თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
სანტიაგო ხიმენესი და ერნია
SILVIO DEIACO

ფეხბურთელებსა და მომღერლებს ერთი საერთო სიტყვა აქვთ: თამაში.  ერნიას შემთხვევაში, რომელიც იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეპერია, ეს სიტყვებით თამაშია. ის ბავშვობიდან AC მილანის ფანია, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი თავად არასდროს უთამაშია. სანტიაგო ხიმენესიც ამ კლუბის ფანი იყო. ახლა კი ოცნება აიხდინა და მილანის თავდამსხმელია. მისი საყვარელი ფეხბურთელი ყოველთვის კაკა იყო – როგორც საფეხბურთო ხარისხის, ასევე ღმერთთან მისი დამოკიდებულების გამო. ხიმენესს სწორედ რელიგია დაეხმარა მაშინ, როცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პროფესიონალ ფეხბურთელობაზე მისი ოცნება იმსხვრეოდა.

რვა წლის შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა. სანტიმ მოიგო მექსიკის ლიგა და ტრიუმფით იასპარეზა ეროვნულ ნაკრებში. შემდეგი დიდი ეტაპი კი 11 ივნისი გახდა, როცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მის სამშობლოში დაიწყო. სამწუხაროდ, იტალიის ეროვნული ნაკრები ტურნირზე არ იქნება. „თუ ამას არ იმსახურებ, სწორია, რომ არ წახვიდე,” – ამბობს ერნია, რაც ზუსტად ასახავს მის ფილოსოფიას: მოედანზე შედეგი უნდა დაიმსახურო. 

Billboard იტალია: ბებოტე და ერნია: ორი მეტსახელი, ორი ამბავი

ხიმენესი: ეს მეტსახელი ოჯახმა შემარქვა, რადგან ძალიან დიდი ბავშვი ვიყავი. ბებოტე ნიშნავს დიდ ბავშვს. მამაჩემის მეგობარი სატელევიზიო ჟურნალისტია და როცა ჩემი პირველი გოლი გავიტანე, იყვირა: „გოლი ბებოტესგან!” იმ მომენტიდან ყველა ასე მეძახის. 

ერნია: ჩემი სასცენო სახელი სკოლას უკავშირდება. კლასელი მყავდა, ჩემი ახლო მეგობარი, რომელსაც თიაქარი ჰქონდა (hernia) და მოფერებით ასე ვეძახდი. მას შემდეგ კი ჩემგან ყველას ეს სიტყვა ესმოდა და ბოლოს ჩემი მეტსახელი გახდა.

სანტი, რას ფიქრობ მსოფლიო ჩემპიონატის სახლში თამაშზე?

ხიმენესი: ეს დაუჯერებელი ოცნებაა. როცა ეროვნული ნაკრების მაისური გაცვია, შენ მთელ ქვეყანას წარმოადგენ და დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, მაგრამ ამავე დროს, ეს შესანიშნავი რამაა. მე ვიცი, რომ მექსიკა, თავისი ხალხით, სახლში ძალიან ძლიერია. 

სანტიაგო ხიმენესი
SILVIO DEIACO

პირველი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის აცტეკას სტადიონზე შედგა, რომელიც შენთვის განსაკუთრებულია.

ხიმენესი: პირველად, როცა ფეხი ამ სტადიონზე დავდგი, Cruz Azul-ის შემადგენლობაში ვიყავი. ეს ჩემთვის სახლში დაბრუნებაა. ძალიან ბევრ ლამაზ მომენტს მახსენებს. ჩემთვის ეს არის სტადიონი ყველაზე დიდი ისტორიით. ის მსოფლიო ჩემპიონატს მესამედ მასპინძლობს. ამ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონები პელე და მარადონა გახდნენ. 

რა გახსოვთ თქვენი გამოსვლიდან დიდი აუდიტორიის წინაშე? 

ერნია: ყველაზე დიდი კონცერტი, რომელიც გამიმართავს, მილანის Unipol Forum-ში იყო. ჩემთვის ეს დიდი მოგზაურობის შემდეგ დანიშნულების ადგილზე მისვლას ჰგავდა. არასდროს იცი, რამხელა აუდიტორია გყავს. ეს მხოლოდ მაშინ ხდება თვალსაჩინო, როცა მათ წინაშე გამოხვალ.

ხიმენესი: ყველაზე ლამაზი გრძნობაა, როცა მოედანზე გადიხარ და ფანებით სავსე სტადიონს ხედავ. ეს არ არის მოცემულობა, რადგან სანამ პროფესიონალი გახდები, ძირითადად მაყურებლის გარეშე თამაშობ. და როცა პირველად გადიხარ ამხელა აუდიტორიის წინაშე, ეს უნიკალური გამოცდილებაა.

ერნია, სან სიროზე თუ ისურვებდი გამოსვლას?

ერნია: ადამიანი ყოველთვის ოცნებობს მაღალ საფეხურზე ასვლას. თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს არ ყოფილა დიდი ხნის ოცნება, რადგან ეს არ იყო ის, რაზეც ბავშვობიდან ვფიქრობდი. მაშინ იტალიური მუსიკალური ბაზარი ბევრად პატარა იყო და მხოლოდ დიდი საერთაშორისო ვარსკვლავები გამოდიოდნენ სტადიონებზე. ეს წარმოუდგენელი იყო, რომ იტალიელს, რეპერს რომ თავი დავანებოთ, შესაძლოა მსგავსი მიზანი დაესახა.

ერნია
SILVIO DEIACO

მილანის რომელი ფეხბურთელია თქვენი ყველაზე დიდი შთაგონების წყარო?

ერნია: ნამდვილად პაოლო მალდინი.

ხიმენესი: ბრწყინვალე არჩევანია. (იცინის). მე კაკას ვირჩევ, რადგან მას ბავშვობიდან ვაფასებ და თან ძალიან ღრმა რწმენას ვიზიარებთ.

რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად შედგება მუსიკალური შოუ? 

ერნია: ეს მოსალოდნელიც იყო, იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ში ტარდება. მათ კი თავიანთი გასართობი ინდუსტრიის მოდელი გამოიყენეს. შესაძლოა ეს კარგი შესაძლებლობაც იყოს ევროპული ფეხბურთისთვის, გაიგოს, იმუშავებს თუ არა ეს მიდგომა მათთანაც.

ხიმენესი: მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლოა კარგი მომენტი იყოს დაძაბულობის შესამსუბუქებლად, რადგან ფინალში ყოველთვის ზღვარზე ხარ. ასევე სასარგებლო იქნება, რადგან დასვენებისთვის მეტი დროა. ზოგადად, მგონია, რომ ფეხბურთისა და მუსიკის გაერთიანება მშვენიერი რამ არის. ხელოვნება ცხოვრების ნაწილია ისევე, როგორც ფეხბურთი.

იყო თუ არა თქვენს კარიერაში ისეთი მომენტი, როცა მოგიწიათ ისეთი რთული გამოწვევის დაძლევა, რომლის გამოც ლამის თქვენს ოცნებაზე თქვით უარი?

ხიმენესი: 17 წლის ვიყავი და ექიმებმა მითხრეს, რომ თრომბოზის გამო ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებდი. სწორედ მაშინ ჩავეჭიდე ჩემს რწმენას და ღმერთმა სასწაული მოახდინა. მე დაბრუნება და თამაში შევძელი. ვფიქრობ, ცხოვრების განმავლობაში ვისწავლე, რომ გამოცდილება, რომელიც გზრდის, სინამდვილეში ყველაზე რთული მომენტებია. ძალიან მომწონს ფრაზა: „ბრილიანტი წნევის ქვეშ იქმნება.” ცხოვრებაც ზუსტად ასეა. 

ერნია: 12-13 წლის წინ გადავწყვიტე, მუსიკისთვის თავი დამენებებინა. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი წარმატების მიღწევას, მაგრამ არ გამომდიოდა. თუმცა მერე, რამდენიმე წლის შემდეგ, კვლავ ახლიდან დავიწყე. შედარებით ზრდასრულ ასაკში კი მოვახერხე და ეს საქმე ჩემს პროფესიად ვაქციე. 

ორივე ძალიან ახლოს ხართ ოჯახებთან. სანტი, შენი მამა ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელია.  

ხიმენესი: დიახ, ოჯახთან ყოველთვის ახლოს ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ სახლი 18 წლის ასაკში დავტოვე, მათთან მუდმივად ძლიერ კავშირს ვინარჩუნებდი. მამაჩემმა ბევრი საფეხბურთო რჩევა მომცა, მაგრამ მას უნდა ემუშავა, ამიტომ დედაჩემი იყო ის, ვინც ყველგან მატარებდა. მან ჩემ გამო ბევრი მსხვერპლი გაიღო და ყველაფერს მას ვუმადლი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ინტერნეტში თბილისში მყოფი კანიე უესტის პირველი კადრები ვრცელდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი

ათლეტი და არტისტი: გურამ კაშია x გიგი დედალამაზიშვილი

ეროვნული ნაკრების ისტორიული კაპიტანი და „მგზავრების“ ფრონტმენი საუბრობენ ჯონ ლენონის ტატუზე, Oasis-ის ფლეილისტებზე, კარიერის მთავარ საუნდტრეკსა და იმ მუსიკალურ ენერგიაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
მეტი