მუსიკოსმა და მწერალმა ზურა ჯიშკარიანმა მუსიკალური პროექტით – DillaNext – ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით Funk of 93 და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა.
ვიდეო ვაზიანშია გადაღებული. როგორც თავად ავტორი წერს, ნამუშევარი ეძღვნება „90-იანი წლების ქართული დისკურსიდან გამქრალ პერსპექტივებს – ველურ ბავშვებსა და ლტოლვილებს“.
ვიდეოში მონაწილე ბავშვები ვაზიანის ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. შემოდგომაზე ნამუშევრის სპეციალური ჩვენება სწორედ ვაზიანში მოეწყობა.
„ქაოსი, დანგრეული ყოველდღიურობა, უკანონობა და უცნაური თავისუფლება, რომელიც არასდროს გითხოვიათ (ბატაისეული სუვერენიტეტისა და საბოლოო დანაკარგის მსგავსი გაელვებებით) – არც მხოლოდ 90-იანების საქართველოს კუთვნილებაა და არც უსაფრთხოდ წარსულში ჩარჩენილი ისტორია. ეს დღევანდელი რეალობაა ბავშვებისთვის ღაზას სექტორიდან უკრაინამდე, მუმბაის გარეუბნებიდან ყოფილი „მეორე სამყაროს“ ქალაქებამდე და მთელ მსოფლიოში.
ვიდეო ვაზიანში გადავიღეთ – თბილისთან ახლოს მდებარე პატარა, სიღარიბეში მცხოვრებ დასახლებაში. პატარა მსახიობები ადგილობრივი ბავშვები არიან (ამ შემოდგომაზე კლიპს მათსავე ქალაქში ვუჩვენებთ).
ეს ისტორიები იდენტური არ არის, თუმცა კატასტროფის ეს კულტურა ატარებს განცდებსა და სამყაროს აღქმის ისეთ წესს, რომელსაც ყველა იცნობს, ვისაც ეს ერთხელ მაინც გამოუვლია. ჩვენ მათ პატივს ვცემთ და მათთვის ვლოცულობთ,“ – წერს ზურა ჯიშკარიანი (DillaNext) სოციალურ ქსელში.
Funk of 93 უკვე ხელმისაწვდომია ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე.