7 ოქტომბერს Factory Tbilisi-ს მულტიფუნქციური სივრცე თბილისში პირველ Tbilisi Hip-Hop Festival-ს უმასპინძლებს. ფესტივალი ურბანული კულტურის სხვადასხვა ფორმას – მუსიკას, ქუჩის ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას გააერთიანებს.
ფესტივალის დაანონსების შემდეგ ლაინაფს ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული არტისტები – Tashyo და Sabana შეემატნენ. მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა. მათ შორის აღსანიშნავია ტრეკი – „Taifun“, რომელიც 2026 წლის მაისში ლეიბლ ONEONEWORLD-ზე გამოვიდა და მალევე ზაფხულის ჰიპ-ჰოპ ჰიტად იქცა. ONEONEWORLD 2025 წელს საბანამ დააფუძნა და ლეიბლმა არაერთი არტისტის კოლაბორაცია წარუდგინა მსმენელს.
Tashyo და Sabana „Taifun“-ის თანარეჟისორებიც არიან, ტრეკის შექმნის ისტორია კი კარგად აჩვენებს იმ შემოქმედებით სინქრონს, რომელიც ამ არტისტებს შორის არსებობს:
„ტრეკი შეიქმნა სპონტანურად. მე და ტაშიო მივედით სტუდიაში და დანარჩენებს ველოდებოდით, დაგეგმილი გვქონდა მუშაობა საერთოდ სხვა ტრეკზე. სანამ მოვიდოდნენ, ტაშიომ მთხოვა, გუშინ რომ ბიტს აკეთებდი, ჩამირთეო და ჩაწერა მისამღერი. როცა სტუდიაში ყველა შევიკრიბეთ, აღარც ვიმუშავეთ დაგეგმილ ტრეკზე და მთლიანად მივყევით „Freestyle magic”-ს,“ – იხსენებს საბანა Billboard Georgia-სთან საუბრისას.
„Taifun“-ის გამოშვებას მოჰყვა ლაივები სხვადასხვა სივრცეში, ხოლო tashyo-სა და sabana-ს კოლაბორაციული პერფორმანსები ქართული ჰიპ-ჰოპის ანდერგრაუნდ სცენის მსმენელისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებად იქცა.
ამჯერად საბანა და ტაშიო თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის საერთო ენერგეტიკას უერთდებიან. მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მათ ლაივს მოუსმინოს სივრცეში, სადაც ჰიპ-ჰოპ კულტურის ყველა მიმართულებას თავისი უნიკალური ადგილი ეთმობა.
საბანასა და ტაშიოსთან ერთად, საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობენ ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემსრულებლები TAHA, Kay G და Mush One. ფესტივალის საერთაშორისო ჰედლაინერები კი Talib Kweli და FLOHIO არიან. Talib Kweli არის არტისტი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში სოციალური ჰიპ-ჰოპის მთავარ ფიგურად მიიჩნევა. ის ცნობილია Mos Def-თან საკულტო პროექტით Black Star. FLOHIO კი სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელია, რომელიც გრაიმს, რეპსა და ელექტრონულ მუსიკას ერთ ჟღერადობად გარდაქმნის.