მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი Behind The Door ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის (Berlin Short Film Festival) გამარჯვებულია. ნამუშევარმა, რომელშიც მთავარ როლებს მერაბ ნინიძე და ჯანო იზორია ასრულებენ, უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.
ფილმი ბერლინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, თემოს შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც საკუთარი წარსულისგან დისტანცირება და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. თბილისსა და ბერლინში გადაღებული ფილმი იდენტობისა და მიგრაციის თემებს იკვლევს. ამ საკითხების აქტუალობამ და მხატვრულმა გადაწყვეტამ საერთაშორისო კინოსივრცეში უკვე დამსახურებული აღიარება მოიპოვა.
ფროდაქშენ კომპანია Film Asylum-ისა და ნოდარ მარშანიშვილის რეჟისორობით შექმნილი ფილმის პროდიუსერები Film Asylum-ის გუნდის წარმომადგენლები – ვაკო კირკიტაძე, ნიკოლოზ გუგუშვილი და ნოდარ მარშანიშვილი არიან. დამდგმელი ოპერატორი გური გოლიაძეა, რომელმაც მუსიკალურ გაფორმებაზეც იმუშავა, დამდგმელი მხატვარი კი ლაშა ზამბახიძეა.
ვაკო კირკიტაძე – Film Asylum-ის დამფუძნებელი და ფილმის პროდიუსერი:
„ყოველი ჩვენება ჩვენთვის შესაძლებლობაა, მაყურებელს ის ისტორიები გავუზიაროთ, რაც გვინდა, რომ მათ გულამდე მივიდეს. განსაკუთრებით სასიამოვნოა ასეთი ტიპის ფესტივალებზე ფილმის ჩვენება, რადგან აქ იკრიბებიან ნამდვილი კინემატოგრაფისტები, ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან კინოთხრობის მანერა, ხვდებიან, თუ როგორ ყალიბდება ფილმის ენა განათების, მუსიკისა და სხვა კინემატოგრაფიული დეტალების საშუალებით.
გარდა ამისა, ფესტივალი საუკეთესო პლატფორმაა საერთაშორისო აუდიტორიისთვის საკუთარი ქვეყნის გასაცნობად. ეს პროცესი მხოლოდ ეკრანზე ჩვენებით არ შემოიფარგლება, ის გრძელდება დისკუსიებში, პროფესიულ შეხვედრებსა და არაფორმალურ საუბრებში.
ჩვენთვის, Film Asylum-ში, ყოველი ფილმი არის ახალი ამბავი, რომლის მოყოლაც გულწრფელად გვინდა, სწორედ ამიტომ თითოეული ჩვენგანი სრულად არის ჩართული შემოქმედებით პროცესში. ფილმში მსახიობები მერაბ ნინიძე და ჯანო იზორია თითქმის სრულად ტელეფონით ურთიერთობენ, რაც მსახიობისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა. ფილმის გადაღებაში ძალიან დაგვეხმარა გოგი გულორდავა და კომპანია ,,დაგი”, რომელმაც პროექტის იდეა თავიდანვე ირწმუნა და გვერდში დაგვიდგა. საბოლოო ჯამში, ეს ენთუზიაზმი და მოტივაცია ფილმზეც აისახა და ძალიან გულწრფელი ისტორია ერთობლივად გადმოვეცით.”
გიორგი ქობალია – Film Asylum-ის გუნდის წევრი და რეჟისორი:
„პროექტი ასე დაიწყო: ფილმის რეჟისორი ნოდარ მარშანიშვილი ამერიკაში იყო ემიგრაციაში და იქიდან დამირეკა, სცენარი მაქვს და დახმარება მჭირდებაო. ვნახეთ სცენარი, მოგვეწონა და კინოცენტრში შევიტანეთ. მერე უკვე სტუდიაში განვიხილეთ ყველაფერი. ისე დალაგდა, რომ დღეს ის ჩვენი გუნდის წევრია. პროექტზე მუშაობა ოთხი წლის წინ დაიწყო, ორი წლის წინ დასრულდა და ამჯერად საფესტივალო ცხოვრების ფაზაშია. ახლახანს კიდევ ერთ ფესტივალზე გავიტანეთ ლოს ანჯელესში და იქაც მივდივართ.“
რაც შეეხება მუსიკალურ კონცეფციასა და ხმოვან შინაარსს, აღსანიშნავია, რომ მასზე ფილმის დამდგმელმა ოპერატორმა, გური გოლიაძემ იმუშავა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მთელ სიუჟეტს უწყვეტად გასდევს ერთი მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც სრულ ნარატივს აერთიანებს და ვიზუალურ გამოსახულებასთან ერთად დამატებით შინაარსსა და ემოციურ სიღრმეს ქმნის.
გური გოლიაძე – ფილმის დამდგმელი ოპერატორი და მუსიკის ავტორი:
„ფილმ Behind The Door-ის მუსიკა ემბიენტურ კოლაჟს წარმოადგენს. განმეორებადი ხმოვანი ფრაგმენტები და თანდათანობით გარდამავალი ფენები ჩაკეტილი სივრცის შეგრძნებას ქმნის.
დაბალი სიხშირეები და ნელი, დინამიკური განვითარება პერსონაჟებს შორის დაგროვილ უთქმელ სიტყვებს, მიუღებლობასა და ფსიქოლოგიურ დისტანციას გამოხატავს.
თეიფ ლუპების ანალოგური ხმოვანი ტექსტურა ურთიერთობის მყიფე და დაზიანებულ ბუნებას უსვამს ხაზს. მუსიკა დაცურავს, როგორც უხილავი სივრცე პერსონაჟებს შორის, – სიცარიელე, რომელიც თანდათან ხმოვანი ჩრდილებით ივსება.
ოპერატორის ხედვით აღქმული სიუჟეტის ემოციური ტემპი, სივრცის აღქმა და პერსონაჟებს შორის არსებული დაძაბულობა პირდაპირ აისახება ხმოვან ფორმაში. მუსიკა არ შექმნილა ნეიტრალური პოზიციიდან – „point of view“-დან. ის იბადება იქ, სადაც კადრი იქმნება, შედეგად, ვიზუალურ გამოცდილებას ხმოვან შეგრძნებად გარდაქმნის.“
ბერლინში ფილმმა Behind the Door საერთაშორის აღიარება და პირველი პრიზი უკვე მოიპოვა, შემდეგი ეტაპი და ფილმის საფესტივალო გზა კი ლოს ანჯელესში, Beverly Hills Film Festival-ზე აპრილში გაგრძელდება.