OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
Oasis: Don’t Look Back in Anger
SIMON EMMETT

დოკუმენტური კინოს გადაღებისას რეჟისორები, როგორც წესი, ცდილობენ გმირებისთვის მაქსიმალურად შეუმჩნევლები იყვნენ. Oasis: Don’t Look Back in Anger-ის შემთვევაში კი, პროექტის შემქმნელებმა – დილან  საუზერნმა და უილ ლავლეისმა გადაღების პროცესში ოთახიდან საერთოდ გასვლა ამჯობინეს.

ამ დოკუმენტური ფილმისთვის კინემატოგრაფისტებმა კამერების სისტემა ლონდონის იმ სტუდიაში დამალეს, სადაც ლიამ და ნოელ გალაგერები, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, Oasis-ის 2025 წლის ტურნეს რეპეტიციებისთვის პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. საუზერნის თქმით, ეს სისტემა ისე მოეწყო, რომ ბენდის წევრები გადამღები ჯგუფის არც ერთ წევრთან არ გადაკვეთილიყვნენ. კადრები რეალურ დროში გადაიცემოდა რეპეტიციის სივრცის მიღმა მდებარე ოთახში, საიდანაც საუზერნი და ლავლეისი თვალს ადევნებდნენ წლების განმავლობაში დაპირისპირებული ძმების შეხვედრას. „მგონია, პირველი კვირის განმავლობაში ლიამი ვერც კი მიხვდა, რომ იქ კამერები ეყენა,” – აღნიშნა საუზერნმა.

საუზერნმა და ლავლეისმა ფილმისთვის Don’t Look Back in Anger მასალა მოაგროვეს როგორც ამ რეპეტიციებიდან, ისე შემდგომი მსოფლიო ტურნედან. მათ ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ძმების პირველი ერთობლივი ინტერვიუც ჩაწერეს. პროექტის პრემიერა სექტემბერში ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება, რასაც 11 სექტემბერს კინოთეატრებში ჩვენება მოჰყვება. წლის ბოლოს კი ნამუშევარი სტრიმინგ სერვისზეც გამოვა – მაყურებლები მის ნახვას საერთაშორისო მასშტაბით Disney+-ზე, ხოლო აშშ-ში Disney+-სა და Hulu-ზე შეძლებენ. 

საუზერნი და ლავლეისი ასევე არიან LCD Soundsystem-ის საკონცერტო ფილმის – Shut Up and Play the Hits-ის და Meet Me in the Bathroom-ის რეჟისორები. მათი თქმით, ახალი პროექტი გალაგერების რთულ ურთიერთობებზე, მსმენელების ემოციურ ტალღასა და ამ მოვლენებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე მოგვითხრობს.

„როდესაც კარდიფში  პირველი კონცერტის ბოლოს შუქი აინთო, გადავიღეთ კადრები, სადაც ჩანს, როგორ არიან ადამიანები შთაბეჭდილების ქვეშ, თითქოს ყველა შესაძლო ემოცია ერთად განიცადეს. ამის ცოცხლად დანახვა იყო მომენტი, როცა მივხვდით, რომ ემოციურად გაცილებით დიდ მასშტაბთან გვქონდა საქმე. ფილმის განვითარებასთან ერთად მაყურებელი ხედავს, როგორ აახლოებთ მუსიკა ძმებს. [ფანების] რეაქცია უდიდესი კატალიზატორი აღმოჩნდა იმისა, თუ სადამდე მივიდა მათ შორის ურთიერთობა ფილმის ფინალში,” –  ამბობს საუზერნი.

გადამღები ჯგუფი ტურნეს 41 კონცერტიდან თითქმის ყველას დაესწრო 5 კონტინენტისა და 14 ქვეყნის მასშტაბით. საუზერნმა და ლავლეისმა პროექტში მსოფლიოს საუკეთესო ოპერატორები ჩართეს, მათ შორის: ჰარის ზამბარლუკოსი (Belfast, Beetlejuice Beetlejuice); ლოპ კროული, რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმში The Brutalist;  ჯეიმს ექსტონი, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მოიპოვა ფილმისთვის Moonlight. 

„ჩვენ მათ ვუთხარით: თქვენ საკუთარ ფილმს იღებთ, ასე რომ, ხალხში რამაც არ უნდა მიიპყროს თქვენი ყურადღება – იქნება ეს კონკრეტული სახე,ვინმეს ემოციური მომენტი თუ რაიმე ისტორიის განვითარება – გადაიღეთ,”– ამბობს საუზერნი.

Don’t Look Back in Anger მდიდარია მუსიკით. ფილმში შესულია სეტლისტის თითქმის ყველა სიმღერა რეპეტიციების თუ საკონცერტო კადრების სახით. ექვსკვირიანი რეპეტიციებისა და ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე შოუების შემდეგ, საუზერნის თქმით, მას და ლავლეისს ყველაზე დიდი მოცულობის მასალა დაუგროვდათ, რაც კი ოდესმე გადაუღიათ. ამ მასალის დამონტაჟება პროექტის უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა. გარკვეული დაბრკოლებები ახლდა IMAX ფორმატში გადაღებასაც. 

უამრავი ვარაუდი არსებობდა იმის შესახებ, შეძლებდნენ თუ არა ძმები გალაგერები ტურნეს დროს საერთო ენის გამონახვას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დოკუმენტური ფილმის მთავარი სირთულეები ტექნიკური ხასიათის აღმოჩნდა, უკვე თავისთავად პროექტის წარმატებას ნიშნავდა. მუსიკის მსგავსად, ძმების ურთიერთობის ისტორიაც მაყურებლისთვის ძალიან ახლობელი და ნაცნობია. 

მათთვის, ვინც ტურნეს კონცერტებს დაესწრო, დოკუმენტური ფილმი სრულიად ახალ პერსპექტივას გადაშლის – მაყურებელი შოუებს უშუალოდ გალაგერების თვალით დაინახავს, რადგან ფილმი მკაფიოდ უსვამს ხაზს სხვადასხვა ქალაქის აუდიტორიას შორის არსებულ განსხვავებებს. „არგენტინაში სრულიად სხვა ენერგეტიკა იყო, სეულში – სულ სხვა, კარდიფში – კიდევ სრულიად განსხვავებული,“ – ამბობს საუზერნი. „ჩვენ შევეცადეთ, გადმოგვეცა ის ემოცია, რაც თითოეულ ამ ადგილას სუფევდა.“

რეჟისორების თქმით, გადაღებების დაწყებამდე ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყვნენ. საუზერნმა და ლავლეისმა ფილმის სათაური პროექტზე მუშაობის მიწურულს შეარჩიეს. Don’t Look Back in Anger არჩიეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს Oasis-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის სახელწოდებაა, არამედ იმიტომაც, რომ ის ზუსტად ასახავს ფილმის შინაარსს. 

„ჩვენ გვსურდა, გადაგვეღო ფილმი შერიგებასა და პატიებაზე და ვფიქრობ, ის საბოლოოდ სწორედ ამ თემებს ეხება. ასევე იმ გარდამტეხ მომენტებს, რომლებიც ამ პროცესში მოხდა,” – ამბობს საუზერნი.

სტატია გამოქვეყნებულია Billboard-ის 2026 წლის 22 აგვისტოს გამოცემაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2026 წლის ალბომების კალენდარი

შეიძლება დაგაინტერესოთ