ბრიტნი სპირსმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ კევინ ფედერლაინმა წარმატებით შეძლეს თავიანთი ორი ვაჟის საზოგადოების ყურადღების მიღმა გაზრდა. თუმცა ჟურნალ Interview-სთან ახალ ინტერვიუში, სახელწოდებით „როგორია ჯეიდენ ჯეიმსად ყოფნა?“, წყვილის უმცროსი ვაჟი პირველად საუბრობს ღიად მუსიკის სიყვარულზე, მანქანებით გატაცებაზე, პირველ სიყვარულსა და იმაზე, თუ რას ნიშნავს ერთდროულად იყო თითქმის უცნობი საზოგადოებისთვის და ამასთანავე, მუდმივი ყურადღების ქვეშ.
20 წლის დამწყები მამაკაცი მოდელის პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათ ინტერვიუში ჯეიმსი მოკლედ, მაგრამ მრავლისმეტყველად პასუხობს კითხვას: „როგორია იყო შენ?“ მისი პასუხი კი ასეთია: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველთვის რაღაცის დამტკიცება მიწევს, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის დამტკიცება არ მჭირდება.“ ხოლო იმის საჩვენებლად, თუ რა განცდებს შეიძლება იწვევდეს ეს ზეწოლა, ის ამბობს, რომ „სხვებისგან აღიარების მოპოვება“ გადაჭარბებულად არის შეფასებული. „რაც უფრო ცდილობ სხვების გულის მოგებას, მით უფრო კარგავ საკუთარ თავს.“
თუმცა ერთი ადამიანი, რომლის აღიარების მოპოვებაც მას აშკარად არ სჭირდება, მისი პოპვარსკვლავი დედა ბრიტნი სპირსია. სოციალურ ქსელებში ის ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომლებშიც შვილის მუსიკალურ ნიჭს აქებს. 2025 წელს სპირსმა ინსტაგრამზე ჯეიდენის ორი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებშიც მისი საფორტეპიანო და რეპ უნარები ჩანს. ერთ-ერთ ვიდეოში ჯეიდენი ფორტეპიანოზე უცნობ კომპოზიციას უკრავს, როცა დედამისი მისაღებ ოთახში შედის და აღტაცებით ამბობს: „ეს სიგიჟეა!”
ჯეიდენმა, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში ოფიციალურად პირველად გაიარა პოდიუმზე პარიზის მოდის კვირეულზე, Vetements-ის 2027 წლის მამაკაცის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, ინტერვიუში თავის ინტერესებსა და საყვარელ საქმიანობებზე რამდენიმე საინტერესო დეტალი გააზიარა. ისაუბრა იმაზე, რომ Minecraft-ის თამაში ბავშვობას ახსენებს; რომ მისი ბოლო შენაძენი Nord Stage 4-ის სინთეზატორია, რომელზეც, ერთი სული აქვს, მუსიკა შექმნას და რომ მისი ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა bro არის.
ჯეიდენმა ისიც გააზიარა, რომ მუსიკას მაშინ მიმართავს, როცა სურს, თავი უკეთ იგრძნოს. „მუსიკის პროდიუსინგი ან ფორტეპიანოზე დაკვრა – საკუთარი თავის მუსიკით გამოხატვა ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო თერაპია იყო.”
როგორც პოპის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, ჯეიდენს, როგორც ჩანს, კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სხვებისთვის საკუთარი თავის თავდაჯერებულად წარმოჩენა. ის აღიარებს, რომ ხშირად თავს აჩვენებს, თითქოს „ყველაფერი გააზრებული აქვს“, თუმცა ისურვებდა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ ისეთი კითხვების დასმა, რომლებიც წინასწარ შექმნილ წარმოდგენებსა და ვარაუდებს ეფუძნება. „მირჩევნია, ადამიანებმა ჯერ გამიცნონ, ვიდრე ჩათვალონ, რომ უკვე იციან, როგორი ვარ,“ – ამბობს ის.
მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარები ჯეიდენმა მისი სხვა გატაცებიდანაც შეიძინა – ანიმე სერიალიდან Dragon Ball. ის აღნიშნავს, რო ახალგაზრდა მებრძოლი სონ გოკუ 13 წლიდან მისთვის ერთგვარი ჩრდილოეთის ვარსკვლავია. „გარკვეულწილად, ის ახლაც მისაბაძი მაგალთია, რადგან ყოველთვის მახსენებს, რომ ჩემი შესაძლებლობების ზღვარს უნდა გავცდე,” – ამბობს ჯეიდენი.
სპირსსა და ფედერლაინს, რომლებიც 2004-2008 წლებში იყვნენ დაქორწინებული, ჰყავთ უფროსი ვაჟიც – 21 წლის შონ პრესტონი. ძმასთან ერთად Vetements-ის ჩვენებაზე პოდიუმზე მიმდინარე წელს მანაც გაიარა.