NixNoies-ის მეორე საავტორო ალბომი – GONE

„საბოლოო ჯამში ამ ალბომზე მუშაობამ უფრო მეტად დამაახლოვა ჩემს თავთან, მამყოფა ეიფორიაში, გამაცინა, მატირა, გამომცადა და შემარიგა იმ ფიქრებთან და წარმოსახვებთან, რომლებსაც გავურბოდი ხოლმე. მივხვდი, რომ უხერხული არაფერია და რომ უკვე ყველაფერი ითქვა.“
NixNoies - GONE © yar_rosenpictures
NixNoies – GONE
© yar_rosenpictures

31 ივლისს NixNoies-მა მეორე საავტორო ალბომი GONE წარადგინა. ახალი ნამუშევარი არტისტის სადებიუტო ალბომის, Can I Go Now?-ს ემოციური თუ შემოქმედებით ხაზის ერთგვარი გაგრძელებაა.

NixNoies-ის მეორე საავტორო ალბომში, რომლის სახელწოდებაა GONE, ცხრა ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის კომპოზიციაა გაერთიანებული. ნამუშევრის საერთო ლაიტმოტივი პირდაპირობა, პიროვნული სისუსტეების აღიარება და მათი სიძლიერედ გარდაქმნაა. სწრაფვა ფიქტიური სრულყოფილებისკენ და წასვლა, რომელიც ხშირად დაბრუნების აუცილებელ წინაპირობად იქცევა. მელანქოლიური მელოდიები ალბომში თვითირონიულ ლირიკას ერწყმის და მსმენელს ემოციური სიახლოვისა და უშუალობის განცდას უქმნის. 

ალბომში შესული ყველა სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი და პროდიუსერი თავად არტისტი NixNoies / ნინო ციმაკურიძეა.

NixNoies – მუსიკოსი:

„ამ ალბომზე მუშაობა ზედმიწევნით ინტენსიური აღმოჩნდა, ვინაიდან იდეის პერფექციონისტული სრულყოფისკენ ვარ მიდრეკილი და ვცდილობ, ჩემი თავი ყოველთვის ახალი გამოწვევების წინაშე დავაყენო. იქნება ეს კომპოზიციური თუ ტექნიკური თვალსაზრისით. Ableton-ით ვმუშაობ და მიქსინგსაც ჩემით ვაკეთებ, რამაც უფრო მეტი დრო და ენერგია წაიღო, ვიდრე სიმღერის დაწერამ. იყო დღეები, როცა 16 საათი განუწყვეტლივ ვიჯექი ლეპტოპთან და ვცდილობდი, ის პირველადი იდეა სრულყოფილი გამეხადა, მაგრამ ასევე იყო ფრუსტრაციის მომტანი დღეებიც, როცა გამიზნულად თავს ვარიდებდი მუშაობას და ფიქრს ვამჯობინებდი იმაზე, თუ რა უნდა შემეცვალა. 

იდეები ყოველთვის არსაიდან ჩნდებოდა, უმთავრესად ჯერ მელოდიას ვწერ და შემდეგ ტექსტს ვადებ, თუმცა თუკი ლექსი მომეწონა, ჯერ ტექსტზე ვწერ მელოდიას და შემდეგ ვუკეთებ არანჟირებას.

საბოლოო ჯამში ამ ალბომზე მუშაობამ უფრო მეტად დამაახლოვა ჩემს თავთან, მამყოფა ეიფორიაში, გამაცინა, მატირა, გამომცადა და შემარიგა იმ ფიქრებთან და წარმოსახვებთან, რომლებსაც გავურბოდი ხოლმე. მივხვდი, რომ უხერხული არაფერია და რომ უკვე ყველაფერი ითქვა. ბედნიერი ვარ, რომ დავასრულე მუშაობა და ყველა სიმღერას, როგორც საკუთარ ზრდასრულ შვილებს, 31 ივლისს დავუქნევ ხელს თეთრი ხელსახოცით.“ 

არტისტის თქმით, ალბომზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალ ნამუშევარში გამოყენებულია მრავალფეროვანი ინსტრუმენტები, მათ შორის ქიბორდი, ვიოლინო, ბასი, კლავიში, ელექტროგიტარა, აკორდეონი და სხვა აკუსტიკური ინსტრუმენტები, რომლებიც თითოეულ კომპოზიციას განსხვავებულ ჟღერადობასა და ატმოსფეროს სძენს.

მოუსმინეთ NixNoies-ის ახალ ალბომს – GONE:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საიმიგრაციო სამსახურის ახალ ვიდეოებში თეთრი სალხი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს იყენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

საიმიგრაციო სამსახურის ახალ ვიდეოებში თეთრი სალხი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს იყენებს

ტიკტოკზე გამოქვეყნებულ კლიპებში საიმიგრაციო სამსახურის დაკავებების ფონზე ბენიტოს La Mudanza და დრეიკის Hoe Phase ჟღერს.
მეტი

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი