Mechanical Rainbow-მ ახალ სინგლი სახელწოდებით PANDORA გამოაქვეყნა. სიმღერა, რომელიც ბენდის მომავალ ალბომში შევა, ახალი ჟღერადობისა და შემოქმედებითი ძიების შედეგია.
მუსიკა და ტექსტი თავად ბენდს ეკუთვნის, მიქსინგსა და მასტერინგზე კი ვოკალისტმა დადუ დონაძემ იმუშავა. სიმღერა ლეიბლ Orange Cat MAfia-ს ქვეშ გამოიცა.
ჯგუფის წევრების თქმით, თავდაპირველად სიმღერის არაერთი ვერსია ჰქონდათ, საბოლოოდ კი ის არანჟირება დარჩა, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე ზუსტად გამოხატავდა კომპოზიციის ემოციურ ბუნებას.

ფოტო: მარიამ დავითური
„რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ, უფრო დიდი კარიერული ნაბიჯი გადაგვედგა და ალბომზე დაგვეწყო მუშაობა. ამისთვის ემოციური მზაობაც აღმოგვაჩნდა და დიდი სურვილიც. კოჯორში მოვაწყვეთ სამუშაო სტუდია, სადაც ჩვენი დროის საკმაოდ დიდ ნაწილს ვატარებთ.
PANDORA ალბომისთვის ახალი ჟღერადობის და იდენტობის ძიების პროცესში შეიქმნა და თავდაპირველად სრულიად სხვა ხასიათის იყო. რამდენიმე ვარიანტის ცდის შემდეგ გვგონია, რომ ვუპოვეთ ის არანჟირება, რომელსაც ემოციურად სიმღერა ითხოვდა. კოჯორში ყოფნამ ერთდროულად მოგვცა იზოლირების და ბევრი „დეიდრიმინგის“, მაგრამ ასევე რუტინული ყოველდღიურობის განცდა. გვგონია, რომ ესთეტიკურად საბოლოო ნამუშევარი ამ ყველაფერს ირეკლავს, თუნდაც მთავარი პერსონაჟით, რომელიც რაღაც ჯადოსნურ და რუტინულ სივრცეებს შორისაა გაჭედილი.“
მუსიკოსების თქმით, კომპოზიცია ურთიერთობებით, ქაოსითა და იმ ემოციებით არის შთაგონებული, რომელთა ინტერპრეტაციასაც თავად მსმენელს ანდობენ.
„ტექსტი ეხება იმას, რომ ამ უკანასკნელ წლებში საქართველოში ძალიან დასჭირდა ხალხს ერთმანეთის გვერდში დგომა ნებისმიერი ფორმით და ეს ალბათ ყველას ხან კარგად გამოგვდიოდა, ხან ნაკლებად. PANDORA ამ ქაოსში დამაბნეველი, მაგრამ გულწრფელი ურთიერთობებით გამოწვეული ემოციების ნაკრებია, ხოლო ამ გაურკვევლობის გამორკვევა და ინტერპრეტაცია, სჯობს, ხალხს მივანდოთ.“
მოისმინეთ Mechanical Rainbow-ს სიმღერა PANDORA: