კახეთი წელს უკვე მეათედ უმასპინძლებს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულში 10 ოქტომბერს შედგება. ფესტივალი, ტრადიციულად, ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება, რომელშიც წელს ქართული ღვინის 40-ზე მეტი მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მუსიკალური ნაწილია. სტუმრების განწყობაზე წელს უცხოური მუსიკალური კოლექტივები იზრუნებენ.
14:00 და 16:00 საათებზე ამფითეატრის სცენას იტალიური ჯგუფი Sugarpie and the Candymen დაიკავებს, რომელიც სვინგის, ჯაზის, ბლუზის, სოულისა და როკ-ენ-როლის ელემენტების გაერთიანებით თანამედროვე ჯაზსცენის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს წარმოადგენს. ჯგუფი ცნობილია მსოფლიო ჰიტების ჯაზური ინტერპრეტაციებით, მათ შორისაა სიმღერები The Beatles-ის, Queen-ის, ჯიმი ჰენდრიქსის, U2-სა და სხვა შემსრულებლების რეპერტუარებიდან.
19:00 საათზე ფესტივალის სტუმრების წინაშე ჯგუფი Fred Wesley Generation წარდგება – პროექტი, რომელიც ამერიკული ფანკისა და ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ტრომბონისტისა და კომპოზიტორის, ფრედ უესლის მუსიკალურ მემკვიდრეობას ეფუძნება. უესლი განსაკუთრებით ცნობილია თანამშრომლობებით ჯეიმს ბრაუნსა და J.B.’s-თან.
დღის ბოლოს კი, 21:00 საათზე, Soul Train და მისი ენერგიული მუსიკა აჟღერდება. ცოცხალი მუსიკალური წარმოდგენა, რომელიც ამავე სახელწოდების ლეგენდარული სატელევიზიო შოუთია შთაგონებული, სოულის, ფანკისა და Motown-ის ოქროს ეპოქას ეძღვნება. პროექტის მუსიკალურ საფუძველს კი შვეიცარიული ბენდი JJ’s Hausband წარმოადგენს. შოუ კლასიკურ ჰიტებს, დინამიკურ ცოცხალ შესრულებას, საცეკვაო ნომრებსა და ვიზუალურ ეფექტებს აერთიანებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.