2026 წლის 16 მაისს კანის კინოფესტივალზე რეჟისორ ჯეიმს გრეის კრიმინალური დრამის – Paper Tiger-ის პრემიერა შედგა. ფილმი მოგვითხრობს ნიუ-იორკელი ოჯახის შესახებ, რომლის სიცოცხლესაც რუსული მაფიის სქემა უქმნის საფრთხეს. სიუჟეტი ძმების ურთიერთობის, მუშათა კლასის ბრძოლისა და 1980-იან წლებში „ამერიკული ოცნების“ მსხვრევას ასახავს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ადამ დრაივერი, მაილს ტელერი, სკარლეტ იოჰანსონი და უილემ დეფო.
აღსანიშნავია, რომ Paper Tiger-ში ქართული საგალობელი ჟღერს. ამასთან ერთად, ფილმის ხმის დიზაინზე კომპანია Postred-მა იმუშავა. Postred-ის პორტფოლიო მოიცავს ისეთ გახმაურებულ პროექტებს, როგორებიცაა: HBO-ს სერიალი EUPHORIA, The Idol, KPOP DEMON HUNTERS და სხვა ნამუშევრები.
Postred-ის დამფუძნებელმა, ხმის დიზაინერმა ბესო კაჭარავამ Billboard Georgia-სთან Paper Tiger-ზე მუშაობის პროცესის შესახებ ისაუბრა:
„ფილმ Paper Tiger-ზე მუშაობაში ჩართვა უშუალოდ ფილმის მთავარმა ხმის დიზაინერმა, რაიან ბილიამ შემოგვთავაზა. მასთან და კომპანია Harbor Pictures-თან მრავალწლიანი პროფესიული ურთიერთობა გვაკავშირებს, რის შედეგადაც ჩვენი გუნდისა და კრეატიული მიდგომის მიმართ მაღალი ნდობა ჩამოყალიბდა.“
აღნიშნულ პროექტზე POSTRED-მა უზრუნველყო Foley სერვისები, რაც ხმის დიზაინსა და კინოწარმოებაში ბუნებრივი ხმების ხელოვნურად შექმნისა და ჩაწერის მიმართულებაა. როგორც ბესო კაჭარავა ამბობს, პროექტზე მუშაობის პროცესში ფონურ ხმებზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა:
„ხშირ შემთხვევაში, ერთ ოთახში მიმდინარე სცენის პარალელურად საჭირო იყო მეორე სივრციდან შემოსული ბექგრაუნდების ზუსტი და დეტალური გამოკვეთა. ეს მხოლოდ ატმოსფეროს შექმნას არ ემსახურებოდა – აუცილებელი იყო პერსონაჟების ემოციური მდგომარეობისა და მოქმედებების ისეთი სიზუსტით გადმოცემა, რომელიც სცენას ბუნებრივ ლოგიკასა და უწყვეტობას მიანიჭებდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთავარი პერსონაჟი ძმების ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ხასიათების Foley-თ გამოხატვას. ეს განსხვავება უნდა ასახულიყო როგორც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჟღერადობაში, ისე სიარულის მანერასა და მოძრაობის რიტმში. ადამ დრაივერის პერსონაჟი, რომელიც ყოფილი პოლიციელია, შესაბამისად უნდა აღქმულიყო თავდაჯერებულ და მტკიცე ადამიანად, მაშინ, როცა მაილს ტელერის პერსონაჟში უფრო დაბნეული, შინაგანად დაძაბული, თუმცა გარეგნულად მშვიდი ბუნება იკითხებოდა. სწორედ ამ განსხვავებების გადმოცემა იყო Foley-ს ერთ-ერთი მთავარი კრეატიული ამოცანა.“
რაც შეეხება ფილმში ქართული საგალობლის გაჟღერებას, როგორც ბესო კაჭარავა Billboard Georgia-სთან ამბობს, მისი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უშუალოდ რეჟისორ ჯეიმს გრეის ეკუთვნის. შემოქმედებითმა გუნდმა პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე იცოდა, რომ ქართული საგალობელი ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებოდა.