15 თებერვალს მუსიკალური ლეიბლების სამუშაო შეხვედრა შედგა. ღონისძიება „საქართველოს მუსიკის ექსპორტის” ორგანიზებით გაიმართა და მას შემოქმედებითი განათლების სტუდიამ (CES) უმასპინძლა.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი ინდუსტრიულ დისკუსიას დაეთმო, სადაც სექტორის წინაშე არსებული ბარიერები და განვითარების პრიორიტეტები გამოიკვეთა.
ღონისძიების ფარგლებში შედგა კვლევის პრეზენტაციაც, სახელწოდებით „ქართული მუსიკალური ლეიბლების საჭიროებები და ექსპორტის პოტენციალი”. კვლევაში მონაწილეობა ქვეყანაში მოქმედმა რვა აქტიურმა ლეიბლმა მიიღო. ღონისძიებაზე წარადგინეს და განიხილეს აღნიშნული კვლევის შედეგები.
„საქართველოს მუსიკის ექსპორტის” განცხადებით, მონაწილე მხარეებმა მსგავსი აქტივობების კვლავ გამართვის სურვილი გამოთქვეს. შედეგად, სამომავლოდ უკვე იგეგმება შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც შემუშავდება სამოქმედო გეგმა.