ტრევის სკოტის თქმით, იგი ახალ ალბომზე აქტიურად მუშაობს და მსმენელს სრულიად განსხვავებულ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება.
რეპერი, რომელმაც ამჟამად კრისტოფერ ნოლანის ფილმ The Odyssey-ში შესრულებული როლითაც მიიქცია ყურადღება, 22 ივლისს გამოცემა Variety-ის გარეკანზე მოხვდა. ინტერევიუში არტისტმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის მომავალ ალბომსა და Paramount Pictures-თან გაფორმებულ პირველად კონტრაქტზეც.
„საკუთარ თავს ვცდი, რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია,“ – ამბობს ტრევის სკოტი და აღნიშნავს, რომ ახალი ალბომი მისი შემოქმედების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.
„აქ იმისთვის ვარ, რომ როგორც არტისტმა, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. ამ პარალელურ პროექტებსა და იმ საინტერესო საქმეების შორის, რომელთა კეთებაც მიყვარს, მთავარი მიზანი არასდროს მავიწყდება. კვლავ ვცდილობ, აშშ-სა და მსოფლიოს ყველა დიდ სტადიონზე კონცერტები გავმართო,“ – განაცხადა ტრევის სკოტმა და ისაუბრა იმ შემოქმედებით ხედვაზე, რომლითაც ახალ ალბომზე მუშაობს. ცნობისთვის, ეს არტისტის პირველი სტუდიური ნამუშევარი იქნება 2023 წლის Utopia-ს შემდეგ.
„ამჟამად ალბომზე ვმუშაობ და ეს მართლაც საოცარი პროცესია. მუდმივად ვცდილობ, მუსიკალური ჟღერადობა ახალ საფეხურზე ავიყვანო და ისეთი რამ შევქმნა, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია,“ – თქვა რეპერმა.
რაც შეეხება მის მუსიკალურ შთაგონებებს, არტისტმა აღნიშნა, რომ ამჟამად ხშირად უსმენს ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან: Parliament, Oasis, Van Halen, Don Toliver, Raphael Saadiq და Daft Punk.
„ჩემი მთავარი ამოცანაა, შევქმნა ისეთი მუსიკა, რაც სტადიონის ყველაზე შორეულ რიგებში მყოფ მსმენელამდეც მიაღწევს. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ჩემი კონცერტები თეატრალურ წარმოდგენებად ვაქციო. თვალი ადევნეთ პროცესს, ვნახოთ, როგორ მოვახერხებ ამას. Utopia თავიდანვე სპექტაკლად მქონდა ჩაფიქრებული. მინდა, ადამიანებს დავუბრუნო ნამდვილი, ცოცხალი გამოცდილებები, ვიდრე ყველაფერი სრულად ციფრულ ფორმატში გადაინაცვლებს.” – აღნიშნა არტისტმა.
2023 წელს ტრევის სკოტის ალბომი Utopia Billboard 200-ის სათავეში მოექცა. Luminate-ის მონაცემებით, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ალბომმა 496 000 ექვივალენტური ერთეული დააგროვა. პროექტი 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპალბომის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა გამარჯვება Killer Mike-ის ალბომ Michael-ს ერგო.
ტრევის სკოტს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გრემის მოპოვებაა. მიუხედავად 10 ნომინაციისა, ეს ჯილდო მისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია. თუმცა, როგორც თავად არტისტი ამბობს, შესაძლოა, მან პირველი ოსკარი უფრო ადრე მიიღოს. ტრევის სკოტმა ჯეიმს ბლეიკთან და ლუდვიგ გორანსონთან ერთად ჩაწერა კომპოზიცია When I’m Home, რომელიც ფილმ The Odyssey-ს საუნდტრეკების სიაში შევიდა და ფილმის ფინალურ ტიტრებში ჟღერს.
„გრემი კვლავ მჭირდება, თუმცა ძალიან მინდა, ოსკარიც ავიღო. ეს ნამდვილად საოცრება იქნება. მიყვარს მიზნების დასახვა და მათი მიღწევა. შევამჩნიე, რომ ვინც ამ ჯილდოებს იღებს, ყოველთვის ისეთი დამოკიდებულება აქვს, თითქოს ეს მათთვის უმნიშვნელოა. ჩემთვის კი ეს აღიარება ბევრ რამეს ნიშნავს და მისი მოპოვება ძალიან მაგარი იქნებოდა,“ – აღნიშნა ტრევის სკოტმა Variety-თან ინტერვიუში.
რეპერმა ასევე ისაუბრა კინოინდუსტრიაში საკუთარ გეგმებზე და აღნიშნა, რომ მისი კომპანია Cactus Jack, Paramount Pictures-თან პირველად შეთანხმებას აფორმებს, რაც არტისტს საშუალებას მისცემს, განავითაროს პროექტები კინოს, ტელევიზიის, თეატრისა და ცოცხალი წარმოდგენების მიმართულებით.
„მსურს, დავაბრუნო შესანიშნავი ფილმები, ძლიერი ვიზუალური ნამუშევრები და გამორჩეული შემოქმედებითი ხედვები. Paramount-ს კი არ ეშინია ასეთი იდეების განხორციელების,“ – თქვა მან.
Paramount Pictures-ის თანათავმჯდომარე ჯოშ გრინსტინი კი ტრევის სკოტს ასე ახასიათებს: „კრეატიულობა მისი სხეულის ყოველი ნაწილიდან მოდის. ეს იგრძნობა ყველაფერში, მისი ჩაცმის სტილიდან და ავტომობილებიდან დაწყებული, მუსიკითა და კინო-გემოვნებით დამთავრებული“.
Variety-მ ასევე გამოაქვეყნა ვიდეოინტერვიუ, რომელშიც ტრევის სკოტი დეტალურად საუბრობს თავის ძველ ჰიტებზე, შემოქმედებით გზასა და კრისტოფერ ნოლანის ფილმ The Odyssey-ში მონაწილეობაზე.