სელინის” ფართო ჯინსებში გამოწყობილი და თან ფორთოხლის წვენს წრუპავს.

იშვიათ თავისუფალ დროს 27 წლის Lisa-ს Pop Mart-ში სიარული უყვარს, სათამაშოების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელში, რომლის პერსონაჟებიც მისთვის საკმარისი არასდროსაა. ერთხელ მან პარიზის სამი სხვადასხვა მაღაზია მოიარა ერთი იშვიათი ფიგურისთვის. ხუმრობს, რომ სახლში უფრო მეტი საკოლექციო ფიგურა აქვს, ვიდრე ავეჯი. „გასავლელი ადგილიც კი აღარ დამრჩა!” და კიდევ, სადაც არ უნდა იყოს, ყველგან საუკეთესო ტაილანდური სამზარეულოს ძიებაშია. ლოს-ანჯელესში ყველა Anajak-ს ან Jitlada-ს ურჩევს, მაგრამ „ეს ჩემთვის ნამდვილი გემო არ არის,” – ამბობს თავად. „მათ არ აქვთ სახლის გემო. სხვანაირი გემო აქვთ.” როგორც აღმოჩნდა, მას რესტორანი Ruen Pair ურჩევნია.

„უბრალოდ შევდივარ ხოლმე. რეალურად მაკიაჟს არ ვატარებ, ასე რომ, პირდაპირ ასე დავდივარ,” – ამბობს და თმას სახეზე იყრის – „ისინი კი ძლივს თუ მიცნობენ.” როცა ხალხი მას საჯარო სივრცეში ცნობს, როგორც წესი, თავშეკავებულად იქცევიან, ყოველ შემთხვევაში, ამერიკაში. „მოდიან და მეუბნებიან: „მიყვარს თქვენი მუსიკა”, ან „მინდოდა, მოგსალმებოდით” და შემდეგ მიდიან”. მაგრამ როცა ასე არ იქცევიან? „ამ შემთხვევაში ის ყოველთვის გვერდით მყავს,” – ამბობს Lisa და ათლეტური აღნაგობის ტატუებიან მამაკაცზე მიუთითებს, რომელიც ჩვენ გვერდით ზის და რომელიც, ახლაღა გავიაზრე, რომ მისი პირადი დაცვაა. 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავის სრულიად საოცარ, სრულიად დამქანცველ და მდიდრულ ცხოვრებაში. ის იმ იშვიათი პოპვარსკვლავთაგანია, რომლისთვისაც სიმღერები აღმაფრთოვანებელ ცხოვრებაზე და პირადი, ავტობიოგრაფიული ისტორია ერთმანეთს ემთხვევა. და რადგანაც Lisa-მ სოლო კარიერა დაიწყო იმ ჯგუფის გარეთ, რომელმაც ის ცნობილი გახადა, ეს ახალი სამყარო მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერების საგანია. „თავიდან მეშინოდა და ვნერვიულობდი, რადგან მანამდე არასდროს გამოვსულვარ ჩემი პირადი პროდუქტით,” – ამბობს და ხმადაბლა განაგრძობს – „ახლა კი ამით ბედნიერი ვარ. როცა ჩემი სინგლები გამოდის, ფანების რეაქცია მაჯანსაღებს და ვფიქრობ: „კი, გამომივიდა!”

პოპჯგუფში წარმატება არ ნიშნავს გარანტირებულ წარმატებას სოლო კარიერაში, მაგრამ ისევ და ისევ, Blackpink რიგითი ჯგუფი არ არის. მისი მულტინაციონალური წევრებით, ონომატოპეური ანკესებითა და ბლოკბასტერული ვიდეოკლიპებით, ოთხეული, ფაქტობრივად, მსოფლიო დომინაციისთვისაა შექმნილი. 2016 წლიდან Blackpink-მა დააგროვა 40 მილიარდი გლობალურ სტრიმი და Billboard Hot 100-ის ცხრა ჰიტი და გამოვიდა მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენებზე. ის იყო პირველი კორეული გოგონათა ჯგუფი, რომელიც 2019 წელს „კოაჩელაზე” წარდგა და ასევე პირველი კორეული აქტი, რომელიც 2023 წელს ფესტივალის ჰედლაინერი გახდა. ჯგუფის 2022-23 წლის მსოფლიო ტურნეს ბოლოს, რომელიც  Billboard 200-ის ლიდერ ალბომ Born Pink-ს ეძღვნებოდა, ჯგუფი აშშ-ში უკვე სტადიონებს ავსებდა, რისთვისაც ძალიან ცოტა K-პოპ არტისტს თუ მიუღწევია. 

ისეთ თანადროულ ჯგუფებთან ერთად, როგორიცაა BTS, Blackpink-მა დაანგრია კედელი, რომელიც K-პოპსა და ამერიკულ მეინსტრიმს შორის იყო აღმართული. ისინი რეგულარულად ჩნდებოდნენ დილისა და ღამის შოუებში, წერდნენ ინგლისურ მუსიკას და თანამშრომლობდნენ აშშ-ის მთავარ ჰიტების შემქმნელებთან.

მიუხედავად იმისა, რომ Blackpink-ის ყველა წევრს თავისი სუპერძალა აქვს – ჯენი შეუვალად თავშეკავებულია, როზეს ავტორ-შემსრულებლური ნიჭი აქვს, ხოლო ჯისოოს განსაკუთრებული იუმორის გრძნობა –  Lisa ჯგუფის თვალშისაცემი ძალაა. ის რეპავს Pixar-ის ნათურის დიდი და მოხტუნავე ენერგიით და ჰიპ-ჰოპის გლობალიზაციის ურყევი სახე ხდება. მისმა 2021 წლის სოლო სიმღერამ Money „ბილბორდის” Hot R&B/Hip-Hop ჩარტში 36 ადგილი დაიკავა, რითაც ის პირველი K-პოპ არტისტი გახდა, რომელიც ჩარტის ტოპ 40-ში შევიდა. მას შემდეგ, რაც Lisa-მ სოლო მუსიკის კეთება დაიწყო, გააცნობიერა, რომ ჟანრობრივი თავისუფლება მისი კოზირია. „ვიფიქრე… ეს ყოველ ჯერზე გავაკეთო? რატომაც არა!”

წარსულში K-პოპის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები სოლო კარიერას ან დამოუკიდებლად, ან კიდევ იმ კომპანიის მეშვეობით მისდევდნენ, რომელიც მათი ჯგუფის უკან იდგა. Lisa-მ კი განსხვავებული მოდელი აირჩია და საკუთარი მენეჯმენტ კომპანია და ლეიბლი Lloud დააარსა. კომპანია თანამშრომლობს RCA Records-თან, სადაც საკუთარი მასტერების მფლობელი თავადვეა.

„ნათელი იყო, რომ მას გლობალური დომინაცია სურდა, როგორც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი. ჩვენ კი აქ ვართ მასთან ერთად,” – ამბობს RCA-ს მთავარი საოპერაციო დირექტორი ჯონ ფლეკენშტეინი.  „K-პოპ კომპანიები, ისევე როგორც მულტიფუნქციური მაღაზიები, ერთ ჭერქვეშ აერთიანებს მენეჯმენტს, ლეიბლს, აგენტსა და სხვა ყველა ფუნქციას. ისინი გარკვეული მექანიზმით მუშაობენ და წლების განმავლობაში ეს არქიტექტურა დაამკვიდრეს, რომელსაც ფანები ძალიან შეეჩვივნენ,” – ამბობს ის. „ასე რომ, ძალიან იშვიათია, რომ ვინმემ ამ არქიტექტურიდან გადაუხვიოს.”

და ეს არ არის მხოლოდ Lisa, რომელიც სწავლობს, თუ როგორ გააკეთოს ეს. იმავეს ცდილობენ მისი ჯგუფის წევრებიც, რადგან მათ ერთობლივად დაიწყეს შემოქმედების ახალი ფაზა. ჯენიმ Columbia Records-თან თანამშრომლობით ოქტომბერში გამოსცა სინგლი Mantra. როზი Atlantic Records-ით დეკემბერში გამოსცემს სადებიუტო ალბომს. მისმა პირველმა სინგლმა APT, ბრუნო მარსთან ერთად, მას Billboard Hot 100-ის სადებიუტო მერვე ადგილი მოუტანა, რაც ქალი K-პოპ სოლო არტისტისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ჯისოო კი ამასობაში სამსახიობო კარიერაზეა ორიენტირებული კორეულ სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში. თუმცა მან ასევე დააფუძნა კომპანია Blissoo და  Lisa-ს აზრით, საბოლოოდ ისიც მუსიკის კეთებას დაუბრუნდება. 

რაც შეეხება Lisa-ს, მას შემდეგ, რაც სადებიუტო ალბომზე მუშაობას დაასრულებს, შეძლებს თუ არა, რომ თავისი თავი K-პოპის დედოფლიდან მსოფლიო ინდუსტრიის ქალ ბოსად აქციოს? ის ამ გამოწვევისთვის მზადაა. ტექნიკურად Lloud-ის გენერალური დირექტორია, თუმცა თავად ამ ტიტულზე ცოტა იშმუშნება. „ასე თქმა არ მინდა,” – ამბობს და იღიმის. „უბრალოდ ბოსი დამიძახეთ – ბოსი Lisa დამიძახეთ.”

Lisa
Joelle Grace Taylor

როცა 2023 წლის სექტემბერში Blackpink-მა ერთწლიანი ტურნე დაასრულა, Lisa-ს პრიორიტეტების სიაში ძილი მაინც სულ ბოლოში იყო. „ძალიან დაღლილი ვიყავი,” – ამბობს ის, „მაგრამ არ ვიცი, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, როცა არ ვმუშაობ. თითქოს მჭირდება, რომ სულ რაღაც ვაკეთო. ჩემი სხეული სიგნალს მიგზავნის: „ბევრი არ დაისვენო!”

იმ დროს უკვე ბევრს ფიქრობდა თავის მომავალზე. Blackpink იმ ზაფხულს თავის მეშვიდე იუბილეს აღნიშნავდა, რაც კრიტიკული ნიშნულია K-პოპ ჯგუფებისთვის, რადგან, როგორც წესი, კონტრაქტების ხანგრძლივობა სწორედ შვიდ წელს შეადგენს. K-პოპის ფანები მუდმივად საუბრობენ „შვიდწლიან წყევლაზე”, რაც გულისხმობს ჯგუფების ტენდენციას, შვიდი წლის თავზე დაიშალონ. წლების განმავლობაში Blackpink-ის ტრაექტორიას მკაფიო კონტურები ჰქონდა, თუმცა ამჯერად, როცა ჯგუფის წევრები კონტრაქტის განახლებაზე ფიქრობდნენ, მათ გადაწყვეტილება გაურკვეველ მომავალზე უნდა მიეღოთ – თუ რა სურდათ მისგან, როგორც ერთად, ასევე ინდივიდუალურად. „რა თქმა უნდა, ჩვენ მეტის გაკეთება გვინდა, რადგან Blackpink ჩვენი ცხოვრების ნაწილია და კიდევ მეტის მიღწევა გვსურს,” – ამბობს Lisa. „მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე გვინდოდა, რომ სოლო კარიერაშიც მიგვეღწია რამისთვის.”

ოთხეული უჩვეულო შეთანხმებამდე მივიდა: წევრებმა ჯგუფურ კონტრაქტს ხელი მოაწერეს, მაგრამ ამავე დროს, გახდნენ თავისუფალი აგენტები თავიანთი ინდივიდუალური პროექტებისთვის. Lisa-სთვის უკვე დრო იყო, რომ საკუთარი გზა აერჩია. ამისთვის კი გუნდი სჭირდებოდა. 

პირველი ადამიანი, რომელსაც დაუკავშირდა, ელის კენგი იყო, რომელიც ხუთი წელი მუშაობდა Blackpink-ის მშობელი კომპანიის, YG-ის ლოს-ანჯელესის ფილიალში, სადაც შეხება ჰქონდა ყველაფერთა – მარკეტინგთან, ლეიბლებთან, მერჩენდაიზთან და კარგად იცნობდა Lisa-საც. თავის დროზე YG-ის ჩრდილოეთ ამერიკის ოპერაციების ხელმძღვანელმა ჯოჯონგ ჯომ კენგი სწორედ Lisa-ს მიამაგრა. „ორივეს მარტივი და მხიარული ხასიათი აქვს და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მუშაობენ ერთად ძალიან კარგად,” – აღნიშნა მან. თუმცა მას შემდეგ, რაც კენგს Blackpink-ის ტურნეს დროს საკმაოდ დიდი დროის გატარება მოუხდა სახლიდან შორს, 2023 წელს მან სამსახური დატოვა და უფრო მშვიდი სამუშაოს ძებნა დაიწყო. „ვფიქრობდი, ახალი წელი მოდის, წლის დასასრულია, ოჯახური პერიოდია,” – სიცილით ამბობს კენგი. „და, აი, ამ დროს Lisa-ც გამოჩნდა.”

„მას ჰქონდა შემართება, რომ თავისი სახელი აშშ-ის მუსიკალურ ბაზარზე დაემკვიდრებინა,” – იხსენებს კენგი, რომელიც ახლა Lloud-ის ბიზნესისა და მენეჯმენტის ხელმძღვანელია. მიუხედავად იმისა, რომ Lloud სხვა არტისტების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს მოგვაგონებს, როგორიცაა, მაგალითად, ბიონსეს Parkwood Entertainment, Lisa ამბობს, რომ სხვა არტისტებთან თანამშრომლობაზე არ უფიქრია და რიანას დონის იმპერიის შექმნის მისწრაფებებსაც უარყოფს. „ჩემთვის Lloud ეს არის უსაფრთხო ზონა, რომელიც მხარს უჭერს და ფოკუსირდება Lisa-ზე,” – ამბობს ის. „მე უბრალოდ ვფიქრობდი, თუ რისი მიღწევა მსურდა წლების პერსპექტივაში და ამ წელს რისი გაკეთებაც მინდოდა, ეს არის ახალ მუსიკაზე მუშაობა და მასზე კონცენტრირება.”

Lisa
Joelle Grace Taylor

Lisa-მ და კენგმა სამომავლო გეგმები დასახეს, შემდეგ კი მრჩევლად ჯოც შემოიერთეს, რომელმაც ასევე დატოვა YG. სწორედ ის დაეხმარა Lisa-ს ძირითადი გუნდის დაკომპლექტებასა და წამყვან ლეიბლებთან შეხვედრების დაგეგმვაში. Lisa-მ კი პირველივე შეხვედრაზე გაუგო RCA-ს. „ჩავჯექი თუ არა მანქანაში შეხვედრის შემდეგ, ელისს ვუთხარი: „უკვე მიყვარს ისინი!” – ამბობს ის. ეს უფრო ინტუიცია იყო, მაგრამ Lisa-მ დააფასა ის ფაქტი, რომ კომპანიაში მას მომზადებული დახვდნენ. Lisa-ს ხუთი კატა ჰყავს, RCA-მ კი მას სასაჩუქრე კალათა დაახვედრა კატის თემაზე შექმნილი ატრიბუტებით – სტიკერებითა და რბილი სათამაშოებით. „მათ ეს შეხვედრა Lisa-სთვის ძალიან პერსონალიზებული გახადეს,” – ამბობს კენგი. „მათ ასევე უკვე ნაფიქრი ჰქონდათ გეგმებზეც, თუ როგორ დაუჭერდნენ მას მხარს და უფრო დიდ ვარსკვლავს გახდიდნენ, ვიდრე ახლაა.”

„K-პოპი ერთგვარად განსაზღვრული სამყაროა იმ თვალსაზრისით, თუ რა მოლოდინები აქვთ ფანებს და რის გაკეთებას აპირებს ხალხი.  Lisa-სთვის კი ძალიან გაცნობიერებული არჩევანი იყო ისეთ ადამიანებთან მუშაობა, როგორებიც ჩვენ ვართ იმ რესურსებისა და კავშირების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს,” – ამბობს ფლეკენშტეინი. „მან ძალიან მკაფიოდ იცის, თუ საით მიდის, მაგრამ ჩვენ მას სიცარიელეების შევსებაში ვეხმარებით, თუ როგორ უნდა მივიდეს იქ.”

RCA-მ ითავა მთავარი კავშირების დამყარებაც, მაგალითად, Lisa დააკავშირა ქორეოგრაფ შონ ბენკჰედთან, რომელმაც შემდგომ მასთან ითანამშრომლა ვიდეოკლიპებსა და ლაივებზე, მათ შორის იყო MTV VMA-ზე მისი ცეცხლოვანი გამოსვლაც. როცა საქმე ქორეოგრაფიის შესწავლას ეხება, ბენკჰედი Lisa-ს რობოტს ეძახის და ამბობს, რომ მან Rockstar-ის უმეტესი ნაწილი ბანგკოკში გადაღების წინა დღეს ისწავლა. „ეს მართლაც არგაგონილია,” – ამბობს ის. 

თავად Lisa-სთვის საკუთარი კარიერის ამ ნაწილის ხელმძღვანელობა თვალების ახელას ჰგავს. ნიშნავს თუ არა თავისი კომპანიის უფროსობა იმას, რომ სიამოვნებას ანიჭებს ისეთი კორპორაციული საკითხების მოგვარება, როგორებიცაა ბიუჯეტი, ხარჯების ანგარიში და სხვა? „რა თქმა უნდა,” – პასუხობს ის. „ჯერჯერობით არაფერია მოსაბეზრებელი, რადგან ჩემთვის ყველაფერი ძალიან ახალია. ვამბობ ხოლმე: „ღმერთო ჩემო, ესეც მე უნდა გავაკეთო? კი ბატონო!”

„ახლა უკვე ვიცი, თუ რა ღირს ეს ყველაფერი. აქამდე YG-ს ქვეშ ვიყავი, ყველაფერს ისინი აკეთებდნენ და არასდროს ვიცოდი, რა ხდებოდა ან რამდენს ვხარჯავდით ვიდეოკლიპებზე, ფოტოსესიებსა თუ სასტუმროებზე. მაგრამ ახლა ყველაფერი ვიცი, ამიტომ პირველი რაც ვთქვი, იყო: „აღარავითარი პირველი კლასი,” – ამბობს სიცილით. „ყველაზე ცუდი უფროსი ისაა, ვინც გადაწყვეტილებებს ვერ იღებს,” – ამბობს ჯო. „Lisa-ს კი ეს შეუძლია, ასე რომ, დიდებულია.”

ისეთ გიგანტ კომპანიასთან შედარებით, როგორიც YG-ია, Lloud, Lisa-ს თქმით, უფრო ოჯახურ ბიზნესს ჰგავს. გუნდში ამჟამად ათ კაცზე ნაკლებია. „ისეთი დაკავებულები ვართ, დროც არ გვქონია, რომ ხალხი აგვეყვანა,” – ამბობს ჯო. „ვიდეოკლიპს რომ ვიღებთ, ადგილზევე უკვე მომდევნო ვიდეოს განვიხილავთ. რაღაცას რომ ვაკეთებთ, პარალელურად უკვე შემდეგ ნაბიჯზეც ვმუშაობთ.”

ეს კი, ყოველ შემთხვევაში, ახლა, სწორედ ისაა, რაც Lisa-ს მოსწონს. „ამ დღეებში, როცა ელისთან და ჩემს გუნდთან ერთად სადილზე მივდივართ, ვერაფერზე ვლაპარაკობთ, საქმის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ ხოლმე: „კარგი, ამ სადილზე უბრალოდ ვისიამოვნოთ”, ამას მაინც ვერ ვახერხებთ. არ არსებობს ზღვარი,” – ამბობს Lisa. „იმდენი რამ ხდება, ამიტომ როცა რაღაცაზე ვფიქრობ და გონებაში ამომიხტება, ეს მაშინვე უნდა ვთქვა, თუ არა და დამავიწყდება. კი, ეს მოსაგვარებელია.”

Lisa
Joelle Grace Taylor

Lisa-ს წარმატება მისსავე სახელშია. დაბადებული, როგორც პრანპრია მანობალი, 13 წლის ასაკში ის YG-ში მოსმენაზე მივიდა. როცა კომპანიისგან პასუხი არ მოვიდა, დედამისმა ის მკითხავთან წაიყვანა, რომელმაც იღბლისთვის სახელის შეცვლა ურჩია, რაც ტაილანდურ კულტურაში გავრცელებული პრაქტიკაა. Lisa-ს თქმით, ერთი კვირის შემდეგ, რაც სახელი გადაირქვა და Lalisa დაირქვა (რაც ნიშნავს მას, ვისაც ადიდებენ), YG-მ ის სეულში სწავლებაზე მიიწვია. 

K-პოპის სასწავლო სისტემა ეს არის არტისტების განვითარების პროგრამა სტეროიდებზე. ვარსკვლავობის მსურველები, რომლებიც საერთაშორისო კასტინგებით ირჩევიან, წლებს ატარებდნენ მუსიკისა და ცეკვის სწავლაში, რათა ჯგუფში ადგილისთვის ებრძოლათ. ეს არის მომთხოვნი და დიდი წნეხის მქონე გარემო ხანგრძლივი დღეებითა და იშვიათი დასვენებებით, მუდმივი შეფასებებითა და გარიცხვის შიშით. Lisa-სთვის, რომელიც გარკვეულ დონეზე საუბრობდა ინგლისურად, მაგრამ საერთოდ არ იცოდა კორეული, ეს შესაძლოა მაიზოლირებელი ფაქტორი ყოფილიყო. „მათ სურდათ, რომ მეტად ვკონცენტრირებულიყავი კორეულად საუბარზე. ასე რომ, სხვა გოგოები, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ, გააფრთხილეს: „Lalisa-სთან ინგლისურად არ ისაუბროთ.” თუმცა Lisa-სთვის სხვა გზა არც არსებობდა. „მგონია, რომ სცენისთვის ვარ დაბადებული,” – ამბობს ის. 

ახლა კი, თავის სოლო კარიერაში, Lisa-მ თავისი არტისტული განვითარება პრიორიტეტად აქცია. ერთ-ერთი პირველი, რაც გასულ შემოდგომაზე ჯომ გააკეთა, ჩაწერის სესიების მოწყობა იყო. „ის სულ ერთ პროდიუსერთან მუშაობდა,” – ამბობს ჯო და გულისხმობს ტედი პარკს, რომელიც Blackpink-ის რეპერტუარის უმეტესი ნაწილის ავტორი ან პროდიუსერია. „ასე რომ, ვუთხარი, იქნებ სხვა პროდიუსერთანაც უნდა იმუშაო, რომ ნახო, ვისთან ერთად გამოგდის კარგად.”

სხვა პოპჯგუფების წევრებისგან განსხვავებით, ლიზა Blackpink-ში თავს შებოჭილად არ გრძნობდა. ის და თავისი ჯგუფის წევრები მუდმივად აქებდნენ პარკს იმის გამო, რომ მათ ძალისხმევასა და მონაწილეობას ყოველთვის მხარს უჭერდა. „Blackpink-ში მე რეპერი ვარ, ამიტომ სულ ვრეპავ,” – ამბობს ის. „მაგრამ ეს ჩემი შანსია, მსოფლიოს ვანახო, რომ კიდევ ბევრი რამ შემიძლია.”

Rockstar ის კომპოზიცია აღმოჩნდა, რომელმაც ზღვარი გაავლო Lisa-ს Blackpink-ის ჟღერადობასა და მის ახალ ეპოქას შორის. „სიმღერის გამოშვებისას ვიცოდით ის, რომ გვინდოდა თანხვედრაში მოვსულიყავით მის არსებულ ფანებთან,” – ამბობს ფლეკენშტეინი. მომდევნო სინგლებმა კი Lisa-ს უკვე უფრო მეტი თავისუფლება მისცა, შესაბამისად, ექსპერიმენტებისა და თავისი ხმის ახალი ტექსტურებით თამაშის შესაძლებლობაც. „თითქოს უფრო მეტი კრეატიული თავისუფლება მაქვს ყველაფერში,” – ამბობს ის. 

Lisa
Joelle Grace Taylor

ეს მოიცავს თავისუფლებას, იყოს უფრო გამბედავიც. როცა პოპვარსკვლავები ჯგუფის შემდეგ სოლო კარიერას იწყებენ, ისინი, როგორც წესი, თავიანთი ახალგაზრდული წარსულისგან ზრდასრულობისა და დამოუკიდებლობის ძლიერი განაცხადებით თავისუფლდებიან. მაგრამ წესები სხვანაირია K-პოპის ვარსკვლავებისთვის, რომელთაგანაც ისტორიულად ელიან, შეინარჩუნონ „სუფთა” იმიჯი იმით, რომ თავი შეიკავონ რომანებისა და წვეულებებისგან, საჯაროდ მაინც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნორმები დროთა განმავლობაში ვითარდება, ისინი მაინც ახერხებენ ინდუსტრიის ფორმირებას: Seunghan-მა, რომელიც ჯგუფ RIIZE-ის წევრი იყო, თავდაპირველად პაუზა აიღო, საბოლოოდ კი ჯგუფი დატოვა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა, სადაც ის ქალს კოცნის და ეწევა. 

Lisa კი ნელ-ნელა იზრდება. როცა Blackpink „კოაჩელას” ჰედლაინერი იყო, მან თავისი გამოსვლა ძელზე ცეკვით დაიწყო, სანამ Money-ის ახალ ვერსიას შეასრულებდა, რომელიც F-სიტყვებით იყო დახუნძლული. „ამ მომენტს ველოდი, რომ ეს ვერსია მემღერა,” – ამბობს Lisa და აღნიშნავს, რომ ეს ჯენის იდეა იყო. „მან მითხრა: Lisa, უბრალოდ გააკეთე ეს. ეს „კოაჩელაა” და აქ ამას ყველა აკეთებს.”

დღეს, Lisa-ს ახალ ეტაპზე, მისი ზრდასრულობა იგრძნობა, დაწყებული ოქტომბრის გამოსვლით Victoria’s Secret-ის შოუზე, დასრულებული თამამი ტექსტებით. 

„ახლა ცოტა უფრო თავისუფალია,” – ამბობს ის საკუთარ იმიჯზე, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს დაიმსახურა. „ჩვენ აღარ ვართ ახალბედები. მე 27 წლის ვარ, 30-ს ვუახლოვდები. რა თქმა უნდა, ისევ ახალგაზრდა ვარ, დიახ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენთვის ყველაფერი უფრო მოქნილია და ამაში არაფერია გიჟური. უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მინდა და ეს აღარ არის მტკივნეული, რადგან აღარავის გრძნობებს აღარ ეხება.” რაც შეეხება პირად ცხოვრებას, როცა იმ „მწვანეთვალება ფრანგ ბიჭზე” ვკითხე, რომელზეც ის Moonlit Floor-ში მღერის, Lisa-მ, რომელზეც ამბობენ, რომ LVMH-ის მემკვიდრე ფრედერიკ არნოს ხვდება, მოკრძალებულად მიპასუხა: „ეს სიმღერა მე არ დამიწერია”.

ბენკჰედი ამბობს, რომ Lisa საკუთარი თავის ევოლუციაში გზას რეალურ დროში იკვალავს. „მე ყოველთვის მქონდა შოკისმომგვრელი პერფორმანსები, იქნება ეს Lil Nas X-ის შიშველი ცეკვა შხაპის ქვეშ თუ ქარდი ბისა და Megan Thee Stallion-ის მაკრატლის მოძრაობა გრემიზე. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მასთან მიმართებითაც რაღაც ახალი მინდოდა, ის კი მეუბნებოდა, რომ ჯერჯერობით თავს კომფორტულად არ გრძნობდა. შემდეგ კი, როცა იდეა მომივიდა, რომ Victoria’s Secret-ის შოუზე უფრო სექსუალური გამოსვლა ჰქონოდა, მან მითხრა: „მგონი, კიდევ უფრო მეტი მინდა.”

Lisa
Joelle Grace Taylor

Blackpink-ის შოუს საუკეთესო ნაწილი არ არის პიროტექნიკა ან ბრჭყვიალა კოსტიუმების ცვლა, არამედ გოგონების ბისზე გამოსვლა. ოთხი მომღერალი, რომელიც თავიანთ „მერჩენდაიზში” არიან გამოწყობილი, თავს ანებებს მათთვის ჩვეულ ქორეოგრაფიას, უბრალოდ ერთმანეთთან ერთობა და ამ წუთებით ტკბება. ისინი იმ იშვიათ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რომლებიც თავიანთი ძალაუფლების ზენიტში ერთმანეთით არ დაიღალნენ. და მაშინ, როცა ჯგუფის წევრებმა სოლო პროექტები დააანონსეს, ისინი მაინც რჩებიან ერთმანეთის ყველაზე დიდ მხარდამჭერებად. 

„ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და ვიცით, თუ რამხელა ენერგია გვაქვს ჩადებული თითოეულ პროექტში,” – ამბობს  Lisa. „ასე რომ, გვინდა, ერთმანეთი გავამხნეოთ და ვუთხრათ: „ძალიან კარგად გამოგივიდა!”  აი, ჯენიმ და როზიმ ახლა გამოსცეს საკუთარი სიმღერები და სულ მესიჯებსა და „ფეისტაიმში” ვართ. ერთი ოჯახივით ვართ. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა რაღაცას გამოუშვებენ. ეს არის ის, რაც ყველას გვინდოდა და მინდა ვთქვა, რომ მე მართლა ძალიან მომწონს მათი სიმღერები.”

Lisa ადასტურებს, რომ ჯგუფი 2025 წელს ისევ გაერთიანდება. „ერთი სული მაქვს,” – ამბობს ის, თუმცა ზუსტად რა ფორმას მიიღებს ეს გაერთიანება, ჯერჯერობით უცნობია. YG-მ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ჯგუფს ოფიციალური დაბრუნება ექნება, ისევე, როგორც მსოფლიო ტურნე. მაგრამ როცა Lisa-სთან საუბარში ტურნე ვახსენე, შეიშმუშნა. „ასე თქვეს?” – იკითხა ხმით, რომელიც სკეპტიციზმს შეიცავდა.  „არ ვიცი,” – თქვა შემდეგ კენგმა. „უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რას დაადასტურებს YG.”

როგორ შეათავსებს Lisa სოლო კარიერას ჯგუფურ მოვალეობებთან, ფლეკენშტეინის თქმით, ამას ცოტა ხანში გავარკვევთ. „ჩემი ინტუიციით ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება. არ არსებობს წესები და ვერც ვხედავ რაიმე სახის წესების არსებობის საჭიროებას.”

ამჟამად Lisa-ს სოლო ტურნეს გეგმები არ აქვს და ფიქრობს, რომ ვერც ექნება, სანამ დიდი მოცულობის სამუშაოს არ დაასრულებს. ამ ეტაპისთვის ის სრული ძალებით მუშაობს ალბომზე. „ძალიან უხერხულია ამის თქმა”, – პასუხობს კითხვას, თუ რა მუსიკას უსმენს ბოლო დროს, „მაგრამ ჩემს ალბომს ვუსმენ. ვცდილობ, ყველაფერი გავაანალიზო, კომპოზიციების სია და ყველაფერი, თუ რა შემიძლია, რომ შევცვალო.” ხოლო შეკითხვაზე, იქნება თუ არა ალბომში ბალადები, პასუხობს: „ყველაფერი იქნება. ვფიქრობ, გაოცდებიან იმით, თუ როგორ შემიძლია, ამდენი რამ ვაკეთო.”

როცა 2019 წელს Lisa-ს პირველად შევხვდი, ის აღფრთოვანებული ჩანდა მსოფლიოს აღმოჩენით. ფანჯარას მიეკრა, როცა ჰოლივუდის ნიშანი დაინახა, თუმცა ამავდროულად ნერვიულობდა იმ მოლოდინებზე, რაც ჯგუფის მიმართ იყო. დღევანდელი, ბევრად თავისუფალი Lisa კი ისე გამოიყურება, თითქოს ამ მოგზაურობით ტკბება. რა რჩევას მისცემდა ის ექვსი წლის წინანდელ Lisa-ს?

„არაფერს ვეტყოდი,” – ამბობს ის. „ეს იმას ჰგავს, როცა მკითხავი რაღაცას გეტყვის და ის შენს გონებაში იჭედება. ვინმე თუ გეტყვის, რომ აი, ამ რაღაცას მოიგებ, შენც ფიქრობ: „მე ამას მაინც მოვიგებ, ამიტომ ამისთვის აღარაფერს გავაკეთებ”. შემდეგ კი მას ვეღარ მიაღწევ. ასე რომ, ჩემს უფროს თავს არაფერს ვეტყოდი.” შემდეგ კი იხრება და ამბობს: „რასაც არ უნდა აკეთებდე ახლა, უბრალოდ განაგრძე.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბაკურ ბურდული-სადღაც ყოველთვის

ბაკურ ბურდულის სიმღერა „სადღაც ყოველთვის“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბაკურ ბურდული-სადღაც ყოველთვის

ბაკურ ბურდულის სიმღერა „სადღაც ყოველთვის“

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სახელწოდებით „სადღაც ყოველთვის“ საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწერა, მუსიკოსმა ის Youtube პლატფორმაზე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა კონცერტის გასაფორმებლად სოფიკო ჭიაურელის კადრები გამოიყენა

სცენაზე ვიზუალური გაფორმების სახით სერგო ფარაჯანოვის ფილმ „ბროწეულის ფერის” ფრაგმენტები გადიოდა.
მეტი