არტისტმა ქეთათო ნერგაძემ საკუთარ ბენდთან ერთად სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით Raw წარადგინა.
პროექტი რამდენიმე ეტაპად, სხვადასხვა სივრცესა და შემოქმედებით გარემოში შეიქმნა. ეს არის ერთგვარი ემოციური ქრონიკა – მუსიკა, რომელიც პირად განცდებს, საერთო ენერგიასა და ძიების პროცესს აერთიანებს.
ალბომი Raw არტისტის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ბენდთან ერთად შეიქმნა. ბენდის შემადგენლობაში არიან: ბასი – ლუკა ქიტიაშვილი, დრამი – ვალო ყარალაშვილი და გიტარა – ზუკა სიმონიშვილი. ალბომის მიქსინგი და მასტერინგი კი Leno Records-ის დამფუძნებელს, გვაჯის ეკუთვნის.

© ნია მაისურაძე
ქეთათო ნერგაძე – მუსიკოსი:
„ალბომი Raw ჩემი პირველი LP-ია, რომელიც მე და ჩემმა ბენდმა ერთად ჩავწერეთ. ყველაფერი დაიწყო 2025 წლის იანვარში, როცა გვაჯის დახმარებით Leno Records-ში ვაკეთებდი სოლო კონცერტს სიმებიან კამერულ ორკესტრთან ერთად. მაშინ ორ სიმღერაზე, Broken daughter-ზე და Poser-ზე დამჭირდა აკომპანირება, მაგრამ ბენდი არ მყავდა.
ზოგადად ბენდის იდეა ბევრჯერ მქონია, მაგრამ არასდროს გამოდიოდა და ამიტომ, ვიფიქრე, უბრალოდ სესიურად მეთხოვა ლუკასთვის და ვალოსთვის, რომ ამ კონცერტზე ჩემთან ერთად დაეკრათ. რეპეტიციაზე რომ შევიკრიბეთ, იმდენად მარტივად და უცებ დავუკარით ეს სიმღერები, ისეთი ქიმია გვქონდა და ბიჭებმაც ისეთი პარტიები მოიფიქრეს, როგორიც ზუსტად სჭირდებოდა ამ სიმღერებს. ასე ძალიან არავისთან არასდროს გამსწორებია რეპეტიცია. მივხვდი, რომ ამ კონცერტის მერეც შევხვდებოდით ერთმანეთს და სხვა სიმღერებზე მუშაობას გავაგრძელებდით და ასეც მოხდა. მალევე დავიმატეთ ზუკა სიმონიშვილი გიტარაზე და ამან უკვე ბენდის ჟღერადობა საბოლოოდ შეკრა. დავიწყეთ „სეთლისთის“ გაკეთება და კონცერტებზე დაკვრა.”
ალბომი Raw რვა სიმღერას აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიციები სხვადასხვა პერიოდშია დაწერილი, მათ ერთი ემოციური ხაზი აკავშირებთ. აღსანიშნავია ალბომის ვიზუალური მხარეც – ყდა, რომელიც თავად ქეთათომ ფირის კამერით, სარეპეტიციო სივრცეში გადაიღო.

© ნია მაისურაძე
„2025 წლის ზაფხულში შევუდექით ალბომზე მუშაობას და ძირითადად სახლის სტუდიაში ჩავწერეთ ყველაფერი, გარდა დრამისა, რომელიც ჩვენმა მეგობარმა გვაჯიმ Leno Records-ში ჩაგვაწერინა. შემდეგ ამ ყველაფერს გავუკეთე არანჟირება, რაც მოიცავდა სხვადასხვა ინსტრუმენტის, ბექვოკალების, სინთების და სხვა საინტერესო ხმის დამატებას, რაც ყველაზე სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. გვაჯიმ შემოგვთავაზა ალბომის უსასყიდლოდ დამიქსვა/დამასტერინგება, რაც იყო ძალიან იღბლიანი მომენტი და ასევე მნიშვნელოვანი არტისტული გამოცდილება ჩემთვის, რადგან მასთან მუშაობის პროცესში ბევრი რამ ვისწავლე. ალბომში შესული სიმღერები ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებშია დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი განსხვავებული ხასიათისაა, კონცეპტუალურად ყველას აერთიანებს ის ერთი ემოცია, რომელსაც ამ სიმღერების დაწერის დროს განვიცდიდი.
ალბომს ქვია Raw – ძალიან მიყვარს ამ სიტყვის ენერგეტიკა და მნიშვნელობა. ვფიქრობ, სიმღერები, მათი ჟღერადობა და მთლიანად ის ენერგია რაც მე, ბენდმა და გვაჯიმ პროცესში ჩავდეთ, ამართლებს ალბომის სახელს. მიყვარს ისიც, რომ Raw უკნიდან იკითხება, როგორც „war“ და ეს კარგად უსვამს ხაზს იმ შინაგან ბრძოლებს, რაც ხშირად სიმღერების ლირიკებში იკითხება. მინდოდა ალბომის ყდა ბუნებრივი და მარტივი ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტე, ჩვენს სარეპეტიციოში ერთ-ერთი რეპეტიციის დროს გადამეღო ჩემი ფირის კამერით.”
ალბომის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Leno Records-მა და მისმა დამფუძნებელმა გვაჯიმ, რომელმაც პროექტში ტექნიკური სიზუსტე და შემოქმედებითი ხედვა გააერთიანა. აღსანიშნავია, რომ ალბომის დრამის პარტია სრულად Leno Records-შია ჩაწერილი, ისევე, როგორც LP-ის ფინალური ტრეკი You Will Never Come True, სადაც ქეთათო ცოცხლად ასრულებს სიმღერას.

