წლევანდელი „მეტ გალას” თემა ოფიციალურად გამოცხადდა და ეს არის მოდა.
ორშაბთს „ვოგმა” გაამხილა, რომ 2026 წლის „მეტ გალას” დრესკოდია „მოდა, როგორც ხელოვნება” – თემა, რომელიც საკმაოდ დიდ ადგილს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის. ტრადიციულად, დრესკოდი კოსტიუმების ინსტიტუტის მიერ მეტროპოლიტენის მუზეუმში გამართული გამოფენის მთავარ თემას ეხმაურება. წლევანდელი გამოფენის სახელწოდება კი შემდეგია: „კოსტიუმების ხელოვნება.”
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 400 ექსპონატი, მათ შორის ტანისამოსი კოსტიუმების ინსტიტუტის კოლექციიდან, ნახატები და სხვა ნამუშევრები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლევანდელი „მეტ გალას” მონაწილეები შთაგონებას სწორედ გამოფენიდან აიღებენ და მას ღონისძიების დრესკოდში ასახავენ.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრების ოფიციალური სია ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, ცნობილია რამდენიმე მუსიკალური მეგავარსკვლავი, რომლებსაც დანამდვილებით ვიხილავთ წითელ ხალიჩაზე. ათწლეულის განმავლობაში პირველად, ღონისძიებას ბიონსე დაესწრება – ამჯერად თანათავმჯდომარის რანგში. მასთან ერთად ამ ტიტულს გაიყოფენ ნიკოლ კიდმანი, ვენუს უილიამსი და ანა ვინტური. ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩეს-ბეზოსი კი ღონისძიების საპატიო თანათავმჯდომარეები იქნებიან.
„მეტ გალაზე” ასევე ვიხილავთ კომიტეტის წევრებს: საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა და ტეიანა ტეილორი. ყველა მათგანი გასული წლის გალასაც ესწრებოდა.
მართალია, ჯერ მათი დასწრება არ დადასტურებულა, თუმცა არის რამდენიმე მუსიკალური ვარსკვლავი, რომლებიც ცნობილი არიან „მეტ გალას” წითელ ხალიჩაზე გამოჩენით და სავარაუდოა, რომ მათ წელსაც ვიხილავთ. 2018 წლის დებიუტის შემდეგ ქარდი ბი ღონისძიების ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და ყოველწლიურად საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაშიც ლიდერობს. გასულ წელს რიანა – „მეტ გალას” კიდევ ერთი ფავორიტი – წითელ ხალიჩაზე, ტრადიციულად, დაგვიანებით მივიდა და გაამხილა, რომ მესამე ბავშვს ელოდებოდა. წლევანდელი ღონისძიება ასევე ემთხვევა Bad Bunny-ს მსოფლიო ტურნეს პაუზას. ამგვარად, პუერტო- რიკოელი ვარსკვლავი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, წითელ ხალიჩაზე ჩნდება, სავარაუდოდ, ღონისძიებას წელსაც დაესწრება.
2026 წლის „მეტ გალა” 4 მაისს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში გაიმართება.