25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია. ეს არის რეჟისორისა და მუსიკოსის კოლაბორაციული პერფორმანსი, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა მედიუმს გააერთიანებს.
Quemmekh და გურამ მაცხონაშვილი ერთობლივ პროექტზე ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალებით მიანიშნებდნენ. 10 მაისს არტისტების ინსტაგრამის ანგარიშებიდან ყველა პოსტი წაიშალა და მხოლოდ კოლაბორაციული პოსტერი გამოქვეყნდა, სადაც თეთრ ფონზე გამოსახული იყო წარწერა: „Project: U”. ამას თიზერები, ფოტოსერია და სხვა ვიზუალური მასალა მოჰყვა.
Quemmekh-ის მსმენელი ამ პროექტს განსაკუთრებულად ელოდება, რადგან არტისტს ამ დრომდე სამწლიანი პაუზა ჰქონდა. ამავე პერიოდში შემოქმედებითი პაუზა აიღო გურამ მაცხონაშვილმაც.
როგორც პროექტ Quemmekh-ის დამფუძნებელი, სანდრო ქერაული Billboard Georgia-სთან ამბობს, პროექტის შექმნის პირველი იმპულსი სცენაზე დაბრუნების სურვილი იყო:
„თავიდან მარტივი იდეით დავიწყეთ – გვინდოდა, შოუ მხოლოდ სცენის დიზაინი ყოფილიყო. გურამს რომ შევხვდით, ისე კარგად წავიდა საუბარი და იმდენად ბუნებრივად მოვიდა იდეები თუ მიმართულებები, რომ მალევე გასაგები გახდა, რამდენად შეუძლებელი იყო ამ თანამშრომლობის მცირე მასშტაბში დატოვება. იქვე, პირველივე შეხვედრის ადგილას, სადაც უბრალოდ ახალი სამზარეულოს დასაგემოვნებლად წავედით, გაჩნდა თითქმის ყველაფერი, რაც დღეს Unburned არის,“ – ამბობს სანდრო ქერაული.

ფოტო: Sikhshire
მისი თქმით, პროექტის იდეა, პირველ რიგში, ამ სახელოვნებო სივრცის ხელახლა დაბრუნებაა:
„ეს არის იმ სივრცის დაბრუნება, რომელსაც ბევრი წელი სხვა შესანიშნავ ხალხთან ერთად ვაშენებთ. ასევე, ჩემთვის ეს ერთგვარი საქართველოს ზაიტგაისტია – ისტორია, მნიშვნელოვანი ამბები, ხელოვნება, მისი როლი და შესაძლებლობები. იმის ჩვენება, თუ რა ხდება მაშინ, როცა რაღაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო და არ მოხდა.“
კოლაბორაციული პროექტები Quemmekh-ისთვის უცხო არ არის. წარსულში მუსიკალურ პროექტს უთანამშრომლია როგორც მუსიკალური სცენის წარმომადგენლებთან, ასევე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს არტისტებთან.
„ზოგადად, კოლაბორაციული პროექტი დიდი გამოცდილებაა: ბევრს სწავლობ, დიდ ინსპირაციას იღებ და სხვადასხვა მოვლენის, ქმედების თუ შემოქმედების რამდენიმე რაკურსით და მნიშვნელობით დანახვას ახერხებ. ეს საინტერესო პროცესია და, ამავდროულად, ჩემი აზრით, ყველაზე რთული გამოწვევაც, რაც არტისტს შეიძლება ჰქონდეს.“

ფოტო: Sikhshire
Unburned-ის ფარგლებში Quemmekh-მა პროექტი Steal this Method (Real Time Desktop-ს) წარადგინა, ამ პლატფორმაზე შესვლისას, ცოცხალ რეჟიმში ხედავთ Quemmekh-ის სამუშაო დესკტოპს.
„ეს არის პროექტი პროექტში. პლატფორმა გულისხმობს სრული შემოქმედებითი პროცესის – და არა მხოლოდ, მასთან ერთად ტექნიკური თუ ლოჯისტიკური მხარის – გამჭვირვალობას. წარმოიდგინეთ, ადამიანებს შეუძლიათ პრაქტიკულად პირდაპირ რეჟიმში უყურონ, როგორ კეთდება, იგეგმება, იწერება და იდგმება ასეთი შოუ. მათ შეუძლიათ ნახონ, როგორია იმ ადამიანის დესკტოპი, რომელიც აქ და ახლა, შენს თვალწინ ამ ყველაფერს ამზადებს.”
Unburned თავისი კამპანიით ერთ მთლიან პროექტს ქმნის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკალური შოუ სწორედ ამ დიდი სახელოვნებო პროცესის ფინალური, დასკვნითი ეტაპია. სანდრო ქერაული აღნიშნავს, რომ Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი – მას თავიდანვე ერთიანი შემოქმედებითი სისტემის ფორმა ჰქონდა, სადაც თითოეული ელემენტი: თიზერი, ფოტოსერია, მერჩი თუ ინტერაქციული პროექტი – ერთი და იმავე იდეის სხვადასხვა გამოხატულებაა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ საბოლოო წარმოდგენა სცენაზე. ისეთივე ფასი აქვს თვითონ პროცესსაც – როგორ იბადება იდეა, როგორ იქმნება ესთეტიკა, როგორ ერთვებიან ადამიანები ამ სამყაროში. ამიტომ თითოეული კომპონენტი თითქოს დამოუკიდებლადაც არსებობს, მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთ მთლიან ნარატივს აყალიბებს. Steal this Method ამ კონცეფციის ყველაზე ღია ნაწილია. ის არღვევს წარმოდგენას, თითქოს შემოქმედებითი პროცესი დახურული სივრცეა. პირიქით, გვინდა ვაჩვენოთ, რომ მეთოდების გაზიარება არ ასუსტებს ხელოვნებას – ის ახალ დიალოგს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენთვის Unburned Live არის ცოცხალი კულტურული პლატფორმა და არა მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება. სცენა მისი მხოლოდ ერთი გამოხატულებაა, დანარჩენი აქტივობები კი იმავე სამყაროს აგრძელებს მანამ, სანამ შოუ დაიწყება” – სანდრო ქერაული.