Billboard პირველად უშვებს „Billboard-ის მსოფლიო ჩემპიონატის გლობალურ სერიას“ (Billboard Global World Cup Series). ეს არის უპრეცედენტო სარედაქციო პროექტი, რომელიც 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მუსიკისა და ფეხბურთის სამყაროებს აერთიანებს. Billboard-ის საუკუნოვან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოცემამ გლობალური გარეკანი მუსიკასა და სპორტს მიუძღვნა. 11 გარეკანისგან შემდგარი სერია 11 ქვეყნის წამყვან ფეხბურთელებსა და არტისტებს წარმოაჩენს. პროექტი Billboard-ის გლობალურ პლატფორმას გამოიყენებს იმ კულტურული ენერგიის, ნიჭისა და გავლენის აღსანიშნავად, რომელიც მსოფლიოს ამ უდიდეს სპორტულ მოვლენას ახლავს თან.
სერია 8 ივნისს Billboard-ის აშშ-ის გამოცემით იხსნება, რომლის გარეკანზეც აშშ-ის მამაკაცთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მაილს რობინსონი და რეპერი და მსახიობი Joey Bada$$ არიან გამოსახული. მთავარ სტატიაში ისინი ერთმანეთს დისციპლინაზე, ამბიციებსა და შესრულების ხელოვნებაზე ესაუბრებიან, ცვლიან საფეხბურთო მოედნებისა და ხმისჩამწერი სტუდიების ისტორიებს, პარალელურად კი აზარტულად ეჯიბრებიან ერთმანეთს პენალტების დარტყმასა და აზიდვებში.
FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი წელს პირველად ჩატარდება აშშ-ის მიწაზე 1994 წლის შემდეგ. ამ ღონისძიების მოახლოებასთან ერთად, Billboard-ის მსოფლიო ჩემპიონატის გლობალური სერია ასახავს მსოფლიოში ყველაზე ყურებადი სპორტული მოვლენის მასშტაბებსა და მნიშვნელობას. ფოტოსერიების, ვიდეოებისა და სარედაქციო მასალების საშუალებით, თითოეული გამოცემა წარმოადგენს დიალოგს ადგილობრივ გამოჩენილ სპორტსმენსა და მუსიკოსს შორის, რითაც გადმოსცემს უნიკალურ კავშირს სპორტს, მუსიკასა და ეროვნულ იდენტობას შორის.
სერიაში 11 ქვეყანა მონაწილეობს: აშშ, კოლუმბია, იაპონია, ბრაზილია, არგენტინა, იტალია, საქართველო, საფრანგეთი, კანადა, კორეა და ვიეტნამი.

ფოტო: Malike Sidibe
ამ ინიციატივით Billboard არა მხოლოდ საკუთარი ბრენდისთვის ამკვიდრებს ახალ სტანდარტებს, არამედ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს გლობალური მედიის ისტორიაშიც. მიიჩნევა, რომ ეს არის ამ სახის და მასშტაბის პირველი წამოწყება ჟურნალების ინდუსტრიაში – სარედაქციო პროექტი, რომელიც მოიცავს არაერთ ქვეყანას, მრავალ გარეკანს და სპორტისა და მუსიკის ვარსკვლავებს მთელი მსოფლიოდან.
FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს აიღებს სტარტს. ამ მოვლენის მოლოდინში, „Billboard-ის მსოფლიო ჩემპიონატის გლობალური სერია“ ხაზს უსვამს Billboard-ის უნიკალურ შესაძლებლობას – გააერთიანოს გლობალური აუდიტორია მუსიკის, კულტურისა და სპორტის ენით.
იხილეთ მთავარი მომენტები მაილს რობინსონისა და Joey Bada$$-ის ინტერვიუდან:
როგორ ერწყმის ერთმანეთს სპორტი და მუსიკა:
Bada$$: „სპორტს თავისი რიტმი და ბიტი აქვს და სწორედ ამიტომაა ყოველთვის ასე მარტივი მუსიკის ინტეგრირება სპორტულ ვიდეოებში. ამ დროს შენ ხედავ იმ მღელვარებას, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რასაც სიმღერის მოსმენისას გრძნობ.
რობინსონი: „ზუსტად! ეს თავისთავადი და ბუნებრივია პროცესია. როდესაც იმ სივრცეში ხარ და ამ რიტმს გრძნობ, შეგიძლია იგრძნო თავად თამაშის მუსიკა. შეგიძლია უყურო მატჩს და მისი დაძაბულობის, კულმინაციისა და დაღმავლობის მიხედვით, ამ კონკრეტული თამაშისთვის მთელი სიმფონია შექმნა.
რას აფასებენ ერთმანეთში:
Bada$$: „სპორტსმენებში რაც მხიბლავს, არის ეს მუდმივი მონდომება და სწრაფვა ერთი მიზნისკენ. ყოველთვის მინდა, რომ მუსიკაში ისევე ვიმუშაო, როგორც სპორტსმენი მუშაობს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენს შემთხვევაში ასე არ ხდება.
რობინსონი: „როდესაც თქვენ, ხელოვანებს გიყურებთ, თქვენ აღიქვამთ სამყაროს და მას სულ სხვა პრიზმით აჩვენებთ – ვისურვებდი, მეც მქონდეს ეს უნარი. ვფიქრობ, შენნაირ არტისტს შეუძლია სხვადასხვა სიტუაცია გაითავისოს და მისგან რაღაც ახალი შექმნას. მე შემიძლია სიტუაციის გაანალიზება, მაგრამ ამ ეტაპზე მისგან რაიმეს შექმნა არ მეხერხება.
რა ახარებთ ყველაზე მეტად მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატში:
Bada$$: „ის ფაქტი, რომ ჩემთვის ეს ძალიან ახლოს, სახლთან ხდება. ახლა კი, რადგან მაილსს დავუძმაკაცდი, აუცილებლად წავალ. ეს ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება!
რობინსონი: „მოედანზე ხელს დაგირტყამ!
Bada$$: „ჰეი, ნუ მიწვევ, თორემ ჩამოვალ მანდვე და სირბილში შეგეჯიბრები!

ფოტო: Malike Sidibe
Billboard-ის შესახებ:
Billboard მუსიკალურ ინდუსტრიაში წარმატების მთავარი განმსაზღვრელი პლატფორმაა. თავისი საკულტო ჩარტების, ახალი ამბების, მრავალპლატფორმიანი ნარატივებისა და მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებების საშუალებით, Billboard თვალყურს ადევნებს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებსა და მუსიკალურ ბიზნესს. 1894 წელს – დაარსების დღიდან, მუსიკალური ინდუსტრიის ლიდერები და მსმენელები Billboard-ს მიიჩნევენ მუსიკალური ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდ, რომელიც ათზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ამდენივე ენაზე გამოიცემა.
Billboard Music Awards და Billboard Latin Music Awards ერთადერთი ცერემონიებია, რომლებიც მუსიკოსებს Billboard-ის ჩარტებში მიღწეული წარმატებებისთვის აჯილდოებს. ფინალისტებისა და გამარჯვებულების გამოსავლენად ისინ მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს იყენებენ და არ ეყრდნობიან გაუმჭვირვალე კომიტეტებს ან ანონიმურ ჟიურის.
Billboard-ის სხვა წამყვანი პროექტები მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: Billboard Power 100, Billboard Women in Music, Billboard Latin Music Week და Billboard Live, რომელიც ყველაზე გავლენიან არტისტებსა და ინდუსტრიის ლიდერებს აკავშირებს ფანებთან მსოფლიოს ყველა წერტილიდან.