„ლირიკულად Talib Kweli ვიქნებოდი“ – რეპერი, რომლის ოსტატობას თავად ჯეი ზი აღიარებს, თბილისში ჩამოდის

მუსიკოსი თბილისის ჰიპ-ჰოპის პირველი ფესტივალის ჰედლაინერი იქნება.

2003 წელს ჯეი ზიმ The Black Album-ში ჩაწერა სტრიქონი, რომელსაც დღემდე ციტირებენ: „უნარი რომ იყიდებოდეს, ლირიკულად Talib Kweli ვიქნებოდი”. ეს კომპლიმენტიც იყო და ერთგვარი დიაგნოზიც. ჰიპ-ჰოპის უმსხვილესი კომერციული ვარსკვლავი აღიარებდა, რომ არსებობს რეპერი, რომელიც უკეთ წერს, მაგრამ ნაკლებს ყიდის. Kweli ამ შეფასებას არასდროს გაქცევია. მისი მთელი კარიერა სწორედ იმის ძიებაა, თუ რას ნიშნავს, წერო უნაკლოდ ინდუსტრიაში, რომელიც სულ სხვა რამეს აფასებს. სწორედ Talib Kweli იქნება თბილისის პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალის ჰედლაინერი.

ბრუკლინი, წიგნის მაღაზია და სახელი

ტალიბ კვეილი გრინი 1975 წლის 3 ოქტომბერს ბრუკლინში დაიბადა. სახელი მშობლებმა მიზანმიმართულად შეურჩიეს: Talib არაბულად მაძიებელს, სტუდენტს ნიშნავს, Kweli სუაჰილიზე – სიმართლეს.

მისი ორივე მშობელი უნივერსიტეტის პროფესორია. ძმა ჯამალ გრინი კოლუმბიის უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალს სწავლობდა. ამ გარემოდან ჰიპ-ჰოპში მოსვლა კი, თავისთავად, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობდა.

ოთხმოცდაათიანების შუა ხანებში მუსიკოსი Nkiru Books-ში მუშაობდა – ნიუ-იორკის ერთ-ერთ უძველეს აფროამერიკულ წიგნის მაღაზიაში. 1998 წელს, როდესაც მაღაზია დახურვის პირას აღმოჩნდა, მან და Mos Def-მა (დღეს Yasiin Bey) ის გამოისყიდეს და საგანმანათლებლო ცენტრად აქციეს. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ბიოგრაფიული შტრიხი: ორმა ახალგაზრდა რეპერმა პირველი შემოსავალი წიგნებში ჩადეს, სანამ სადებიუტო ალბომს გამოსცემდნენ.

Black Star – ალბომი, რომელმაც ჟანრის ვექტორი შეცვალა

Mos Def & Talib Kweli Are Black Star 1998 წელს Rawkus Records-მა გამოუშვა. ჰიპ-ჰოპი მაშინ Bad Boy-სა და გლამურული „ბლინგის“ ეპოქას გადიოდა. ეს ჩანაწერი კი ჯაზურ სემპლებზე, DJ Hi-Tek-ის მშრალ დრამებსა და ორ მეგობარს შორის გახსნილ დიალოგზე იდგა. ტრეკი „Definition“ Boogie Down Productions-ის კლასიკურ მელოდიას იყენებდა და ძალადობის თემას უღრმავდებოდა იმ დროს, როცა ჟანრს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული Biggie-სა და Tupac-ის მკვლელობის ტრავმა. Respiration (Common-ის მონაწილეობით) კი სიმღერაზე მეტად ქალაქის სუნთქვაზე დაწერილი პოემა იყო.

ალბომს ჩარტები არ მოუგია, თუმცა მან საბოლოოდ გამოკვეთა conscious rap – ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობა, რომელიც აქცენტს ტექსტის სიღრმესა და სოციალურ პრობლემატიკაზე აკეთებს. 

მეორე ერთობლივ ალბომს მსმენელი ოცდაოთხი წელი ელოდა. No Fear of Time 2022 წელს გამოვიდა, Madlib-ის ექსკლუზიური პროდიუსირებით, მხოლოდ პოდკასტ-პლატფორმა Luminary-ზე. სტრიმინგ სერვისებზე ალბომი პრინციპულად არ განუთავსებიათ.

Reflection Eternal და სოლო კარიერა

Hi-Tek-თან ერთად შექმნილმა დუეტმა Reflection Eternal 2000 წელს Train of Thought გამოუშვა – ჩანაწერი, რომელსაც ბევრი Kweli-ს შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევს. The Blast და Move Somethin’ დღემდე ბუმ-ბეპ სეტების კლასიკად რჩება. დუეტის მეორე ალბომი Revolutions per Minute ათი წლის შემდეგ გამოვიდა.

2002 წლის Quality რეპერის პირველი სოლო ალბომია, რომელშიც გვხვდება საკვანძო ტრეკი Get By. სიმღერა მის შემოქმედებას ორ ეტაპად ყოფს. ბიტი ნინა სიმონეს Sinnerman-ის სემპლზე ახალგაზრდა კანიე უესტმა ააწყო, რომელიც იმ დროს მხოლოდ პროდიუსერი იყო. Kweli-მ ის ტურნეში წაიყვანა მანამ, სანამ The College Dropout გამოვიდოდა. მოგვიანებით კი უესტის სადებიუტო ალბომის ტრეკში “Get Em High” Kweli და Common სწორედ ამ მეგობრობის ნიშნად გამოჩნდნენ.

The Beautiful Struggle (2004) მეიჯორ-ლეიბლთან თანამშრომლობის პერიოდია: The Neptunes-ისა და Just Blaze-ის ბიტები, Mary J. Blige-ის ჰუკზე. Lonely People-ში The Beatles-ის Eleanor Rigby-ის სემპლი ისმის –  იმდროინდელი ჰიპ-ჰოპისთვის იშვიათი და ძვირადღირებული ნაბიჯი. კრიტიკამ ალბომი კომერციული კომპრომისების გამო დაიწუნა, თუმცა სწორედ ამ პერიოდში Kweli ფართო აუდიტორიამ გაიცნო.

2007 წლის Eardrum კი კომერციული პიკი აღმოჩნდა: ალბომმა Billboard 200-ში მეორე ადგილი დაიკავა. მოწვეულ არტისტთა სიამ კი ნათლად აჩვენა მისი სტატუსი ინდუსტრიაში: კანიე უესტი, როი ეიერსი (In the Mood), ჯასტინ ტიმბერლეიკი (The Nature), ნორა ჯონსი (Soon the New Day), UGK, KRS-One და will.i.am. ალბომი მისმა საკუთარმა ლეიბლმა, Blacksmith-მა გამოსცა Warner Bros.-ის დისტრიბუციით.

დამოუკიდებლობა, როგორც შემოქმედებითი მოდელი

Eardrum-ის შემდეგ Kweli მთავარ სისტემას საბოლოოდ ჩამოშორდა. 2011 წელს მან Javotti Media დააფუძნა, რომლის ეგიდითაც გამოვიდა Gutter Rainbows, Prisoner of Conscious, Gravitas და Radio Silence. 2013 წელს Gravitas პირდაპირ საკუთარი ვებგვერდიდან გაყიდა – სტრიმინგისა და ტრადიციული მაღაზიების გვერდის ავლით, ჯერ კიდევ Bandcamp-ის მასობრივ პოპულარობამდე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კოლაბორაციული ალბომები. Madlib-თან ერთად ჩაწერილი Liberation (2007) Stones Throw-ს საიტზე მხოლოდ ერთი კვირით განთავსდა უფასოდ და შემდეგ სამუდამოდ წაიშალა. Liberation 2 კი 2023 წელს კვლავ Luminary-ზე გამოვიდა. ამას მოჰყვა 9th Wonder-თან შექმნილი Indie 500 (2015), Diamond D-სთან ჩაწერილი Gotham (2020) და J. Rawls-თან ერთობლივი The Confidence of Knowing (2024). პროექტის Native Sons მეორე ნაწილში (2025) მან Black Thought-ს, Busta Rhymes-სა და De La Soul-ის Posdnuos-ს ერთ ტრეკში მოუყარა თავი.