© ქეთათო ნერგაძე
გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი)- Leno Records-ის დამფუძნებელი:
„დაახლოებით ერთი წლის წინ ქეთათოს კონცერტი ჰქონდა Leno Records-ში, ბენდთან და სიმებიან კამერულ ორკესტრთან ერთად. ამ დროს უფრო დავახლოვდით და დავმეგობრდით და შემდეგ გამიზიარა, რომ ალბომზე მუშაობდა და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც ჩავრთულიყავი. ერთად ვცადეთ, გაგვეუმჯობესებინა ის, რაც მან დამოუკიდებლად უკვე პრინციპში ბოლომდე მიიყვანა, მე გავაკეთე საუნდი – მიქსინგი და მასტერინგი. მომწონს და ძალიან მიხარია, ეს ალბომი რომ გამოდის. ყველაფერი, რაზეც ვმუშაობ, არ მომწონს, თუმცა ეს არის ის მუსიკა, რომელიც მე მომწონს და ამაყი და მადლიერი ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა. მიქსინგის ეტაპზე, რა თქმა უნდა, შეიცვალა, უფრო დალაგებული და სასიამოვნო მოსასმენი გახდა მუსიკა, სიყვარულით სავსე იყო ამ ალბომზე მუშაობის პროცესი.“
ბენდის ბასისტის, ლუკა ქიტიაშვილის თქმით, ქეთათო მუსიკოსებს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევდა, რამაც როკ ალბომის საბოლოო ჟღერადობა განსაზღვრა.
ლუკა ქიტიაშვილი – ბასისტი:
„ალბომზე მუშაობა პრაქტიკულად მაშინ დაიწყო, როდესაც ქეთათომ ბენდის ჩამოყალიბება გადაწყვიტა და შეგვკრიბა მე, ზუკა და ვალო. მახსოვს, როდესაც რეპეტიციებზე პირველად ვისმენდით სიმღერებს, თითოეული მათგანი კომპოზიციურად უკვე მზად იყო და ჩვენ მხოლოდ მათი გაცოცხლება გვევალებოდა.
შემოქმედებითი პროცესი იყო შრომატევადი, მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნო. პროცესი იყო ძალიან ღია, ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართულები არანჟირების ნაწილში და არა მარტო. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ქეთათოს სურვილი, მას უნდოდა, რომ კომპოზიციებს ჩვენი ხედვა შემატებოდა. რაც შეეხება უშუალოდ ჩანაწერებს, გამოვარჩევდი: Loud in Whisper-ს, Grow Some Balls-ს, Shame-ს, თუმცა, გულწრფელად, ყველა დანარჩენი კომპოზიცია ძალიან მიყვარს. ზოგადად როკ ალბომზე მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მუსიკაში ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ ამ ჟანრს უკავშირდება. გარდა ამისა, მიყვარს და ვგულშემატკივრობ ქეთათოს მუსიკას. ის, როგორც არტისტი, ბევრად უკეთ გავიცანი მუშაობის პროცესში. ვიმედოვნებ, მსმენელიც ისე ისიამოვნებს ამ მუსიკის მოსმენით, როგორც ჩვენ ვისიამოვნეთ მისი შექმნით.”
საბოლოო ჯამში, ალბომი Raw შემოქმედებითი პროცესის, განვითარების ეტაპებისა და ემოციური კავშირების შესახებ გვიყვება, სადაც ინდივიდუალური ხედვები საერთო მუსიკალური ენით მეტყველებს.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პირველი ალბომი ბენდთან ერთად იქნებოდა ჩაწერილი, რადგან თითქოს ყოველთვის უფრო მეტად აკუსტიკური მუსიკოსი ვიყავი. ვფიქრობდი, ჩემი პირველი ალბომიც აკუსტიკური იქნებოდა, თუმცა მოულოდნელად შევხვდი ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებთანაც მთელი ცხოვრება ვისურვებდი მუსიკის გაზიარებას“ – ქეთათო ნერგაძე.
მოუსმინეთ ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომს Raw: