Record Store Day ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც დამოუკიდებელი მუსიკალური მაღაზიების მხარდაჭერისთვის შეიქმნა. Record Store Day-ს 2025 წლის ელჩად Post Malone დასახელდა.
Record Store Day დაარსებიდან მე-18 წლის იუბილეს 2025 წლის 12 აპრილს აღნიშნავს. ღონისძიება თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკურ მედია ფორმატს, დამოუკიდებელ არტისტებს და მცირე ფირფიტების მაღაზიებს უჭერს მხარს. ახლა კი 2025 წლის Record Store Day-ს ელჩად Post Malone აირჩიეს.
„რამხელა პატივია! ვერ ვიჯერებ, რომ Record Store Day-ს 2025 წლის ელჩად ამირჩიეს, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, ჩემი წვლილი ამ ინიციატივაში მეც შევიტანო. როცა ტურნეში ვართ, ადგილობრივ მუსიკალურ მაღაზიებში შესვლას ყოველთვის ვახერხებ. ფირფიტების მაღაზიის ენერგია ძალიან შთამაგონებელია, ეს ის ადგილია, სადაც თავს სახლში ვგრძნობ.“ – განაცხადა Post Malone-მა განცხადებაში.
„ეს მართლაც წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როცა ფირფიტების მაღაზიაში შედიხარ და ვინილების ყუთში იქექები. უბრალოდ ეძებ იმას, რაც თვალში მოგხვდება. შესაძლოა, რამე კონკრეტულს ეძებ და სრულიად განსხვავებული რამ აღმოაჩინო. „მეგობრებო განაგრძეთ მხარდაჭერა, დავიცვათ ფირფიტები და გავაძლიეროთ ადგილობრივი მუსიკალური მაღაზიები.“
Post Malone იმ ვარსკვლავების სიას შეუერთდა, რომელთაც ელჩის ტიტული 2009 წლიდან ენიჭებათ. წინა წლებში ელჩის ტიტული ისეთ არტისტებს მიენიჭათ, როგორებიც არიან ჯეკ უაითი, Run the Jewels, ოზი ოზბორნი, ბრენდი კარლაილი, Metallica და სენტ ვინსენტი. 2024 წელს აშშ-ში ელჩად Paramore შეირჩა, დიდ ბრიტანეთში კი Record Store Day-ს ელჩად კეიტ ბუში დასახელდა.
ტრადიციულად, Record Store Day-ს ელჩები სპეციალურად ამ დღისთვის შეზღუდული რაოდენობის ვინილის ტირაჟს გამოსცემენ. გამომდინარე იქიდან, რომ Post Malone-ის 2024 წლის ალბომ F-1 Trillion-ს დიდი წარმატება ხვდა წილად, შესაძლოა მუსიკოსის სწორედ ეს ალბომი შეირჩეს.
„მუსიკალურად Post Malone მრავალფეროვანი არტისტია, ზუსტად ისეთივე, როგორც ფირფიტების მაღაზიები და მათი მომხმარებლები არიან, ძალიან მახარებს მისი Record Store Day-ს ელჩად არჩევა.” – აღნიშნა განცხადებაში Record Store Day-ს თანადამფუძნებელმა, კერი კოლიტონმა.