პარალელურად კი, არსებობს Idle Warship – ექსპერიმენტული ელექტრონული პროექტი მომღერალ Res-თან ერთად, რომლის 2011 წლის ალბომმა Habits of the Heart დაამტკიცა, რომ Kweli-ს შესაძლებლობები კლასიკური ბუმ-ბაპის ფარგლებს სცდება.

საკვანძო კოლაბორაციები

Kweli-ს მოწვეული არტისტის სტატუსით ჩაწერილი ტრეკები ბოლო ოცდახუთი წლის ჰიპ-ჰოპის ერთგვარი რუკაა:

 ust to Get By (Remix) – ერთ ბიტზე თავმოყრილი Mos Def, ჯეი ზი, კანიე უესტი და Busta Rhymes;  Like That (Black Eyed Peas) –  ერთობლივი ნამუშევარი ჯონ ლეჯენდთან, Q-Tip-თან და სილო გრინთან; The Dreamer –  გამორჩეული კუპლეტი Anderson .Paak-ის ალბომიდან Malibu (2016); და Push Thru – კოლაბორაცია კენდრიკ ლამარსა და Curren$y-სთან (2012), რომელიც კენდრიკის საკულტო ალბომის, good kid, m.A.A.d city-ს გამოსვლისთანავე ჩაიწერა.

2005 წელს დეივ ჩეპელმა ბრუკლინში უფასო კონცერტი გამართა და დოკუმენტური ფილმი Dave Chappelle’s Block Party გადაიღო. Kweli, Mos Def, კანიე უესტი, Common, The Roots, ერიკა ბადუ და ლორინ ჰილი – ფილმი იმ ეპოქის ყველაზე ავთენტური დოკუმენტია, სადაც Kweli ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად გვევლინება.

კადრს მიღმა: აქტივიზმი და პოდკასტი

2014 წელს, ფერგიუსონის პროტესტების დროს, Kweli ქუჩაში იდგა და CNN-ის პირდაპირ ეთერში Don Lemon-ს ეკამათებოდა მედიის მხრიდან პროცესების მიკერძოებულ გაშუქებაზე. ეს ეპიზოდი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მისი აქტივიზმი რითმებს მიღმაც გრძელდება.

2021 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი Vibrate Higher: A Rap Story, ხოლო საავტორო პოდკასტში People’s Party, წლებია, ჟანრის პიონერებს ესაუბრება – ხშირად უფრო სიღრმისეულად, ვიდრე ამას მუსიკალური მედია ახერხებს.

დღეს სცენაზე ის ხშირად DJ-ის ამპლუაშიც დგას: Serato-ს აპარატურით თავად ატრიალებს ვინილის კლასიკურ სემპლებს, საკუთარ კატალოგს და პარალელურად ლაივრეპს ასრულებს. ეს არ არის მარტივი გზა – ეს იმ ადამიანის ხელწერაა, ვისთვისაც ჰიპ-ჰოპი არა მხოლოდ რეპი, არამედ მთლიანი კულტურაა.

17 ოქტომბერს Talib Kweli Factory Tbilisi-ში, თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის ფარგლებში წარდგება. თბილისს ეწვევა რეპერი, რომელსაც ჯეი ზიმ უბადლო ლირიკოსი უწოდა, კანი უესტმა პირველი ჰიტი დაუწერა, Madlib-მა ორი ალბომი შეუქმნა და რომელიც ამ აღიარების მიუხედავად, უკვე მეოთხედი საუკუნეა უცვლელ კითხვას სვამს: ვისთვის ვწერთ და რატომ?!

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

შემდეგი სტატია

ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაიტი ტრამპს „ყველა დროის ყველაზე ცუდ ამერიკელს” უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი