Zukn’So თბილისური მუსიკალური დუეტია, რომლის შემადგენლობაშიც გიტარისტი ზუკა სიმონიშვილი და დრამერი სოსო ცაგარეიშვილი არიან. დუეტმა მსმენელს პირველი ქავერი – „ყაყაჩო“ წარუდგინა, რომელშიც ვოკალურ პარტიას ქეთათო ნერგაძე ასრულებს.
სიმღერის ორიგინალური ვერსიის მუსიკის ავტორი და კომპოზიტორი თენგიზ ჩოჩუაა, ტექსტი კი ოთარ მამფორიას ეკუთვნის. ახალი ვერსიის ავტორები ზუკა სიმონიშვილი და სოსო ცაგარეიშვილი არიან. სიმღერის მიქსინგსა და მასტერინგზე კი ზუკა სიმონიშვილმა იზრუნა.
დუეტის წევრების თქმით, „ყაყაჩოს“ არჩევა, პირველ რიგში, სიმღერისადმი პირადმა დამოკიდებულებამ განაპირობა:
„პირველ რიგში, ეს სიმღერა თავისი სილაღითა და სიმარტივით მოგვეწონა. სწორედ ამ სიმარტივეში დავინახეთ ის მრავალფეროვნება და მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, რამაც სტრუქტურისა და ჰარმონიის ახლებურად განვითარების საშუალება მოგვცა.“ – Zuk n’ Sos.
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის ბოლოს დუეტმა ექვსი კომპოზიციისგან შემდგარი EP, სახელწოდებით Dreamcatcher გამოსცა. სადებიუტო ქავერი კი მათ შემოქმედებაში კიდევ ერთი ახალი ნაბიჯია.
მოუსმინეთ Zuk n’ So-ს ქავერს – „ყაყაჩო“: